Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 21 აგვისტო


“ციფრების პოლიტიკა: “ოცნებას” ნომერი მაინც შეუცვალეს” – ამ სათაურით დღეს “რეზონანსში” ქვეყნდება სტატია. კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრად 7-იანის მაგივრად 41-ის მინიჭების თემაზე დღეს არაერთი გაზეთი წერს. “რეზონანსის” ავტორი ვითარებას აღწერს და სტატიაში “საარჩევნო პოლიტტექნილოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელ კახა კახიშვილის კომენტარი მოჰყავს: “ცესკო არ აპირებდა 7 ნომრის მინიჭებას “ქართული ოცნებისთვის” და ეს იქიდანაც ჩანს, რომ “ქრისტიან-დემოკრატებმა” როდესაც შეიტანეს ცესკო-ში ბლოკზე განაცხადი რეგისტრაციის თაობაზე, ბლოკში ჰყავდათ შეყვანილი მხოლოდ პაატა დავითაიას პარტია, ხოლო ის პარტია, რომელიც ძირითადად კავშირში ითვლება ქდმ-სთან, “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია”, ბლოკში არ იყო. გამოდის, რომ “ქრისტიან-დემოკრატებმა” გათვალეს ან წინასწარ იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეიყვანდნენ ბლოკში ამ პარტიას, 10 ნომრის არჩევის საშუალება არ ექნებოდათ”.

““ქართული ოცნების” ლაბირინთები” – “24 საათის” ავტორი სტატიას ასე ასათაურებს, შემდეგ კი ქვეთავებად ყოფს: “დებატები მხოლოდ სააკაშვილთან”, “ცვლილება მაჟორიტარებში” და “შეხვედრა ბურჯანაძესთან”.

ივანიშვილის ბურჯანაძესთან შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა “ალია”, რომლის სტატიის სათაური - “შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომელიც ბურჯანაძემ ივანიშვილს მიაწოდა!!!” - მკითხველს გარკვეულ მოლოდინს უჩენს. ავტორი კი წერს, რომ მთელი დღის დუმილის შემდეგ ბურჯანაძემ “მე-9 არხის” ეთერში ახადა ფარდა საიდუმლოს და განაცხადა, რომ ივანიშვილს საფრთხეების შესახებ ელაპარაკა და წინა საპარლამენტო არჩევნებისას თავისი გამოცდილება გაუზიარა - როცა, ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილმა მის მიერ პარტიის შექმნაში “სერიოზული საფრთხე” დაინახა: “მან პირდაპირ განაცხადა, თუ მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, დაიწყებდა აფხაზეთში საომარ მოქმედებებსო”.

“ახალ თაობას” “ქართული ოცნების” წევრი ბიძინა გუჯაბიძე ეუბნება, რომ ადიგენში საარჩევნო შტაბისთვის ფართის ქირაობა ვერ შეძლეს: “თვენახევრის განმავლობაში ოფისი არ აგვაღებინა ხელისუფლებამ, აშინებდნენ, ატერორებდნენ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები. ვისთანაც მივედით ფართის ქირაობისთვის, ჩვენი პარტიის აქტივის ჩათვლით, ყველას უარი ათქმევინეს ზეწოლით, მუქარით, დაჭერის, ბიზნესის დაკარგვის საფრთხით. ვერავინ ვერ ახერხებდა ჩვენთვის ოფისის მოქირავებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პროტესტის ნიშნად, ადიგენის ცენტრში კარავი გაგვეშალა და ისე დაგვეწყო მუშაობა”.

“24 საათი” ნიქოზში დაგეგმილ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე წერს. ღონისძიება 3-დან 8 სექტემბრამდე გაიმართება. ავტორი წერს, რომ ფესტივალის შექმნის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ესაიას ეკუთვნის, “რასაც წინ უსწრებდა მის მიერ ამ სოფელში სახელოვნებო სკოლის შექმნა”. ნიზოქის ფესტივალი არ იქნება ტრადიციული კონკურსი, არამედ უფრო სახელოვნებო ფორუმის სახე ექნება. ნიქოზის სახელოვნებო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა, გელა კანდელაკმა, “24 საათს” უთხრა: “ანიმაცია არ არის ნივთის გადაადგილება, ანდა ადამიანის მოძრაობის ჩვენება, მისი მიზანი ადამიანის სულის მოძრაობის ჩვენებაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ანიმაციიდან განიდევნა თბილი გმირები, დაიკარგა სულიერება და სიკეთის ნაცვლად აგრესია იფრქვევა. მთელ მსოფლიოშია ამის კრიზისია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG