Accessibility links

logo-print

თავისუფალი ბაზრის გამოწვევები საქართველოში


კონფერენცია ”თავისუფალი ბაზრის როუდ შოუ”, თბილისი, 8 მაისი, 2013 წ,

კონფერენცია ”თავისუფალი ბაზრის როუდ შოუ”, თბილისი, 8 მაისი, 2013 წ,

საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებისა თუ მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დაპირებების შესაბამისად, კანონმდებლობის შეცვლა და ახალი რეგულაციებისა თუ მარეგულირებლების შემოღება საქართველოში თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ამ საკითხებზე იმსჯელეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა თბილისში 8 მაისს გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით ”თავისუფალი ბაზრის როუდ შოუ”.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და აქტუალური საკითხია. პირველი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის მიმართ კრიტიკული შენიშვნები მთავრობის წევრებმაც კი გამოთქვეს. ისინი შიშობენ, რომ ახალი კოდექსი ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის წარმოების მადას დაუკარგავს. შრომის კოდექსის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა, მაგრამ არის კიდევ სხვა რეგულაციები, რომლებსაც ჯერ არ დაუმსახურებია ფართო საზოგადოების ყურადღება და რომელთა აღდგენასაც მმართველი პოლიტიკური ძალა გეგმავს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ირწმუნება, რომ ის თავისუფალი ბაზრისა და დერეგულაციის მომხრედ რჩება:

”ჩვენ ზოგადად ახალი რეგულაციების შემოღებას საერთოდ არ ვაპირებთ. ერთადერთი, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ისეთი სახით უნდა აღდგეს, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებს ესადაგება. ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა იყოს მცირე ზომის და ისეთი ფუნქციებით აღჭურვილი, როგორიც ამ სფეროში კარგი ქეისების შემთხვევებია მსოფლიოში. აი, ასეთი ტიპის ორგანიზაცია უნდა იყოს. სხვა მხრივ, არანაირი ზედმეტი რეგულირება არ არის საჭირო”.

გარკვეული მიდრეკილება ახალ ხელისუფლებაში არის ახალი ბიუროკრატიის შექმნისკენ, მაგრამ კატასტროფული რამ ჯერ არ შეუქმნიათ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ არ იციან, რა უნდათ...
მმართველი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ - წარმომადგენლის, დავით ონოფრიშვილის ამ განცხადებისა არ სჯერა ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, შრომის კოდექსის გარდა, მმართველმა ძალამ უკვე განახორციელა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნას ითვალისწინებს:

”ბატონი ონოფრიშვილი საუბრობდა, რომ მას არ უყვარს ახალი მარეგულირებლების შექმნა, თუმცა მისი ორი ინიციატივა იყო ერთი ის, რომ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ზედამხედველობა სადაზღვევო კომპანიებზე და, მისი კანონპროექტის მიხედვით, ახალი მარეგულირებელი ორგანო უნდა შეიქმნას. და, მეორე, ასევე ახალი მარეგულირებელი ორგანო უნდა შეიქმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ფასიანი ქაღალდების ბაზას. ამიტომ გარკვეული მიდრეკილება ახალ ხელისუფლებაში არის ახალი ბიუროკრატიის შექმნისკენ, მაგრამ კატასტროფული რამ ჯერ არ შეუქმნიათ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ არ იციან, რა უნდათ”.

დავით ონოფრიშვილი

დავით ონოფრიშვილი

ამ კრიტიკის პასუხად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იხსენებენ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებს, როდესაც ბიზნესს ნაწილს საკუთრების ხელშეუხებლობისა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები აწუხებდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში - 1998 წლიდან 2000 წლამდე - ფინანსთა მინისტრი იყო, სააკაშვილის ხელისუფლების დერეგულაციის პოლიტიკასაც აკრიტიკებს. ის იხსენებს, რომ შევარდნაძის დროინდელ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია საუკეთესოდ მიიჩნევდა:

”ეს კანონმდებლობა სხვათაშორის ”ი-ბი-არ-დის” მიერაც კი იყო აღიარებული მთელ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცხადია, ამ კანონის მიერ შექმნილი ორგანოები, როგორიც ანტიმონოპოლიური სამსახურებია, შეიძლება იდეალურად ვერ მუშაობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ინსტიტუციურად უნდა მიეხედა შემდეგ მთავრობებს, რომ გაეძლიერებინათ და რეგულაციებიც არამცთუ გაეზარდათ, არამედ უფრო მონიტორინგის რეჟიმზე უნდა გადასულიყო”.

ჩვენი მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო მოთხოვნები, კონკრეტულად, ევროკავშირის მოთხოვნები, იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს...
დავით ონოფრიშვილის მიერ ნახსენებ მარეგულირებელ სტრუქტურას და ამგვარი ფორმით ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევას აკრიტიკებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი. ის ვარდების რევოლუციამდელ პერიოდს სხვაგვარად იხსენებს:

”მე მინდა დავუბრუნდე შევარდნაძის ერას და ვილაპარაკო ანტიმონოპოლიურ რეგულაციაზე. ჩვენ ბანანის იმპორტს ვახორციელებდით და ერთ დღეს გამოგვიძახეს ანტიმონოპოლიურ სამსახურში, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიყავით მონოპოლისტი ბანანის სფეროში, რაც ძალიან სასაცილოდ ჟღერს და ჩვენი დასჯა გადაწყვიტეს. მე ვკითხე, რა კრიტერიუმებით დაადგინეთ, რომ მონოპოლისტები ვართ-მეთქი. იმით, რომ თქვენ ბანანის მთავარი იმპორტიორი ხართო. კარგი, მაგრამ იმათი საქმე როგორაა, ვინც მონოპოლისტია ვაშლის სფეროში, ფორთოხლის წვენის სფეროში, სალათის სფეროში-მეთქი?... ასეა, თუ მთავრობას სურს ქრთამი აიღოს ან ცხოვრება გაგიმწაროთ, ის რეგულაციებს იყენებს დასასჯელად”.

ფადი ასლის გარდა, ბევრ სხვა ბიზნესმენს თუ ეკონომიკის ექსპერტს კარგად ახსოვს, რა შედეგი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას რეგულაციებით დატვირთულმა სისტემამ. გაცილებით ნათელ სურათს ქმნის სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგულაციებისგან ბაზრის გათავისუფლების შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყო. ახლა ამ ტენდენციის შენარჩუნება მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად „პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელს თამარ კოვზირიძეს:

„ჩვენი მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო მოთხოვნები, კონკრეტულად, ევროკავშირის მოთხოვნები, იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და ეკონომიკის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ანუ, თუ ჩვენ იმაზე მეტს გავაკეთებთ და უჭკუოდ გავაკეთებთ, ვიდრე გვთხოვენ, და ისეთ რეგულაციებს შემოვიღებთ, რომლებიც არ გვჭირდება ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი და გვაქვს ამის მაგალითებიც, როდესაც ამან განვითარებას ხელი არ შეუწყო - პირიქით, ხელი შეუშალა“.
XS
SM
MD
LG