Accessibility links

logo-print

რაგბი და საქართველოს დღეები ლონდონში


საქართველოს დღეები ლონდონში

საქართველოს დღეები ლონდონში

ლონდონში მცხოვრები ქართველებისთვის რაგბში მსოფლიო თასის გათამაშება სიმღერით და ცეკვით დაიწყო. ლონდონ ბრიჯზე, საუთვარკის ტაძრის წინ, საქართველოს დღეები მიმდინარეობს. მაყალზე აშიშხინებული მწვადის სუნი, ამოზელილი ლობიო, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ქართული ღვინო ტურისტულ უბანში გამვლელთა ყურადღებას იქცევს. იქვე მოწყობილ კარვებში საქართველოს შესახებ წიგნები და საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება. ანსამბლ „შვიდკაცას“ შესრულებით ქართული ხალხური სიმღერები ისმის.

სიმღერას ცეკვა მოჰყვა. ქართული ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლებმა შეკრებილ მაყურებელს აპლოდისმენტები მოსწყვიტეს. მოედანზე მოსულ სტუმრებს განსაკუთრებით ცეკვა მთიულური მოეწონათ. ბრიტანელები ცდილობდნენ ქართულ ჰანგებს აჰყოლოდნენ. ლონდონში მცხოვრები ქართველები მათ ქართული კულტურის შესახებ უამბობდნენ. მირზა ნაფეტვარიძე 13 წელია ბრიტანეთში ცხოვრობს. მოედანზე მეგობრებთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ქართული სიმღერა და ცეკვა ენატრება. შაბათს იგი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საგულშემატკივროდ სტადიონზე წავა.

თამთა კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და ხელოვნება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს და მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს შესახებ.

საქართველოს კულტურის დღეების პროგრამაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, ქართული სამზარეულოს გარდა, ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილი რამიშვილის“ და ანსამბლ „შვიდკაცას“ გამოსვლები შედის. „შვიდკაცას“ მენეჯერი გიორგი ლომთათიძე ამბობს, რომ ამ ღონისძიებას ორი მიზანი აქვს: ქართველ მორაგბეთა ნაკრების გამხნევება და ქართული კულტურის გაცნობა ლონდონელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის.

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი აცხადებს, რომ დიდი ხანია ანსამბლი ბრიტანეთში არ ყოფილა და, სპორტსმენების მხარდაჭერის გარდა, ლონდონის მაყურებელს ახალ პროგრამას უჩვენებენ.

ლონდონში საქართველოს დღეების ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგი რურუა ამბობს, რომ ასეთი ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და საქართველოდან მოწვეული ანსამბლების მეშვეობით ორგანიზაცია ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა.

19 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე პირველ მატჩს ტონგას ნაკრებთან გამართავს. ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების ნაწილი საგულშემატკივროდ სტადიონზე წავა, ნაწილი კი ისევ საუთვარკის ტაძრის წინ, მოედანზე შეიკრიბება და თამაშის მიმდინარეობას მონიტორის მეშვეობით მიადევნებს თვალს.

რეპორტიორის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR)-ის მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG