Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკაში დაღმასვლა აღინიშნება


ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება (საქსტატი)

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება (საქსტატი)

ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. სტატისტიკურმა მონაცემებმა გარკვეული სიცხადე შეიტანა იმ კამათში, რომელიც ორიოდე კვირის წინ ოპოზიციასა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის წარმოიშვა. ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება შეიმჩნევა, ხოლო მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ასე არ არის და სალაროს აპარატის ჩეკების რაოდენობას იშველიებს.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2012 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 0.8-ით, ანუ თითქმის ერთი პროცენტით შემცირდა, ხოლო რაც შეეხება 2012 წლის მეოთხე კვარტალს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ორ-ნახევარი პროცენტი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის პირველ ორ კვარტალში ეკონომიკა შვიდ პროცენტზე უფრო მეტად იზრდებოდა. ამ მონაცემების საშუალო გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, რომელიც 6 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენს.

ამ მონაცემებმა ოპოზიციურ ”ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთხელ მისცა საშუალება რამდენიმე კვირით ადრე გაკეთებული განცხადებების სისწორე აღენიშნა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება ორმა ფაქტორმა განაპირობა:

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

”ხდება ინვესტიციების შემოდინების კლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება არა ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, არამედ არსებული სამუშაო ადგილებიც კი კვდება და ქრება. ამის მიზეზი არის ყოვლად გაუაზრებელი, ურთიერთსაწინააღმდეგო და, ხშირ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელიც ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და, ხშირ შემთხვევაში, ეს არის კონკრეტულად თვითონ პრემიერ-მინისტრი. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი არის კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენი აზრით, ასევე უპასუხისმგებლო, რომელიც გადადგა ახალმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში”.

ოპოზიციის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობიდან ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა, რომელიც ადრე მრეწველთა პარტიას ლიდერობდა, უფრო ადრე კი ღვინის ბიზნესით იყო დაკავებული:

„’ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენლები სწორედ თავიანთი ბრიფინგებით ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. სალაროს აპარატებიდან ამორტყმული ჩეკების ქვითრებიდან გამომდინარე, ეს მიუთითებს ბრუნვას და ეს მიუთითებს ბრუნვას. სავაჭრო ბრუნვა თუ იზრდება, ბუნებრივია, იქ ეკონომიკურ გარკვეულ მაჩვენებელზე იყო საუბარი და ეს გარკვეული მაჩვენებელი წარმატებულია”.
შეიძლება მთლად ეკონომიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პროვოკატორი ეკონომიკური კრიზისისთვის, რასაც რაღაც ტიპის ზომების მიღება სჭირდება იმისთვის, რომ სიტუაცია ასე არ წავიდეს. თუ პროცესმა მიიღო სისტემური ხასიათი, ანუ თუ ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა, შემდეგ ამის შემოტრიალება იქნება ძალიან რთული...


ზურაბ ტყემალაძის ამ განცხადებამდე ორიოდე კვირით ადრე, იანვრის თვეში, სალაროს აპარატების ჩეკების გაზრდილი რაოდენობა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც მოიშველია ოპოზიციის კრიტიკის გასანეიტრალებლად. მხოლოდ სალაროს აპარატების ჩეკების რაოდენობა არ გამოდგება ზრდის მაჩვენებლად, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი:

”თუ ჩვენ ვიღებთ უშუალოდ ახალი წლის წინა დღეებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, სტანდარტულად ეს არის პერიოდი, როდესაც გაყიდვების რაოდენობა იზრდება. ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი ამ პერიოდში ფიქსირდება უფრო მაღალი აქტივობა სამომხმარებლო ნივთების შეძენის ნაწილში”.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამის გარდა არის სხვა ინდიკატორებიც, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს განსაზღვრავს, მათ შორის, საბანკო კრედიტების მოცულობა, ინვესტიციები, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვა და სხვა. ეს უკანასკნელი პარამეტრი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის დეკემბრის თვეში მინუს ოთხ პროცენტზე უფრო მეტად გაუარესდა.

რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ეკონომიკური აქტივობის სიმცირე არც ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ უარყო. ის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ეკონომიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა:

დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძე

”მე ვფიქრობ, ახალი მთავრობაც არასწორად უდგება. მთავარი არის მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას მისცე ბიძგი. შრომის საშუალება არ არის ჯერ კიდევ. ეკონომიკა რაკი დაბალაქტიურ ზონაშია, სამუშაო ადგილები არ იქმნება. თვე-ნახევარი გავიდა და სამუშაო ადგილები არ არის. ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს არის, არის საკმაოდ დაბალი, რომელიც თუ არ შეიცვალა, გააჩენს პრობლემებს ქვეყანაში“.

დემურ გიორხელიძის აზრით, ეკონომიკური ზრდის მიღწეული და პროგნოზირებული მაჩვენებლები არ არის საკმარისი ეკონომიკური ვითარების რადიკალურად შესაცვლელად. ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი კი, გიორგი აბაშიშვილი, ვარაუდობს, რომ 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში ჩამოყალიბებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება პესიმისტური სცენარი განვითარდეს:

”შეიძლება მთლად ეკონომიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პროვოკატორი ეკონომიკური კრიზისისთვის, რასაც რაღაც ტიპის ზომების მიღება სჭირდება იმისთვის, რომ სიტუაცია ასე არ წავიდეს. თუ პროცესმა მიიღო სისტემური ხასიათი, ანუ თუ ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა, შემდეგ ამის შემოტრიალება იქნება ძალიან რთული”.

ეკონომიკაში არასახარბიელო ტენდენციებზე განგაში ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ატეხა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლმა. მისი განცხადებით, პოლიტიკური არასტაბულურობა და ბუნდოვანი მომავალი ბიზნესაქტივობის შემცირებას იწვევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG