Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 29 ოქტომბერი

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”ლიბერალით” დავიწყებთ, რომელიც დღეს მოწინავე სტატიად აქვეყნებს ინტერვიუს ნიკა ჯანჯღავასთან. ის ლაპარაკობს თავის მოსაზრებებზე, თუ რა პრობლემები იყო ქართულ ჯარში, როგორ უნდა მოხდეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და ასე შემდეგ. საუბრის დასაწყისში კი ჰყვება, თუ როგორ დააკავეს. ”მრგვალ ბაღთან პატრულის მანქანა გაჩერდა. გადმოვიდნენ, ხელბოკრილები დამადეს და თავისივე მანქანას უკანა ფარი ჩაუმტვრიეს, რომ ორი საქმე შემდგარიყო - ადმინისტრაციული და სისხლის სამართლისო. არავინ მითხრა, რატომ დამაპატიმრეს და ადვოკატი რომ მოვითხოვე, მითხრეს, მის მოსაყვანად 5 წუთი გაქვსო”, - ჰყვება ნიკა ჯანჯღავა და განმარტავს: ”მეგონა, სადმე იქვე ჰყავდათ, მაგრამ თურმე ჩემს ადვოკატზე ყოფილა საუბარი, თან ტელეფონის გამოყენების უფლება არ მომცესო”.

”კვირის პალიტრა” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან. სტატიის სათაურია - ”დასასჯელი ბევრია”. ის ჰყვება, თუ რის გაკეთებას აპირებს და როგორ და ამბობს: ”აუცილებელია, ერთმანეთისაგან გავმიჯნო საზოგადოებრივი აზრი და რეალური სამართალდარღვევა. შესაძლოა, საზოგადოებაში არსებობდეს აზრი ამა თუ იმ პირის დამნაშავეობის შესახებ, მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის გარეშე, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო არავის დასჯას არ ვაპირებო”. არჩილ კბილაშვილი დასძენს: ”მინდა გამოვაცხადო ერთგვარი მორატორიუმი ორი ან სამი კვირით, რათა ყველა მიმდინარე საქმე, რომელიც სასამართლოს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, შეჩერდეს. სახელმწიფო წლების წინ გამოტანილი განაჩენების გადახედვას აპირებს და აწმყოში უკანონოდ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელიაო”.

”ქრონიკა” არკვევს, ”ვინ ლობირებს აჭარის მომავალ მეთაურს არჩილ ხაბაძეს”. გაზეთს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ უთხრა, ”რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა გავიდოდა, მაგრამ ისევ ამუშავდა ქართული ინტრიგის მანქანა, რომელსაც სათავეში უდგას ადგილობრივი კოალიციის ზოგიერთი ლიდერიო”. ის ასევე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, თუ ვინ ვისი კადრია. ”ხაბაძე ალასანიას კადრია... ფუტკარაძე იყო მურმან დუმბაძის კადრი, ხოლო ახვლედიანი - ივანიშვილის კადრი. ბევრი ამბობს, შესაძლოა ივანიშვილმა ამ ეტაპზე იმიტომ დათმო, რომ არჩევნებში აქტიურ ძალებს ხარკი გადაუხადაო”, - უთხრა თამაზ ბაკურიძემ ”ქრონიკას”.
XS
SM
MD
LG