Accessibility links

logo-print

არჩევნები და ეკონომიკის ზრდა ერთად


იუსტიციის სახლის მშენებლობა თბილისში

იუსტიციის სახლის მშენებლობა თბილისში

კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების მიუხედავად, ხელისუფლება ირწმუნება, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შარშანდელზე მეტია და ეკონომიკა ნავარაუდევზე მეტადაც იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012 წლის პირველ კვარტალში გაორმაგდა, ხოლო ეკონომიკის ზრდამ თითქმის 7 პროცენტი შეადგინა. რა განაპირობებს ეკონომიკური მაჩვენებლების ასეთ ზრდას მსოფლიოს ეკონომიკის შენელებისა და წინასაარჩევნო ბატალიების პერიოდში?

მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს რთული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკის შენელების ტენდენციაა, საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენცია შეიმჩნევა. მიუხედავად წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა ნავარაუდევზე მაღალია. ამის შესახებ მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ისაუბრა:

საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაიზარდა 6.8 პროცენტით. დელფატორმა შეადგინა 1.7 პროცენტი. ფასების ცვლილება ქვეყანაში, საერთო დონით, არის 1.7 პროცენტი ...
„პირველი ხუთი თვის მონაცემებით, იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 %-ით. ექსპორტი გაზრდილია 12-13 %-ით, ხოლო იმპორტი - 21-22 %-ით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, ა/წ პირველი კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვარტალი იყო ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. პირველ კვარტალში საქართველოში 270 მლნ დოლარი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინცვესტიციების სახით.“

პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული აქტივობის მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე აისახება. ამის შესახებ გასულ კვირაში რამდენჯერმე ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა ზაზა ჭელიძემ:

„პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაიზარდა 6.8 პროცენტით. დელფატორმა შეადგინა 1.7 პროცენტი. ფასების ცვლილება ქვეყანაში, საერთო დონით, არის 1.7 პროცენტი, გასულ წელთან შედარებით. ხოლო რაც შეეხება 5 თვის წინასწარ შეფასებებს, მისმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7 პროცენტი საქართველოში. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, წელს არის მაღალი ზრდა. მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში კიდევ უფრო მაღალი ზრდა იქნება.“

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების ზრდის ძირითად მიზეზად ექსპერტების ნაწილი ინვესტიციების ზრდას ასახელებს. მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ეს კი გარკვეული საფრთხის შემცველიც კი არის, განსაკუთრებით საარჩევნო წელს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.

რეალურად რომ ვთქვათ, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტირებაა და, ფაქტობრივად, ამ პერიოდში უცხოელები აკეთებენ საქართველოში ინვესტირებას, რაც საკმაოდ კარგი გზავნილია ...

„ინვესტორები ელოდებიან მაინც უმეტეს შემთხვევაში არჩევნების შედეგებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ ჩვენ შემოდგომისთვის, წინა წლის კვარტალთან შედარებით და სხვა წინა კვარტალებთან შედარებით, არ უნდა ველოდოთ მაღალ საინვესტიციო ზრდას. შეიძლება კლებაც იყოს. პირველი კვარტალი, წინა წლის კვარტალთან შედარებით, აქტიურობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს აქტივობა მალევე შენელდება. “

მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძეც. მისი განცხადებით, საარჩევნო ციკლი ზოგიერთ ბიზნესმენს მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ინვესტორი გაჩერდება. გიორგი ისაკაძე ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული ორი მსხვილი ინვესტიციის მაგალითზე საუბრობს. ლაპარაკია კომპანია „მადნეულისა“ და „ბაზისბანკის“ ახალი ინვესტორების ხელში გადასვლის შესახებ:

„რეალურად რომ ვთქვათ, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტირებაა და, ფაქტობრივად, ამ პერიოდში უცხოელები აკეთებენ საქართველოში ინვესტირებას, რაც საკმაოდ კარგი გზავნილია საიმისოდ, რომ წინასაარჩევნო წელია საქართველოში, საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო. ფაქტია, რომ ტურბულენტობა მათზე იმდენად არ მოქმედებს, როგორც შეიძლება იმოქმედოს ქართველ ბიზნესმენებზე. თუმცა მგონია, რომ იქაც იქნებიან საკმაოდ წარმატებული გამონაკლისები.“

გიორგი ისაკაძის პროგნოზი რომ საფუძველს მოკლებული არ არის, ეს „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა მიმდინარე კვირაში დაადასტურა. საბანკო ბაზრის ლიდერი საარჩევნო წელს ბიზნესისთვის რეალურ ხელისშემშლელ ფაქტორებს ვერ ხედავს. ირაკლი გილაურის განცხადებით, ბიზნესი აქტიურია და არ ჩანს, რომ საარჩევნო პროცესებმა ის შეიძლება შეაფერხოს. განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

”საქართველოს ბანკი”

”საქართველოს ბანკი”

„ნებისმიერი საარჩევნო წელი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, - იგულისხმება, რომ ეს არის ქვეყანა პროსაბჭოთა სივრციდან, ეს არის ქვეყანა,რომელმაც მნიშვნელოვანი კატაკლიზმები გადაიტანა უკანასკნელი წლების განმავლობაში, - ნებისმიერი საარჩევნო წელი გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ რყევებს, ამიტომ ამას გავლენა მაინც ექნება. ამის დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია, იმიტომ რომ შეუძლებელია იფიქრო, თუ რა იქნებოდა, რომ არა საარჩევნო წელი. მიუხედავად ამ გავლენისა, მაჩვენებელი მაინც კარგია. “

ჯაფარიძისვე თქმით, მოსალოდნელი პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის მაინც აქვს მიმზიდველობა, განსაკუთრებით ევროკავშირის ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ამით აიხსნება შარშანდელთან შედარებით ინვესტიციების ზრდის დინამიკაც. მაგრამ, ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ევროკავშირისა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული, 3600 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ექსპერტული გაანგარიშებით, თუ საქართველომ ეკონომიკური ზრდა იმ ტემპით გააგრძელა, როგორიც ახლა შეინიშნებ,ა ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ მიაღწევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG