Accessibility links

logo-print
”უმრავლესობა პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სამსახურს ართმევს” - გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ამ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ახალი უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სამსახურს მთავრობას უქვემდებარებს, რაც, უმცირესობის აზრით, ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მის კომპეტენციაში არარსებული კიდევ ერთი ბერკეტის ხელში ჩაგდებას ცდილობს და, შესაბამისად, ეწევა პრეზიდენტის პროვოცირებას, მან ვეტოს უფლება გამოიყენოს.

გაზეთი ”ახალი თაობა” კი დღეს მკითხველის ყურადღებას პარლამენტის ახალი შენობის რადიაციული დაბინძურების საკითხზე ამახვილებს. გაზეთი აქვეყნებს ორგანიზაციის” მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” წერილს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის შენობაში აუცილებელია სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური ექსპერტიზა, პირველ რიგში კი, რადონის უსაფრთხოების ექსპერტიზა. ორგანიზაციის თანახმად, რადონის დოზების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პარლამენტის შენობა წყალტუბოს რადონის წყლების ტერიტორიიდან სულ რაღაც 5 კილომეტრითაა დაშორებული, რაც საშიშროებას ზრდის. რადონის - უსუნო, უგემო და ჯანმრთელობისთვის საშიში მომწამლავი აირის - კრიტიკული კონცენტრაცია შენობაში უმძიმესი დაავადებების გამომწვევი ფაქტორია, -აღნიშნულია „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით ”დეპუტატები შეიძლება მძიმედ დაავადდნენ.”

კუდისა და სოდის მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტები დღეს გამოსული ბეჭდური მედიის მთავარი თემაა. გაზეთ ”24 საათში” ქვეყნდება ვრცელი წერილი, სათაურით ” გიგი უგულავა მძიმე დაპირისპირებას პროგნოზირებს”. ”თუ მთავრობა პოლიტიკური შანტაჟით სიარულს გადაწყვეტს, თუ არჩეული აქვს რევანშის გზა, ეს არის ის ბუმერანგი, რომელიც რაც არ უნდა ცხრა მთას იქით ისროლო და სადაც არ უნდა გაიქცე, უკან მაინც დაგეწევა და ცხვირში მოგხვდება”, - განაცხადა გიგი უგულავამ 15 ნოემბერს, მისი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას. 15 ნოემბრის დაკავებებზე „24 საათი“ აქვეყნებს ასევე დეპუტატების მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მოსაზრებებს. ”პროკურატურას აქვს ვალდებულება გამოავლინოს დანაშაული, -აღნიშნავს ეკა ბესელია, - არავის აქვს ხელშეუხებლობა. ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა უამრავი კანონდარღვევა და სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ პოლიტიკურ დევნას არ დავუშვებთ”, - წაიკითხავთ გაზეთ „24 საათში“.

”დღეს „ეროვნული ფორუმის“ უპირველესი ინტერესია პარტია ”ქართული ოცნება“ გააძლიეროს”, - უთხრა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გაზეთ ”ვერსიას”. ”მე რომ მკითხოთ, რა განსხვავებაა ”ფორუმისა” და ”ოცნების” იდეოლოგიაში , ვერაფერს გიპასუხებთ“, განაგრძობს იგი და აღნიშნავს, რომ „საკითხი ორმხრივია და როდის რა მოხდება, ძნელი სათქმელია“.

ამავე გაზეთის ფურცლებზე წაიკითხავთ, რომ 26 მაისის აქციების დროს დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობის დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე. მანამდე კი პროკურატურა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის საკითხს შეისწავლის.
XS
SM
MD
LG