Accessibility links

logo-print
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ თავი იჩინა დაპირისპირებამ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე, „თავისუფალ დემოკრატებს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონფერენციების ჩაშლასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს. დავით საგანელიძის ეჭვებს იზიარებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ასევე ირკვევა, რომ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებმა გადაიფიქრეს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ შერწყმა, რაც 16 თებერვლისთვის დანიშნულ პარტიის ყრილობამდე უნდა დასრულებულიყო. რამდენად ერთიანი და კონსოლიდირებულია კოალიცია „ქართული ოცნება“?

ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 16 თებერვლისათვის დანიშნულ ყრილობამდე დამფუძნებელი კონფერენციების ჩატარებას ცდილობს რეგიონებში, თუმცა ხშირ შემთხვევაში, როგორც დავით საგანელიძე ამბობს, კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების აქტივისტთა ძალისხმევით ღონისძიებები იშლება:
საგანელიძემ ამოიცნო ორი პიროვნება: ერთი იყო აბაშაში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლობის უფროსი, მეორე - მისი მოადგილე და კიდევ იყვნენ სხვები ...

„რა დავარქვა ამას? ეს არის ბრძოლა იმ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ამას გრძნობენ! და დღეს, სადაც გასდით, ცდილობენ იქ გაიტანონ!“

დავით საგანელიძის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ 31 იანვარს აბაშიდან თბილისში ჩამოსული „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აპროტესტებდნენ რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევას. საგანელიძე მიიჩნევს, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ მრავლად არიან ჩანერგილი ყოფილი ხელისუფლების აგენტები, რომლებიც კოალიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობენ. დავით საგანელიძის ამ მოსაზრებას იზიარებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„საგანელიძემ ამოიცნო ორი პიროვნება: ერთი იყო აბაშაში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლობის უფროსი, მეორე - მისი მოადგილე და კიდევ იყვნენ სხვები, რომელთა შორის ერთიც კი არ იყო ჩვენი წარმომადგენელი. ეს არის ინსპირირებული ხელოვნურად „ნაციონალური მოძრაობისგან“. სასაცილოა, ჩვენ არ გვაქვს უფლება საკუთარ პარტიაში ავირჩიოთ ხელმძღვანელები“.

პასუხად, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა დავით საგანელიძეს საჯარო განცხადების გამო უსაყვედურეს, თუმცა ზურაბ აბაშიძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ შეისწავლიან რეგიონალურ ორგანიზაციათა წევრების ქმედებებს და თუ ბრალდება დადასტურდა, შესაბამის ზომებსაც მიიღებენ. 31 იანვარს კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამაც:

„ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი. ხელოვნურად ხდება ადგილობრივი კონფერენციების ჩაშლა. მე პირადად ვხედავ ასეთ გამოსავალს, რომ აუცილებელია წინასწარ დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ... და, საერთოდ, ჯობია ასეთი საკითხები კოალიციის შიგნით განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, ვიდებატოთ და ასე გადავწყვიტოთ. მინდა გითხრათ, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის!“
ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყრილობა უნდა ჩაატაროს დამოუკიდებლად, შექმნას თავისი პარტიული ორგანიზაციები და გააძლიეროს ისინი. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ...

კოალიციაში სერიოზული დაპირისპირების არსებობას გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, კოალიციას, რომლის წიაღშიც მიმდინარეობს დაწმენდის პროცესი, ამ ეტაპზე სისტემური პრობლემები არ გააჩნია.

„ეს, ალბათ, უფრო არის „თავისუფალი დემოკრატების“ შიდაპარტიული პრობლემა ან დისციპლინური, ან მართლა ვიღაც ისეთი ხალხია შეგზავნილი, რომლებიც ასეთ უცნაურ ქმედებებს სჩადიან. ასე რომ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უნდა მიიღონ ეს შენიშვნა და დაალაგონ პარტიის შიგნით ვითარება. ბუნებრივია, ვიღაც გვერდიდან ცდილობს ბზარები გააჩინოს, მაგრამ კოალიციამ ამის პრევენცია უნდა მოახდინოს ყოველდღიურად. მე მგონი, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მუშაპროცესია და სისტემურ პრობლემებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა, რომელიც კოალიციის მდგრადობას ასევე არ უკავშირებს „ეროვნული ფორუმისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ შერწყმის პროცესის ჩაშლას, რაც 31 იანვარს ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დაადასტურა.

სანიკიძის თქმით, ასევე გადაწყვეტილია ფორუმის წევრი დეპუტატების მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნა. ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანი მიროტაძის თქმით, პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ მათი მხრიდან კოალიციის ერთიანობას საფრთხე ემუქრება. მიროტაძის თქმით, ორი მსხვილი პარტიის გაერთიანებით სხვა პოლიტიკური სუბიექტები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.

„ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყრილობა უნდა ჩაატაროს დამოუკიდებლად, შექმნას თავისი პარტიული ორგანიზაციები და გააძლიეროს ისინი. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მჭიდროდ, როგორც აქამდე ვთანამშრომლობდით კოალიციურ რეჟიმში. რაც შეეხება კოალიციაში ბზარს, ეს ე.წ. „კეთილმოსურნეების“ მიერ გაღვივებული თემაა და არაფერი მსგავსი კოალიციაში არ ხდება. მიხედონ თავიანთ პოლიტიკურ სუბიექტებს“, უთხრა ანი მიროტაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG