Accessibility links

დღევანდელ პრესაში არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება, რომლებშიც არჩევნების პერიოდთან დაკავშირებულ საფრთხეებზეა ლაპარაკი. ინტერნეტგამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთმა მათგანმა უკვე მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება - “კვირის პალიტრამ” ინტერვიუ აიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, საქართველოს მეგობრების ჯგუფის დამფუძნებელ იუჯინ პურსოსგან. ის აცხადებს, რომ “საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში ჩაფლულ ქვეყანას არაფრით ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება”. იუჯინ პურსო ეგვიპტის მაგალითს ახსენებს: “ეგვიპტეში საქმე სისხლისღვრამდე იმის გამო მივიდა, რომ იქ არსებულ პრობლემებზე მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად რეაგირება. თავს მოვალედ ვთვლი, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ეგვიპტე”, - აცხადებს იუჯინ პურსო, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“კვირის ქრონიკის” პირველ გვერდზეა გამოტანილი ფრაზა ინტერვიუდან მამუკა არეშიძესთან. ის საზოგადოებას სექტემბრის შუა რიცხვებში მოსალოდნელი “სერიოზული საფრთხის” შესახებ აფრთხილებს. ინტერვიუში არეშიძე ხელისუფლების მიერ სამხედრო აქტივობისთვის ძალების მზადებაზე ლაპარაკობს. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება სხვადასხვა გზით ვერ მოახერხებს დიდი ანგარიშით გამარჯვებას არჩევნებში ან ჩათვლის, რომ ვერ იმუშავებს არჩევნების გაყალბების გამო ქუჩაში გამოსული ხალხის დარბევა, ის აამუშავებს “მესამე ფაქტორს”: “მოეწყობა პროვოცირება “სამხრეთ ოსეთის” პირობით საზღვარზე. განმეორდება 2008 წელი, ოღონდ უკვე სხვა შედეგით. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ტოვებს საქართველოს, აცხადებს, რომ ის არის დევნილი და აგრესიის მსხვერპლი”. “კვირის ქრონიკაშივე” ნინო ბურჯანაძის ინტერვიუშიც წაიკითხავთ იმის შესახებ, რომ, ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში, სააკაშვილი ყველაფერზე, მათ შორის - ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩაბმაზეც არის წამსვლელი.

“რეზონანსი/მთელი კვირის” კორესპონდენტი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლალი მოროშკინას ესაუბრა. მოროშკინაც საფრთხეზე ლაპარაკობს: “საშიშროების წინაშე იმიტომ კი არ ვდგავართ, რომ ერთი ჯგუფი მეორეს დაეჯახება, არამედ იმიტომ, რომ ისე თავხედურად გაყალბდება არჩევნები, რომ გადარეული ხალხი ქუჩაში გამოვა”. მოროშკინა ერთ-ერთ გამოსავლად არჩევნების ბოიკოტირებას ასახელებს.
“ვერსია” წერს დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ყოფილი ავტომანქანის აუქციონზე გაყიდვის შესახებ. ავტორი წერს, რომ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ პარლამენტის ავტოფარეხში დარჩენილი ავტომანქანა “შევროლე ბლეიზერი”, რომლითაც ის სარგებლობდა, ჟვანიას თანაპარტიელმა რომან კუსიანმა შეისყიდა და პრემიერ-მინისტრის ოჯახს გადასცა. მას შემდეგ, რაც რომან კუსიანი “ქართული ოცნებისთვის” შეწირული თანხის გამო აუდიტის სამსახურმა დააჯარიმა, აღსრულებისთვის მისი ქონება, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის გადაცემული ავტომანქანა, აუქციონზე გაიტანა. რომან კუსიანს ავტომანქანის დროულად გადაფორმება ვერ მოუხერხებია და ის დღემდე მის საკუთრებად ითვლება.

“ახალ თაობას” პოლიტიკური დებატების შესახებ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. ის ამბობს: “გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ რევოლუციური ნაბიჯია მერაბიშვილის თანხმობა, ივანიშვილთან დაჯდეს დებატებზე - ოპოზიციის, ვიმეორებ, ერთ-ერთ ლიდერთან. მართალია, ყველაზე გავლენიანთან, მაგრამ მაინც ერთ-ერთთან. მაგრამ რატომ არ თანხმდება ივანიშვილი? ჩვენთვის ბევრი დეტალი უცნობია”.

კახა კახიშვილს კი “ახალი თაობის” კორესპონდენტი ეკითხება, რომელ თანამდებობაზე იგრძნობს ყველაზე კომფორტულად თავს მიხეილ სააკაშვილი. – “ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის ყველაზე კარგი თანამდებობა, გამომდინარე მისი ხასიათიდან და ამბიციებიდან, იქნება პარლამენტის თავმჯდომარეობა, იმიტომ რომ მას არ მოუწევს ოცდაოთხსაათიან სამუშაო რეჟიმში ყოფნაო”, პასუხობს კახიშვილი.

“ასავალ-დასავლის” რამდენიმე პუბლიკაცია ეძღვნება იმას, რომ კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი 41 სჯობს 7-იანს. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნუკრი ქანთარია, ამბობს: “7 ნომრის არმინიჭება ჩვენს მთავარ ბრძოლას ხელს ვერ შეუშლის. 41 ასოციაციური რიცხვია, ასეთი სათაური აქვს ძალიან ბევრ ნაწარმოებსა თუ ფილმს და, რაც მთავარია, 41 ასოცირდება ფაშიზმზე გამარჯვებასთან”. “ასავალ-დასავლის” ერთ-ერთი ჟურნალისტი კი წერს, რომ “ზუგდიდს გაუჩნდა შანსი მოიშოროს ახალაიების კლანი”.
XS
SM
MD
LG