Accessibility links

საქართველოში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა: 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები“ - ასე ჰქვია ვრცელ ნაშრომს, რომელიც მოიცავს 2012 წლის ეკონომიკური მოვლენებისა და 2013 წლის ძირითადი გამოწვევების ანალიზსა და რეკომენდაციებს. ანგარიშში მთავარ თემად წარმოდგენილია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები, რაც, კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. ცენტრის პროგრამების მენეჯერის ირინა გურულის თქმით, 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს პირდაპირი უცხური ინვესტიციების მოცულობა 23%-ით შემცირდა, ანუ 2011 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2012 წელს - 865 მილიონი. ასევე იკლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა:

„2012 წლისთვის 1%-იანი კლება იყო, ანუ ეკონომიკის ზრდამ 6,1% შეადგინა. რაც შეეხება 2013 წლის პროგნოზსს, რეალური ზრდის კიდევ უფრო შენელებაა ნავარაუდები, დაახლოებით 5,5%-მდე. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდამ 1,7% შეადგინა, რაც 5%-იანი კლებაა, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რეცესიის გაგრძელების მაჩვენებელი“.

ბიუჯეტი უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა და არა პირიქით...
ირინა გურულის თქმით, ეკონომიკის შემცირების ფონზე საგანგაშოა ბიუჯეტის დაგეგმვა არა ეკონომიკური მიზანშეწონილობის, არამედ წინასაარჩევნო დაპირებების შესაბამისად. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, სწორედ ამ ვითარების გამოძახილია ის, რომ სოციალური ხარჯები მთლიანი ბიუჯეტის 44%-ს შეადგენს.

„ბიუჯეტი უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა და არა პირიქით. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ანუ უთანასწორობის დაძლევის გზით ეკონომიკური ზრდა არ მიიღწევა“, უთხრა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი გარემოებაა ისიც, რომ ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 25%-ზე მაღალია. ფრაგმენტი კვლევიდან:

„თეორიისა და ემპირიული ლიტერატურის თანახმად, სამთავრობო ხარჯების მთელი მოცულობა ეფექტიანობის მაქსიმალურ დონეს აღწევს, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის 13-14%-ს შეადგენს. სამთავრობო ხარჯების ყოველი დამატებითი პროცენტული წილი ეკონომიკური ზრდის ტემპის 0,1-0,4 პროცენტიან შენელებას იწვევს. როდესაც ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს აღწევს, ისინი უარყოფითად მოქმედებს ზრდაზე“.

იმპორტის გაზრდის ხარჯზე ასევე გაუარესდა საქართველოს სავაჭრო ბალანსი მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტამდე, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თუმცა არც ამ მონაცემებსა და არც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას დრამატულ ცვლილებებად არ მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკა იყო ინტეგრირებული კონკრეტული ხელისუფლის ინტერესებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, გარკვეული დაძაბულობა ამ მხრივ გარდამავალ პერიოდში მართლაც არის, მაგრამ ეს არის სწრაფად „გადალახვადი“ საკითხი. მთავარია, სტაბილიზაცია მოხდეს გარემოსი, გაჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ინვესტიცია არის დაცული. ის ინვესტორები, რომლებიც ინტეგრირებული იყვნენ ხელისუფლებაში, გარკვეულწილად ახლა არიან დაძაბულები, იმიტომ რომ ვერ ნახეს ახალი პატრონი. მათ სხვანაირი მუშაობა არ იციან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე გადაილახება“.

თუმცა, გია ხუხუშვილისგან განსხვავებით, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუარესება მხოლოდ პოლიტიკური გარემოს ცვლილებას არ უკავშირდება. გიორხელიძის თქმით, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები სწორი მიმართულებით, რამაც საეჭვო გახადა ეკონომიკის ზრდის გეგმიური პარამეტრების შენარჩუნებაც კი:

ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მკვეთრად გამოხატული ლიბერალური პოლიტიკა, ამ ხელისუფლების პოლიტიკაში კი უფრო და უფრო იკვეთება რეგულაციისადმი მიდრეკილება, მათ შორის, იგივე შრომითი კანონმდებლობის თუ სხვა მიმართულებით...
„პროგნოზირებული 6% თითქოსდა არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ არის ცუდი განვითარებული ეკონომიკებისათვის, ჩვენ კი საცოდავი, მიზერული ეკონომიკა გვაქვს, სულ რაღაც 14 მილიარდი დოლარით. მისი 6%-ით ზრდა ვერანაირ პრობლემას ვერ ხსნის, თანაც ეს ეკონომიკა მახინჯი ეკონომიკაა, იმპორტზე აგებული ეკონომიკაა და თუ არ გაწყვიტე ეს ჯაჭვი, თუ არ გადახვედი შიდაწარმოებაზე იმ სფეროებში, სადაც კონკურენტუნარიანი წარმოება შეიძლება გქონდეს, მაშინ სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. ამიტომ მე ნაწილობრივ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საფრთხე გაჩენილია და წითელი ნათურები ანთებულია“.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ინვესტიციებისა და ინვესტორების რაოდენობის შემცირება ხელისუფლების კომპლექსურმა შეცდომებმა განაპირობა. გიორგი ბარამიძის თქმით, ინვესტორები დააფრთხო კრიმინოგენური ვითარების გაუარესებამ, რაც, გარკვეულწილად, კავშირშია მასშტაბურ ამნისტიასთან, ქსენოფობიური ფონის ზრდამ, ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების შეფასებების ეჭვქვეშ დაყენებამ. და კიდევ:

„ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მკვეთრად გამოხატული ლიბერალური პოლიტიკა, ამ ხელისუფლების პოლიტიკაში კი უფრო და უფრო იკვეთება რეგულაციისადმი მიდრეკილება, მათ შორის, იგივე შრომითი კანონმდებლობის თუ სხვა მიმართულებით. ასევე ძნელი იქნება დღევანდელმა ხელისუფლებამ კონკურენცია გაუწიოს წინა ხელისუფლებას კორუფციასთან და კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით“.

თუმცა, რაც უნდა იყოს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების მიზეზი, ექსპერტებიც და ხელისუფლების ოპონენტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ვითარების შესაცვლელად. ასე ფიქრობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

„მთავრობის დაპირებები უნდა იყოს შესაბამისი იმ რესურსებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე გააჩნია. სახელმწიფო არ შეიძლება მონაწილეობდეს ყველაფერში, არ შეიძლება იყოს ბიზნესმენი, მან უნდა შექმნას გარემო იმისათვის, რომ თავად მოახერხოს კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შექმნა. მთავრობამ უნდა შეძლოს გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და სასურველი ბიზნესგარემოს შექმნით ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში მოზიდვა, რაც უზრუნველყოფს შემდგომ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, უთხრა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG