Accessibility links

logo-print
პროკურატურამ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, 1000 ლარის ფარგლებში ოცნებების ასრულებას ჰპირდებოდნენ. გარდა ამისა, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეული ათასობით სატელიტური ანტენის დარიგების გამოც ედავება. კონტროლის პალატა ასევე დაინტერესდა მმართველი პარტიის წევრი დეპუტატის ამომრჩევლებთან ურთიერთობის კანონიერებით.
აქ რომ ჩაწერონ „ლამბორჯინი“ მინდა ან ვილაო, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ თუ უჭირს ვინმეს და სარეცხი მანქანა არ აქვს, პრობლემა არ იქნება ...

„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კანონის დარღვევის ნიშნების შემცველი განცხადებები 5 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთეს. მიხეილ მესხი ქუთაისელებს საარჩევნო ფლაერებს ურიგებდა და თან დართულ ბლანკებში ოცნებების ჩაწერას ურჩევდა:

„აქ რომ ჩაწერონ „ლამბორჯინი“ მინდა ან ვილაო, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ თუ უჭირს ვინმეს და სარეცხი მანქანა არ აქვს, პრობლემა არ იქნება. თანაც არჩევნებამდე, რასაკვირველია.“

სწორედ ამ განცხადების ეთერში გასვლის შემდეგ მიმართა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურას მოკვლევის დაწყების მოთხოვნით. მიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააპატიმრა. ფრაგმენტი პროკურატურის განცხადებიდან:

"აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისთვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 16-41-ე მუხლით).
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული პირები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.“

თუმცა დაკითხვაზე შესვლის წინ მიხეილ მესხმა თქვა, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის სახელით არავის არაფერს დაჰპირებია:

„ხელისუფლების მხარდამჭერები მლანძღავდნენ და ჩემი ყურადღება იყო იქით გადართული. ჩემი გადაღლილობის, დაბნეულობისა და სისულელის გამო მოხდა ეს ყველაფერი.“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ამტკიცებდნენ, რომ მხარდამჭერების ოცნებებს საზოგადოებრვი აზრის შესწავლის მიზნით აგროვებენ. გუბაზ სანიკიძე იმასაც შენიშნავს, რომ ძალიან ცოტა ამომრჩეველი ოცნებობს საყოფაცხოვრებო ნივთებზე:

საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგებისა და 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეღავათიანი მომსახურების გაწევის ფაქტებს ...

„ეს არის ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ადამიანებთან ხდება კონტაქტი. გვაინტერესებს, რაზე ოცნებობს და რა უნდათ ჩვენს მოქალაქეებს. სხვათა შორის, უმეტესობა, თითქმის 80 პროცენტი, ითხოვს სამართლებრივ სახელმწიფოსა და ერთიან საქართველოს.“

თუმცა „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს მხოლოდ ოცნებების უკანონო ასრულების გამო როდი ედავებიან. 7 ივნისს კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და სასამართლოს მიმართა. კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნატო ზაალიშვილის თქმით, დარღვევები გამოვლინდა "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხში:

„საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგებისა და 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეღავათიანი მომსახურების გაწევის ფაქტებს. საქმეში მოძიებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. შესაბამისად, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად დღეს გადაეგზავნა სასამართლოს.“

სასამართლოში სამართლის პოვნის იმედი არ აქვს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს არჩილ კბილაშვილს.

„ყველა ტრანზაქცია შესრულებულია ოფიციალურად, ყველა მომსახურების საფასური გადახდილია რეალური საბაზრო ღირებულებით. ამიტომ ეჭვის არც ერთი პროცენტი არ არსებობს, რომ მოხდა შეღავათიან ფასში რამე სახის მომსახურების მიწოდება. აქედან გამომდინარე, იურიდიულად ჩვენ არაფერი არ გვაღელვებს და ობიექტური სასამართლოს პირობებში კონტროლის პალატის ეს მოსაზრება, რომ 1 მილიონი ლარი არის აცდენა, იქნებოდა უარყოფილი“, უთხრა არჩილ კბილაშვილმა რადიო თავისუფლებას.

იყო ცნობა, რომ ასეთი სუფრები დავით ბეჟუაშვილის სახელით სხვა სოფლებშიც იშლება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ...

არჩილ კბილაშვილის ვარაუდით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილს 5 მილიონი ლარით დააჯარიმებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება 27 მაისის მასშტაბური აქციის საპასუხო ნაბიჯებს დგამს, თუმცა კონტროლის პალატაში ამგვარ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. სხვათა შორის, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მმართველი პარტიის წევრისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის საქმიანობითაც დაინტერესდა. საქმე ისაა, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინფო ცხრამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი რელიგიურ დღესასწაულზე რამდენიმე სასულიერო პირსა და სოფელ ასერეთის მცხოვრებლებს მდიდრულად გაუმასპინძლდა.

დეპუტატის ამომრჩევლებთან ურთიერთობის კანონიერებაში ეჭვი ეპარება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროს ანალიტიკოსს ლევან ნატროშვილს, რომელმაც შესაბამისი მიმართვა კონტროლის პალატასა და პროკურატურას გაუგზავნა:

„იყო ცნობა, რომ ასეთი სუფრები დავით ბეჟუაშვილის სახელით სხვა სოფლებშიც იშლება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.“

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ასევე მიმართავს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეისწავლოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების რესტორან "მონოპოლში" და "ტრიუმფში" მედიცინის მუშაკებთან შეხვედრის ფაქტი, რასაც მიმდინარე წლის 28 მაისს ჰქონდა ადგილი. განცხადების მიხედვით, საკვებზე გაწეული ხარჯი ვერ განიხილება როგორც პარტიის ლეგალური ხარჯი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG