Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია - ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ


მედიასაშუალებები ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებენ. ისინი ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევენ და პროკურატურას ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას სთხოვენ. შეგახსენებთ, რომ პრომოაქცია „’მაესტრო’ ყველა ოჯახში“, რომელიც ივლისის დასაწყისში დაიწყო, პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვად შეაფასა, რამდენადაც, მის მიერ 11 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ტელეკომპანია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიის - ”ელიტა ბურჯის” - მითითებებით ხელმძღვანელობდა და მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელები პროკურატურის განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ.

საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ტელეკომპანია ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტის გამო შეკრებილი მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა. ერთობლივი მიმართვა ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი, რომელსაც ამ ეტაპზე ოცამდე მედიასაშუალება აწერს ხელს, ჟურნალისტებს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჩაუკითხა. სხვათა შორის, სწორედ ლაშა ტუღუში ღებულობდა მონაწილეობას ივლისის დასაწყისში სოფელ ხანდაკში ტელეკომპანია ”მაესტროს” სიმბოლური სატელიტური ანტენის დამონტაჟებაში. სწორედ მაშინ დაიწყო პრომოაქცია ”მაესტრო ყველა ოჯახში”, რომელიც რეგიონებში სატელიტური ანტენების დამონტაჟებასა და ამით ”მაესტროს” მაუწყებლობის არეალის გაფართოებას გულისხმობდა. თუმცა ზუსტად ერთ კვირაში პრომოაქცია ანტენების დაყადაღებით დასრულდა. ”მედია - ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ” - ასე დაასათაურეს ერთგვერდიანი მიმართვა ”თბილისი მარიოტში” შეკრებილმა სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა:

მედიასაშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა ”მაესტროს” კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს ის კანონიერ მფლობელს ...

”მიგვაჩნია, რომ ”მაესტროს” ტექნიკის ჩამორთმევა იყო უკანონობა, რითაც დაირღვა, ერთი მხრივ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლება მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია. პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომაც გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას”, - ვკითხულობთ მიმართვაში.

თუკი მიმართვის გაგრძელებას ჩავხედავთ, მაშინ იქ ამოვიკითხავთ, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადმულ ნაბიჯად აღიქვამენ და სრულიად მიუღებლად მიაჩნით მედიის წინააღმდეგ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო. 21 ივლისს დაწერილი მიმართვა მთავრდება ფრაზით:

”მედიასაშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა ”მაესტროს” კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს ის კანონიერ მფლობელს.”

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელთა სურვილი, რომ საქართველოს რეგიონებში ”მაესტროს” ცნობადობის დონე აემაღლებინა და წინასაარჩევნოდ საზოგადოებას საშუალება ჰქონოდა ინფორმაცია ალტერნატიული მედიასაშუალებიდანაც მიეღო, ვერ განხორციელდა. ია მამალაძე, რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე და გაზეთ ”გურია ნიუსის” დამფუძნებელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რეგიონებში განსხვავებული აზრის მოსმენის მოთხოვნა არსებობს და ამის არგუმენტად გურიაში ”მაესტროს” ანტენების დაყადაღების წინააღმდეგ გამართულ მცირერიცხოვან აქციას იხსენებს:

”ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ სახლიდან მოიტანა ტელევიზორი და სანაგვეში ჩააგდო იმის გამო, რომ ეს ტელევიზორი მხოლოდ ნაციონალურ არხებს აჩვენებდა და მეტს არაფერს. თუკი მაესტროს თეფშებზე არ იქნება მოთხოვნა, საზოგადოება ამ ანტენებს ხომ არ მიიღებს. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ლაპარაკი ყველაზე მთავარ, ადამიანის გარანტირებულ, კონსტიტუციურ უფლებაზე ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაზე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი უფლების დარღვევაზე, როგორიცაა ბიზნესისთვის ხელის შეშლა”, - ამბობს ია მამალაძე.
სანამ ეს პრომოაქცია დაიწყებოდა, რასაკვირველია, იურისტებთან და ჩვენს ადვოკატებთან ერთად განვიხილეთ ყველა სამეწარმეო კანონი, კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომ რამე დარღვევა არ გაგვეკეთებინა ...
ბაჩო კიკაბიძე

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებლებმა, განაცხადეს რა ივლისის დასაწყისში პრომოაქციის დაწყების შესახებ, იქვე ისიც განმარტეს, რომ მათი ეს წამოწყება იყო ბიზნესმოგებაზე გათვლილი ღონისძიება, რომელსაც ტელეკომპანიისათვის უახლოეს მომავალში გაზრდილი შემოსავალი უნდა მოეტანა და, შესაბამისად, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კუთვნილ ანტენებს არ დაბრალდებოდა პოლიტიკურ სუბიექტთა მხარდაჭერა და ამომრჩეველთა მოსყიდვა. ბაჩო კიკაბიძე, ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პიარაქციის იდეის დასაწყისს იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მათთვის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფარულ მხარდაჭერაში დაედო ბრალი:

”სანამ ეს პრომოაქცია დაიწყებოდა, რასაკვირველია, იურისტებთან და ჩვენს ადვოკატებთან ერთად განვიხილეთ ყველა სამეწარმეო კანონი, კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომ რამე დარღვევა არ გაგვეკეთებინა და პირნათელი ვყოფილიყავით კანონთან. აქედან გამომდინარე, ვაძლევდით ჩვენს თავს უფლებას გვეთქვა, რომ მთავრობა უკანონოდ არ დაგვიყადაღებდა ანტენებს, რაც, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ჩვენი ქონება დააყადაღეს. ეს მხოლოდ ”მაესტროს” პრობლემა არ არის, ეს მთელი ქართული მედიის პრობლემაა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.”

ბაჩო კიკაბიძის თქმით, ამ დროისათვის ტელეკომპანია ”მაესტროს” კუთვნილი 16 ათასი სატელიტური ანტენაა დაყადაღებული. უახლოეს მომავალში ისინი ელოდებიან კიდევ 8 ათასი ანტენის ჩამოსვლას, რომელსაც, მისივე განცხადებით, პროკურატურა კვლავაც გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დააყადაღებს. ტელეკომპანია ”მაესტროში” აცხადებენ, რომ, სატელიტური ანტენების დაყადაღების შედეგად, კომპანიამ ნახევარ მილიონამდე ლარის ზარალი ნახა.

როგორც ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდამჭერი მიმართვის ავტორები აცხადებენ, ისინი მომავალი კვირიდან ”მაესტროს” მხარდამჭერ კამპანიას იწყებენ - გაიმართება როგორც ქუჩის აქციები, ასევე შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თავად მიმართვის სრული ტექსტი კი გაზეთების პირველ გვერდზე დაიბეჭდება და გავრცელდება ასევე ინტერნეტ და ტელე-რადიო საშუალებებით.
XS
SM
MD
LG