Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 23 აგვისტო


” ’ოცნების’ აქცია და ”გადმოწეული” თბილისობა” – ”რეზონანსი” წერს ”ქართული ოცნების” მიერ 29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი აქციისა და არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ”თბილისობის” დანიშვნის შესახებ. პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ”რეზონანსს” უთხრა: ”ამ აქციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან, ფაქტობრივად, ეს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც გადამწყვეტი შერკინება იქნება არჩევნების წინო”. ლაგაზიძე თვლის, რომ თბილისობის ოქტომბრის დასაწყისში გადმოტანა არჩევნების შემდგომ აქციებს უკავშირდება: ”ანუ აქციებს 2-5 ოქტომბრის ფარგლებში აიტანენ და მერე იტყვიან, რომ თბილისობა უნდა გაიმართოს და ოპოზიციას ეტყვიან, რომ, თუ უნდათ, აქციები სხვაგან ჩაატარონ”.

”ალია” დაინტერესდა, როდის დაიწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში პარტიების პირველი პირების დებატები. კორესპონდენტი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს დაუკავშირდა. გახელაძე ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ დებატები სექტემბერში გაიმართება: ”როგორც წესი, ეს დებატები იმართება უფრო არჩევნების დღისკენ, როცა საზოგადოებრივი ინტერესი მაქსიმალურია, ანუ, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლო კვირაში გვექნება დებატები”, - ამბობს ლევან გახელაძე და აზუსტებს, რომ პირველ პირებს შორის დებატებს გულისხმობს: ”რაც შეეხება მეორე ეშელონის ლიდერებისთვის დებატებს, ჩვენ გვაქვს ტოქშოუები, იქნება ”მოამბეში” მოწვევები და ა.შ.”.

”ალიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა პაპუაშვილთან: ”ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და ეს არის კიდევ ერთი გამარჯვების რეცეპტი. შეწყვიტეთ ამ გაუგონარ უსამართლობასთან მეგობრობა და გადარჩენილები ვართ”.

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი ”ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიას საბურთალოს ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატთა შეცვლის ალბათობაზე ეკითხება: ”აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუკი რომელიმე ოპოზიციონერს ჩემთან აქვს კონკურენციის განცდა და ფიქრობს, ჯონდის მაღალი რეიტინგი აქვს და ჯობს ჩავყლაპოთო, შეცდომაა. ჯერ ერთი, ასე ადვილად ჩასაყლაპი არ ვარ და, მეორე, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ოპოზიციური კანდიდატი ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად ჩაყლაპოს”.

”ახალ თაობაში” ირინა სარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”სააკაშვილი თავის დამზღვევ მექანიზმად მაინც დაიტოვებს პროვოკაციას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებითა და ძალისმიერი მოწოდებებით უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმის თაობაზე, თუ როდის გეგმავს ის ამის გაკეთებას - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. მე არ გამოვრიცხავ, რომ, თუ მძლავრი არა, რაღაცა ფორმის გენერალური რეპეტიცია მაინც შეიძლება სააკაშვილმა არჩევნებამდეც ჩაატაროს და შეიძლება ეს შეეხოს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ვოიაჟებს”.

”24 საათი” წერს, რომ ”ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია GeolibTV და ლიტერატურული ფორუმი ”ებლიტფო” იწყებს ლიტერატურულ კონკურსთა ციკლს - ”თაობები 2012”. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ეს იქნება, პირველ რიგში, მკითხველთა კონკურსები, რაც შემადგენელი ნაწილია იმ საბიბლიოთეკო აქციებისა, რომელიც ითვალისწინებს მკითხველის წახალისებას და ყურადღების მიპყრობას ბიბლიოთეკისკენ”, - წერს ”24 საათის” ავტორი და აზუსტებს, რომ საკონკურსო ნაწარმოებები სადისკუსიოდ ეროვნული ბიბლიოთეკის შესაბამის საიტზე და ”ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნდება. გამარჯვებული ”მოწონებების” – ”ლაიკების” რაოდენობით გამოვლინდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG