Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 25 ოქტომბერი


”ამნისტია იქნება... ვის შეეხება, ჯერ არ იციან” – ”რეზონანსი” აქვეყნებს მოსალოდნელი ამნისტიის შესახებ მოსაზრებებს. სტატიის ბოლოდან დავიწყებ, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარია ამნისტიის საკითხზე. ის განმარტავს: ”ამნისტიის შინაარსის თაობაზე საუბარი წინასწარ იკრძალება. მისი არსი ისაა, რომ ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება პატიმრებთან მიმართებაში. ასე რომ, ვერც მუხლებს და ვერც პირთა წრეს, ვის შეიძლება ეს შეეხოს, სამწუხაროდ, წინასწარ ვერ გეტყვით. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, რაზეც ჯერ არ გვიმსჯელია”. ამავე სტატიაში რამდენიმე ადვოკატი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამნისტია მეტ-ნაკლებად ყველა პატიმარს უნდა შეეხოს - იქნება ეს გათავისუფლება, სასჯელის განახევრება თუ რამდენიმე წლით შემცირება.

”ალიაში” პატიმარ მელორ ვაჩნაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ვაჩნაძე ჰყვება პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტებზე და მისი საქმის ე.წ. ”შეკერვის” ისტორიას, რომელიც ასე დასრულდა: ”ბოლოს მხოლოდ გარდაცვლილი ”სოდის” თანამშრომლის ჩვენებით დამაპატიმრეს, რაც კანონით არის აკრძალული”. მელორ ვაჩნაძე აგრეთვე ჰყვება: ”სხვათა შორის, პოლიტპატიმრების სანახავად ხშირად მოდიოდა ეკა ხერხეულიძე, რომელსაც ამ ყველაფერს ვუყვებოდით, მაგრამ იცით, რას ამბობდა - თქვენ ხომ არ გცემენ და რა გინდათო?! ხერხეულიძე იმასაც გვეუბნებოდა, მესმის, რომ ტყუილად ზიხართ პოლიტპატიმრები ციხეში, ერთ დროს მეც ვიყავი დისიდენტი. რა ვქნათ, დღეს ასეა დემოკრატიისთვის საჭიროო”.

”ალიას” პირველ გვერდზე დღეს ელისო კილაძესთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩვენი საქართველოს” ხელმძღვანელთან ინტერვიუს ანონსს ეთმობა დიდი ადგილი. ელისო კილაძე ჰყვება, რომ 23 ოქტომბერს მას დიმიტრი შაშკინმა შეცდომით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც, კილაძის ვარაუდით (რადგან, მისივე მტკიცებით, მერაბიშვილისა და მისი ტელეფონის ნომრები ერთმანეთს ჰგავს), მას ვანო მერაბიშვილისთვის უნდოდა გაეგზავნა. კილაძის თქმით, შაშკინი ქვეყნიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ის ოქრუაშვილი არ გახდებოდა და
” ’მეოცნებეების’ მოთხოვნით” არ დაიწყებდა კოლეგებსა და პრეზიდენტზე ცრუ ჩვენებების მიცემას.

”24 საათი” აშუქებს საქართველოს პარლამენტში 24 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას უმცირესობასთან. ”ამომწურავად ნულოვანი პასუხები” - უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის სიტყვები აქვს ავტორს გამოტანილი სათაურად. დეპუტატთა ვრცელ ციტატებს სტატიაში ნახავთ.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ამჯერად ”ახალ თაობას” განუმარტავს თავის პოზიციას, რომ ყველა მოსამართლე დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს. ამას გარდა, ხატიაშვილი ამბობს: ”რასაც ნაციონალები აკეთებდნენ - ადამიანებს ხოცავდნენ. უბრალოდ, ერთი საქმის გამოძიება რომ ბოლომდე მივიყვანოთ, პირველ პირებზე გავდივართ. აფრასიძეების საქმე რომ გამოიძიონ, სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთება. სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, მე გავეცი ამ ადამიანების დახოცვის ბრძანებაო.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” გია ხუხაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ”როგორც პოლიტიკური ფიგურა, დამთავრებულია, მორჩენილია” და ზედმეტად თვლის მისი გამონათქვამების კომენტირებას. ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ხელისუფლების ცვლილების კვალობაზე ქონების ხელახალი გადანაწილების დაწყების ალბათობას შეეხება, ხუხაშვილი პასუხობს: ”არსებული ბიზნესი, რაც დღეს მუშაობს ქვეყანაში, რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დალაგდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბიზნესი მაინცდამაინც ხელისუფლებაში იყოს ინტეგრირებული. იყო ბიზნესი, რომელიც ლოიალური იყო, იყო ბიზნესი, რომელიც ხარკს უხდიდა ხელისუფლებას. ვფიქრობ, მათი ამნისტირება სრულიად შესაძლებელია. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც თვითონ არიან ხელისუფლება, ბუნებრივია, ასეთი პოლიტიზებული ბიზნესი ბაზარზე ვერ დარჩება და ვერ გაძლებს. თუმცა, ვამბობ, რომ ეს ძალზე საფრთხილო პროცესია და ეს ყველაფერი არ უნდა დაემსგავსოს რევანშს და ”ახლა ჩვენი დროას” პრინციპით არ უნდა დაიწყოს მოქმედება”, - ეუბნება გია ხუხაშვილი ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG