Accessibility links

logo-print
25 მაისს თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, სოლიდარობის აქცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მიმართვის ადრესატები არიან ასევე საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელთაც ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ევალებათ. ჟურნალისტთა შევიწროების საკითხებზე რეაგირებას მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებისგანაც ელიან.

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია თბილისში იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაზე აღინიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა და არც ერთი გამოძიებული არ არის. ამ ფაქტებს შორისაა კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის საქმე. 20 მაისს იგი თიანეთის პოლიციამ უკანონოდ დააკავა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში შეუზღუდა თავისუფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეომასალა გაუნადგურა. თიანეთში გელა მთივლიშვილი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა და სიუჟეტისთვის იღებდა თიანეთის პოლიციის შენობასაც.

” მე მეორე დღესვე საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მთელი სამი დღის განმავლობაში ვრეკავ პროკურატურაში და იმ ტელეფონებზე, რომლებიც მიმიწერეს კანცელარიის მიღების ბარათზე, არავინ არ პასუხობს და ვერ ვიგებ, აღიძრა თუ არა საქმე. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის არ შეუტყობინებია, რომ რაიმე ტიპის გამოძიება დაიწყო”, ამბობს გელა მთივლიშვილი.

კიდევ ერთი დაზარალებული, რომლის საქმეც ზუსტად ერთი წლის ხანდაზმულობისაა, ონლაინ გამოცემა ”ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძეა. მას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა.

” ორი საქმე იყო აქ. ერთი - სამოქალაქო, რომელიც დასრულდა და ჩვენ მოვიგეთ ეს სამოქალაქო სარჩელი, რაც შეეხებოდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. რაც შეეხება მეორე საქმეს, როცა ჩვენ ვითხოვდით, რომ პროკურატურას გამოეძია - და არაერთი განცხადებით მივმართეთ მთავარ პროკურორს - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, პირადად ჩემიც და ჩვენი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტების, ამაზე საქმე აღძრული არ არის. დაიწყო, დაგვკითხეს ჩვენ და გამოძიებისა და მოკვლევის შედეგი ჩვენ არ ვიცით”, გვითხრა ნესტან ცეცხლაძემ ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციაზე.

ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა კი დააზუსტა, რომ 2011 წლის 26 მაისს, ღამით, 16 ჟურნალისტი დაზარალდა და მათი არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის გამოძიებული:

ყველა შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ან ხელის შეშლა ჟურნალისტის საქმიანობაში არის ის ქმედება, რომელზე რეაგირებასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობ ...

” ზოგადად საქმეები აღძრულია, ისევე როგორც „ბათუმელების“ შემთხვევაში. გვახსოვს, ხო, საქმეს აღძრავენ ხოლმე და ეს არის დაუსრულებელი პროცესი და არასოდეს არ არის ხოლმე კონკრეტული შედეგი. ამიტომ ეს აქცია არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნით, რომ შეწყდეს ძალადობა ჟურნალისტებზე, მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წინასაარჩევნო პერიოდში და გახშირდა ეს ფაქტები ამ ბოლო დროს. რეგიონალური მედიაა ამ აქციის ორგანიზატორი და ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათ განსაკუთრებით უჭირთ მუშაობა. არანაირი რეაგირება, კონკრეტული, არ არის ამ ფაქტებზე ხელისუფლების მხრიდან და სწორედ ეს არის ამ აქციის მოწოდებაც, რომ ჰქონდეს კონკრეტული რეაგირება ამ ფაქტებზე ხელისუფლებას.”

ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა იუსტიციის სამინისტროდან გამოსული დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მან დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მანვე გამოთქვა ოპტიმისტური პროგნოზი იმისა, რომ შესაბამისი რეაგირება კანონდარღვევის ყველა ფაქტს მოჰყვება.

”იმაზე, თუ რომელი საქმე რა სტადიაზეა, რა გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურაში ალბათ უფრო სწორ და ამომწურავ პასუხს გაგცემენ. ყველა შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ან ხელის შეშლა ჟურნალისტის საქმიანობაში არის ის ქმედება, რომელზე რეაგირებასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის იმისათვის, რომ პრევენცია იყოს მომავალში”, განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც პრაქტიკულად არ გასცა პასუხი შეკითხვას, რატომ არ ხდება რეაგირება ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტებზე.

შეხვედრა შედგება მომავალ კვირაში. თანხმობა არის. უწყებათშორის კომისიას უნდა შევხვდეთ, რომელშიც არის უშიშროების საბჭოს მდივანი ...
ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე და ამ მხრივ უკვე არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე საუბარი, სავარაუდოდ, გაგრძელდება კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისათვის” და უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის შეხვედრაზე.

”შეხვედრა შედგება მომავალ კვირაში. თანხმობა არის. უწყებათშორის კომისიას უნდა შევხვდეთ, რომელშიც არის უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი მოადგილე და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები”, ამბობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია.
XS
SM
MD
LG