Accessibility links

logo-print
12 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრს, განაახლონ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა, რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის წინაპირობის შექმნაა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც უკვე გამოაქვეყნეს წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დაკვირვების ქვეშ მოექცა ყველა საარჩევნო ოლქი 2013 წლის 1 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, მონიტორინგის შედეგად სერიოზული დარღვევები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ გამოვლენილა, თუმცა, ნინო ლომჯარიას თქმითვე, არსებობს იმის საფრთხე, რომ პრემიერ-მინისტრთან ასოცირებული ფონდ „ქართუს“ საქმიანობა - „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერის სახით - შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს:

„ფონდი „ ქართუ“ ეწევა პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ამ ფონდის სასარგებლოდ და შემდეგ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევს ამომრჩევლებს. შესაძლებელია ყოველივე ეს დაკვალიფიცირდეს როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვა და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საარჩევნო პერიოდში, როცა ეს რეგულაციები განსაკუთრებული სიმკაცრით მოქმედებს, ფონდმა „ქართუმ“ თავი შეიკავოს ისეთი ფინანსური დახმარების გაწევისაგან სოფლის დახმარების ფონდისათვის, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული მოქალაქეებისათვის გარკვეული მატერიალური დახმარების გაწევას“.

ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო მათ ნათქვამ სხვა სიტყვებს? მაგალითად, იმას, რომ ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან და მიუკერძოებელ არჩევნებსო. როგორ უნდა ვენდოთ ჩვენ ამას, როცა საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება, გაფორმებული მემორანდუმის სახით, იშლება...
ნინო ლომჯარიას თქმით, ასევე მწვავედ დგას ამომრჩეველთა ერთიანი სიის შემოწმებისა და რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილი და ახალ მისამართზე რეგისტრაციაგაუვლელი ამომრჩევლების რიცხვი 97 ათასს აღწევს. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების“ თაობაზე ამ პრობლემის აღმოფხვრის სწორ გზას გვთავაზობს, თუმცა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა აღნიშნულ საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ გაფორმებული მემორანდუმის დაცვა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა 20 პოლიტიკურ პარტიასთან მიღწეულ შეთანხმებასა და გაფორმებული მემორანდუმის დაცვაზე, რაც „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, პარტიების დიდ ნაწილს უკარგავს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების იმედს.

„ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო მათ ნათქვამ სხვა სიტყვებს? მაგალითად, იმას, რომ ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან და მიუკერძოებელ არჩევნებსო. როგორ უნდა ვენდოთ ჩვენ ამას, როცა საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება, გაფორმებული მემორანდუმის სახით, იშლება. არადა, იქ იყო ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი საკითხები - სულ, ჯამში, 40 საკითხი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საარჩევნო რეფორმა“, უთხრა ჯონდი ბაღათურიამ რადიო თავისუფლებას.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ საარჩევნო გარემო შედგება მხოლოდ საბაზისო და საბიუჯეტო დაფინანსების ზრდისაგან, მაშინ ის ძალიან ცდება ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას, რომ თავისი ეკონომიკური ინტერესები გადაფაროს სხვა თემით...
საკითხთა შორის იყო კომისიების დაკომპლექტების წესისა და დაფინანსების მექანიზმის შეცვლა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა დაწესდეს დაფინანსების ზედა ზღვარი და რომ ლიმიტირებული უნდა იყოს სხვაობა პარტიების დაფინანსებებს შორის. სულ, ჯამში, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, შეთანმხებული იყო არაერთი ცვლილება, რომელიც უნდა შესულიყო საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. მამუკა კაციტაძე მმართველი კოალიციის ხელმძღვანელობას მიმართავს:

„პირველი: შეთანმხებული და მემორანდუმით გაფორმებული დოკუმენტი უნდა აღდგეს და, შესაბამისად, დაიწყოს მისი იმპლემენტაცია პარლამენტში, რადგანაც ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ დოკუმენტზე. მეორე: უნდა აღდგეს მოლაპარაკებები, რადგანაც სხვა ბევრი საკითხია განსახილველი და შესაცვლელი: ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია და სხვა.“

თუმცა მამუკა კაციტაძის მიმართვის პასუხად, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს:

ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლის მიხედვით, დანაშაულად ითვლება როგორც საჩუქრის გაცემა, ასევე მიღება. კარგი იქნება, თუ მეორე ნაწილი გაუქმდება...
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ საარჩევნო გარემო შედგება მხოლოდ საბაზისო და საბიუჯეტო დაფინანსების ზრდისაგან, მაშინ ის ძალიან ცდება ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას, რომ თავისი ეკონომიკური ინტერესები გადაფაროს სხვა თემით. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: დაასახელონ ნორმა, რომელიც არ აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს“.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 60 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზრდება პარტიებისათვის საჯარო ღონისძიებების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა.პარტიებისათვის შემოწირულების გაღების უფლება დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჯარიმების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა, თუმცა, კოჟორიძის თქმითვე, დასახვეწი დარჩა სხვა არაერთი საკითხი.

„ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლის მიხედვით, დანაშაულად ითვლება როგორც საჩუქრის გაცემა, ასევე მიღება. კარგი იქნება, თუ მეორე ნაწილი გაუქმდება, რადგანაც ამომრჩეველი, ანუ მოქალაქე, შეიძლება არ იყოს ინფორმირებული, რომ კანონით ისჯება ასეთი ქმედება. ასევე მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ქველმოქმედება და საარჩევნო მიზნით განხორციელებული ქმედება“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG