Accessibility links

logo-print
16 თებერვალს, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მეორე რიგგარეშე ყრილობაზე, რომელსაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მასპინძლობდა, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. პარტიას არ ეყოლება ცალკე თავმჯდომარე და ის 21-წევრიანი პოლიტსაბჭოს მმართველობას დაექვემდებარება. კოჰაბიტაციის პროცესი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და შიდაპარტიული დაპირისპირება - ასეთი იყო ყრილობაზე გამომსვლელთა მთავარი აქცენტები.

”საზოგადოებამ სწორედ იმიტომ დაგვიჭირა მხარი, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო ამ ქვეყანაში” - ამ სიტყვებით მიმართა ყრილობაზე დამსწრე 1681 დელეგატსა და 500-ზე მეტ სტუმარს პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ და აწ უკვე პოლიტსაბჭოს წევრმა - მანანა კობახიძემ. ის ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენას ხელს ვერც ძველი და ახალი ხელისუფლების თანაცხოვრების მცდელობა შეუშლის და ვერც შერჩევით სამართალზე ლაპარაკი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან:

”რა პოლიტიკურ მოტივზე შეიძლება აპელირებდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულებს და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ე.წ. კოჰაბიტაციის გამო ვინმეს ვაპატიოთ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა და თანამდებობების ბოროტად გამოყენება, საკუთრების ხელყოფა, ბიზნესის წართმევა. ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება ჩვენს ქვეყანაში”.

მანანა კობახიძემ გაიხსენა უმწვავესი პრობლემები, რაც საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას” თუ პარტია ”ქართულ ოცნებას” შეუქმნა ძველმა ხელისუფლებამ - როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. პრობლემების გადალახვას, წარმატებული გზით სიარულსა და არჩევნებში კოალიციის გამარჯვებას ის, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად მიიჩნევს. ეს და მსგავსი შეფასებები 16 თებერვალს მხურვალე ტაშით არაერთხელ დააჯილდოეს ყრილობის დელეგატებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დარწმუნებულია, რომ, სამართლიანობის აღდგენის გარდა, მმართველი პოლიტიკური ძალა აუცილებლად შეასრულებს ყველა თავის წინასაარჩევნო დაპირებას და რომ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ძლიერ პარტიად ჩამოყალიბდება ერთიანი კოალიციის ფარგლებში.

2012 წლის გაზაფხულზე დაფუძნებული პარტია, რომელსაც ამ ეტაპზე ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოს 62 მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში აქვს გახსნილი და კოალიციის 83 დეპუტატს შორის პარლამენტში 45 მანდატი სწორედ მის სათვალავზე მოდის, ახლებურად დამკვიდრებასა და გაძლიერებას ცდილობს. თუმცა გავიხსენოთ, რომ ეს მიზანი ზოგიერთ რეგიონში ხმაურიანი კონფლიქტების, ხოლო კოალიციაში შემავალ ძალებს შორის ერთგვარი დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ”ჩანერგილებზე” არაფერი უთქვამს, მაგრამ ქიშპობაზე - და, მათ შორის, შიდაპარტიულზეც - ყურადღება ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც გაამახვილა. მისი თქმით, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” არასოდეს გაიზიარებს 20 წლის მანძილზე სხვადასხვა პარტიაში დამკვიდრებულ წესს და ვერასოდეს მოითმენს გამდიდრების მსურველ მედროვეებსა და მიტმასნილებს:

”იმას, რაც ბოლო პერიოდში პარტიის ზოგიერთ რეგიონალურ სტრუქტურაში მოხდა, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. ყველამ კარგად იცით, რეგიონებში რამდენი ადამიანი გაწევრიანდა პარტიაში და, მათ შორის, რამდენი აღმოჩნდა თანამდებობისა და ხელმძღვანელობის მსურველი. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. გარწმუნებთ, ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს და ვერც ხელმძღვანელ პოსტებზე მოხვდებიან ძალაუფლების მოპოვების ჟინით შეპყრობილი ადამიანები. ურთიერთქიშპით მხოლოდ კნინდება და სახელი უტყდება ჩვენს პარტიას”.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობასაც. მართალია, მას არ უკვირს, რომ 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ღირდსებააყრილი ადამიანები პროტესტის გამოსახატავად შეგროვდნენ, მაგრამ ის გმობს ძალადობასთან ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლას და ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ კანონის უზენაესობას შეუძლია. მისი დაპირების მიხედვით, სწორედ კანონის წინაშე აგებს პასუხს ყველა დამნაშავე.

თემებიდან, რომლებთან მიმართებითაც ახალ ხელისუფლებას ძველი ხშირად აკრიტიკებს, ერთ-ერთი გამოკვეთილი თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდება. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ცდილობს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, ძველი ხელისუფლება ხალხის არჩევანს ისაკუთრებს:

”ტყუილია, რომ ევროპული არჩევანი ”ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილებაა, რასაც იჩემებენ რატომღაც დაჟინებით. ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას. იცით, რომ ახლა კონსტიტუციაში უნდათ შეიტანონ ასეთი ჩანაწერი, რომ არასოდეს არ გადავუხვიოთ ევროპის გეზიდან და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი. ღია კარებს ამტვრევენ. ფიქრობენ, რომ ეს მათ მოიგონეს და ახლა უნდათ, როგორმე ჩანაწერი გააკეთონ, რომ ჩვენ ხიფათს არ გადავეყაროთ და ”ქართული ოცნება” გზიდან არ აცდეს. მგონი, ცოტა სასაცილოა...”

სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობის კონტექსტში გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს საგანგებო მხარდაჭერისთვის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არ გაძნელდება კულტურული და ეკონომიკური კავშირების აღდგენა და რომ ქართული პროდუქცია მალე შევა რუსეთის ბაზარზე. ”ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სამართლიანი, მშვიდობიანი და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა”, - ამბობს პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიმზიდველობამ უნდა შემოატრიალოს დანარჩენი საქართველოსკენ ”აფხაზი და ოსი ძმები”.

16 თებერვალს, მეორე რიგგარეშე ყრილობაზე, დელეგატებმა კენჭისყრის გზით აირჩიეს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს ახალი, 21-წევრიანი, შემადგენლობა. მმართველი ორგანოს შემადგენლობაში შედიან: მანანა კობახიძე, ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დავით ფაცაცია, ირაკლი ჟორჟოლიანი, ალი ბაბაევი, უჩა მამაცაშვილი, გივი ჭიჭინაძე და დავით საგანელიძე.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG