Accessibility links

logo-print
”რეზონანსი” წერს: ”დღეს გადაწყდება, ივანიშვილს საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლებენ, წილებს დაუყადაღებენ თუ ხელისუფლება კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებს”. ”რეზონანსის” ავტორი წერს იმის შესახებ, თუ რა ქონებაა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაფორმებული და რა ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა მას სასამართლომ კონტროლის პალატის მოთხოვნის საფუძველზე. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ”რეზონანსს” უთხრა: ”თუ ხელისუფლებამ იმ ქონებას მოჰკიდა ხელი, რაც მის სახელზე არ არის გაფორმებული, რაც არ არის გამორიცხული, პროცესები არაფრისგან დაზღვეული არ იქნება და, მე მგონი, ხელისუფლების პოლიტიკაში ეს არ არის ბოლომდე გათვლილი”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ ””გლობალ ტივი”-ს სატელიტური ანტენების დამონტაჟების გამო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს”.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე სათაურია - ”ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებაში წმენდა დაიწყო”, რომელიც ირინა სარიშვილთან ინტერვიუს ეკუთვნის. სარიშვილი ირწმუნება, რომ ”გარკვეულმა უსიამოვნებამ უკვე იჩინა თავი რესპუბლიკელებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის” და რომ ”თუკი ბიძინა ივანიშვილი გათავისუფლდება რესპუბლიკელებისგან და მათნაირი ადამიანებისგან არჩევნების წინ”, ”ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება”. სარიშვილი აგრეთვე ამბობს, რომ რესპუბლიკელებზე არჩევანის გაკეთებისას ივანიშვილი ”მოქმედებდა სწორედ იმ ძალების კარნახით, რომლებმაც თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე ხელისუფლებაში მოიყვანა”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი წერს: ”სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ ”ყველაზე ნიჭიერი და ბრძენი” ხალხი გვყავს. ჰოდა, ეს ბრძენი ხალხი ხედავს რაც ქვეყანაში ხდება და სათანადო დასკვნებსაც აკეთებს. ამიტომაც, ხელისუფლებას არ უნდა უკვირდეს ხალხმრავლობა ივანიშვილის მიტინგებზე. ამის მიზეზი მან თავის თავში უნდა ეძებოს”.

”ალია” ერთ გვერდს უთმობს სტატიას, რომელშიც, თავის წყაროზე დაყრდნობით, მკითხველს აუწყებს, რომ ”14 ივნისს ვილნიუსის ერთ-ერთმა კლინიკამ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი” – ”ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი”. ავტორი წერს: ”...იმდენად, რამდენადაც ბალტიისპირელებს სულ არ ედარდებათ ამ ამბის კონფიდენციალურობა, ეს ამბავი ”ალიამ” სანდო წყაროსგან შეიტყო”.

”24 საათის” დღევანდელ ნომერში ნოდარ გრიგალაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელის ვინაობას ეხება. ინტერვიუს სათაურია - ”ილიას მთავარი მკვლელის ვინაობა დოკუმენტით დადასტურდა”. ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც ილიას შესახებ ორტომეულის - ”თანმდევი სულის” ავტორია, ჰყვება: ”ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიამაყოთ, რომ 104 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გახსნილია. ის, რასაც მე ადრე ვწერდი, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურ ფაქტებს ვეყრდნობოდი, მაინც ვერსიად რჩებოდა, რადგან ხელთ არ მქონდა პირდაპირი საარქივო ჩანაწერი, სადაც სიტყვასიტყვით ეწერებოდა, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლა ილიკო იმერლიშვილმა. ისტორიკოსმა თენგიზ სიმაშვილმა არქივში ეს დოკუმენტი აღმოაჩინა. ამით ამ მიმართულებით კვლევას, ვფიქრობ, წერტილი დაესვა”.
XS
SM
MD
LG