Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 14 დეკემბერი

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი პრესა კვლავაც აქტიურად განიხილავს იმას, თუ რა ხდება საქართველოში დაკავებების თვალსაზრისით, რა რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით დასავლეთს და რამდენად მართებულია ეს რეაქცია. „ვერსიით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან. ის ამბობს: "ნაციონალების" ხშირი აპელირება ტიმოშენკოსა და უკრაინის მაგალითით უკვე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკაში ჩადებულია ის მიმართულება, რომ დასავლეთს ტიმოშენკოდ მიჰყიდონ თავი". რამაზ საყვარელიძე ამბობს, პრეზიდენტი სააკაშვილი შეიძლება გადადგეს კიდევაც, თუ დაინახავს, რომ ამ ნაბიჯით შეიძლება დასავლეთს თავი პოლიტიკურ დევნილად წარმოუდგინოსო.

იმასვე წერს ”ახალი თაობა”. "სააკაშვილი ლობისტურ კომპანიებს "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის იყენებს” - ასეთია გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის სათაური. სააკაშვილს სურს დაითანხმოს ივანიშვილი, რომ საგარეო პოლიტიკა მთლიანად პრეზიდენტს გადააბაროს, თავად კი მთლიანად საშინაო სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები დაიტოვოს, - წერს გაზეთი და დასძენს, სავარაუდოდ, პრეზიდენტს ეს არ გამოუვაო. ავტორი წერს: ”ცხადია, იმ ვითარებაში, როცა სააკაშვილი, მერაბიშვილი და ბოკერია წვრილი და მსხვილი ნაცმენების დახმარებით ცდილობენ ახალი ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დევნად მონათლონ და დასავლეთიც ამაში დაარწმუნონ, ივანიშვილი ისეთ აქტიურ სამოქმედო ასპარეზს, როგორიც საგარეო მიმართულებაა, მას მთლიანად არ დაუთმობსო”. ”ახალი თაობა” დასძენს, რომ რეფორმები, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა გეგმავს, ყველა მიმართულებით სერიოზულ აგიტაციას საჭიროებს დასავლეთში”.

რაც შეეხება მოსალოდნელ დაკავებებს, ამაზე ”რეზონანსი” წერს დღეს სტატიაში, რომლის სათაურიცაა: „დაკარგულ 10 მილიონზე ყოფილ ჩინოვნიკებს გამოძიებასთან საუბარი არ სურთ". გაზეთი სახელმწიფოს მიერ რიყის გასხვისებასა და შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, გაცილებით ძვირად გამოსყიდვაზე წერს. ”რეზონანსი” იხსენებს: იმ პერიოდში სწორედ მაქაცარია და საყვარელიძე იყვნენ მერიის მიწის მართვის კომისიის წევრები. არსებობს ეჭვი, რომ რიყის გასხვისება-გამოსყიდვით ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა რამდენიმე მილიონი ლარი ბიუჯეტის ხარჯზე იშოვესო. გაზეთი ახალგაზრდა იურისტების დასკვნასაც იშველიებს: „დოკუმენტაციიდან არ ჩანს, რომ რიყის ტერიტორიაზე მისი გასხვისების შემდეგ რაიმე გაუმჯობესდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაიხადა სახელმწიფომ 7 მილიონად გაყიდულ ქონებაში 10 მილიონით მეტიო".
XS
SM
MD
LG