Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმპორტ-ექსპორტის დინამიკა იზრდება


საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2005-2010 წწ. იანვარ-ოქტომბერში
საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2005-2010 წწ. იანვარ-ოქტომბერში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა, ასევე ექსპორტიც, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი კვლავ შენარჩუნებულია.

ის, რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება...
საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 10 თვის მანძილზე საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით გაიზარდა და 5 მილიარდ 300 მილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა, ექსპორტი კი 33 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 1 მილიარდ 300 მილიონის ფარგლებშია.

მართალია, ორივე მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ზრდას განიცდის, მაგრამ ჯერაც ჩამორჩება 2008 წლის ანალოგიურ პერიოდს. სხვაობა იმ ჩავარდნის შედეგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა და გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. არის კიდევ ერთი სხვაობა, რომელიც წლების მანძილზე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს არის იმპორტ-ექსპორტის თანაფარდობა. მის შესახებ კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია საუბრობს:

”იმპორტი უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ექსპორტი. და ის, რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა”.

ქართული ღვინის წარმოება
ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად საქართველოს მთავრობასაც გაცნობიერებული აქვს, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო - სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის - უნდა შემცირდეს. სწორედ ამით იყო განპირობებული ის საყვედური, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ბიზნესმენების მისამართით სამიოდე თვის წინ გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილი იმ პასუხის შესახებ საუბრობს, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მიიღო, როდესაც ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებას ითხოვდა:

”ეს ხალხი გვეუბნება: კი, მაგრამ თქვენ ისარგებლეთ იმით, რაც გაქვთო. მე ვუთხარი, კარგი, გვასწავლეთ როგორ ვისარგებლოთ-მეთქი. ჩამოვიდნენ, სამი დღე ატარებდნენ სემინარებს. პირველ დღეს არ მივიდნენ ბიზნესმენები. ჩავთვალეთ, რომ დილაა, ადრეა და დაეზარათ გაღვიძება. მერე დელიკატურად გადაიტანეს - დღის 3 საათზე. მაინც არ მივიდნენ. და მერე იძახიან, აი, რა ვქნათ, გვიჭირს გატანა, პრობლემააო... და ამერიკის ღვინის ბაზარი არის 12-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთის ბაზარი”.

შესაბამისი პროდუქცია ჩვენთან არ იწარმოება, ასევე რთული არის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი არის კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე...
ღვინოს და საერთოდ სპირტიან სასმელებს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობაში სამ-ნახევარი პროცენტი უჭირავს და 42 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საექსპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. მართალია, საქართველო მათ არ აწარმოებს, მაგრამ, ლიბერალური საბაჟო და სარეგისტრაციო პროცედურების წყალობით, საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში ავტომობილების ექსპორტი მოგებიან ბიზნესად იქცა და მიმდინარე 10 თვის მანძილზე ამ სფეროს შემოსავლებმა 180 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ლიდერობს ოქრო, სპილენძი, აზოტოვანი სასუქები, თხილი და სხვა კაკალი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქართული კომპანიები მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის საექსპორტო პროდუქციის წარმოებას ვერ ახერხებენ:

”აქ არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი პროდუქცია ჩვენთან არ იწარმოება, ასევე რთული არის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, დიდი არის კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე და ჩვენს მწარმოებლებს უჭირთ მარკეტინგი ამ ბაზარზე, იმიტომ რომ მათთვის არატრადიციული ბაზრებია”.

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სწორედ ბაზრის არატრადიციულობას ასახელებენ მთავარ მიზეზად ქართველი ბიზნესმენები, როდესაც ვერ ახერხებენ საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით განსაზღვრული საექსპორტო კვოტების სრულფასოვნად ათვისებას. კომპანია ”თბილღვინოს” ხელმძღვანელ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ძალიან ძნელია თურქეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნის შექმნა:

”ალბათ, კომპანიები ამჯობინებენ, რომ ის ძალისხმევა, რომელიც უნდა დაიხარჯოს თურქეთში ქართული ღვინის ადგილის დასამკვიდრებლად, დახარჯონ სხვა, უფრო იოლად შესაღწევ და ფეხის მოსაკიდებელ ბაზარზე”.

უცხოელი ტურისტების რაოდენობა მართლაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს ცვლის სურათს - ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არა...
მიუხედავად ბიზნესმენების ასეთი დამოკიდებულებისა, თურქეთი, საქსტატის მონაცემებით, კვლავაც რჩება საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორად. სწორედ თურქეთში ხორციელდება ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის მხოლოდ აზერბაიჯანში განხორციელებულ ექსპორტს ჩამორჩება სულ რამდენიმე მილიონით. სამაგიეროდ, საკმაოდ მაღალია თურქეთიდან განხორციელებული იმპორტის მოცულობა და მაღალია თურქეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თურქეთთან ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეული რისკების მატარებელიცაა:

”მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, გარკვეული ხიფათი ყოველთვის არის ჩადებული. ყოველთვის ჯობია იყოს ბალანსი. ჩვენ უცხოური ინვესტიციები, რა თქმა უნდა, მოვიზიდოთ, მაგრამ ეს უცხოური ინვესტიციები როდესაც ხდება ერთპოლუსიანი, ეს აძლევს გარკვეულ საშუალებას ინვესტორ მხარეს, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიის მეშვეობით ეს პოლიტიკურ ინტერესებში გამოიყენოს. იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ეს რისკი ზოგადად არსებობს”.

ეკონომიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი რისკების შემცირება შესაძლებელია ექსპორტ-იმპორტის დაბალანსებით, რაშიც თავისი წვლილი უკვე შეაქვს მომსახურების ექსპორტს, ძირითადად, ტურიზმს. ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარი:

ბათუმის პლაჟი
”უცხოელი ტურისტების რაოდენობა მართლაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს ცვლის სურათს - ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არა, მაგრამ თუ ტენდენცია წავიდა ზრდისკენ და ეს ტემპები შენარჩუნებულ იქნა, გავლენა უფრო მეტი იქნება”.

ტურიზმის გარდა, საექსპორტო წარმოების სხვა დარგების განვითარებასაც თითქოს ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. ქვეყანა თავს იწონებს მსოფლიო ბანკის ”ბიზნესის წარმოების” რეიტინგში მიღწეული შედეგებით, თუმცა ექსპერტების და ბიზნესმენების ნაწილიც აღნიშნავს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა საქმეს არ შველის. ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ქართველი ბიზნესმენების პასიურობის მიზეზი თავად ბიზნესის შიგნით არსებული პრობლემებიცაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეტი განათლების მიღების აუცილებლობა და ახალი ბაზრების შესწავლა-ათვისება.
XS
SM
MD
LG