Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 17 დეკემბერი


დღეს გამოვიდა ჟურნალი “ლიბერალი”. ნომრის მთავარი თემა გარემოვაჭრეები, მათი სოციალური მდგომარეობა და მათ მიმართ თბილისის მერიის პოლიტიკაა.
დღევანდელ “ლიბერალში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კონსტანტინე კუბლაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის სასამართლოს წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დამოუკიდებლობას ასახელებს. ამავე ინტერვიუში კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოს მუშაობის გაშუქების შესახებაც ლაპარაკობს: “ახალ ხელისუფლებასაც იმას ვეუბნები, რასაც ძველს ვეუბნებოდი, რომ უმჯობესი იქნება არა მთელი პროცესის ტრანსლირება, არამედ მხოლოდ ნაწილის, რაც მხარეებს თუ მოწმეებს საფრთხეს არ შეუქმნის”.
ამავე თემას “რეზონანსი/მთელი კვირისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ეხება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ის ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გეგმებზე ლაპარაკობს და სისტემის გაჯანსაღების ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს სასამართლო პროცესზე გადაღების კვლავ დაშვებას: “უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მართლმსაჯულება ცხრაკლიტულს მიღმა ხორციელდებოდა და საზოგადოებას ფაქტობრივად არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, გაეკონტროლებინა, როგორ მუშაობს სასამართლო. პროცესი კი ღიაა, მაგრამ დასწრება ყველას არ შეუძლია. ამიტომაც, კუბლაშვილების გარდა, დღეს არავის სჯერა, რომ სასამართლოს მოსახლეობის 85% ენდობა”.

“როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილებას ვიღებდი, გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზები მქონდა აქ შექმნილ გარემოზე, რაც გავლენას იქონიებდა ჩემი და ჩემი მეგობრების საქმეების განხილვაზეო”, ეუბნება ირაკლი ოქრუაშვილი “კვირის პალიტრას”. ამავე ინტერვიუში ის აღნიშნავს: “უპირველესად თვალში გვხვდება, რომ საქმეზე გამოდიან იგივე პროკურორები, რომლებიც ადეიშვილმა გამოყო, ანუ ისინი, რომლებმაც შეთითხნეს ბრალდება, თითქოს 9 კაცი ერთი ხელის მოსმით ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას”.

“კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე დაანონსებულია ინტერვიუ - “ირინა ენუქიძის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...”. დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე “კვირის პალიტრას” ეუბნება, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ინახულა ირინა ენუქიძე, რომელიც პანკრეასის სიმსივნით იყო ავად. გოგიჩაძის თქმით, ირინა ენუქიძეს მისთვის უთხოვია, “როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო”.

დღევანდელ პრესაში კიდევ ერთხელ არის წამოწეული ზურაბ ჟვანიას საქმე. “ასავალ-დასავალის” დიდი ნაწილი სწორედ ამ თემაზე ინტერვიუებს ეთმობა. გაზეთი განმეორებით ბეჭდავს ინტერვიუს ვალერი გელბახიანთან, რომელიც, მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილის მონათხრობს ეყრდნობა და ჰყვება, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილის მიერ რკინის საფერფლის სროლის შედეგად გარდაიცვალა.

“მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ ჟვანია გაზითაა გაგუდული”, - აცხადებს შალვა ოგბაიძე “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ის ჟვანიასა და სააკაშვილთან ურთიერთობის არაერთ დეტალს იხსენებს.
“კვირის ქრონიკაში” დოდო სიდიანთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის დეტალურად იხსენებს მის, იმავე აფრასიძეების, ოჯახზე 2004 წელს განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალებს. ამბობს, რომ მაშინ ადგილზე იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი: “ხოლო ბარამიძე ხომ სულ თავიდან ბოლომდე იქ იყო! ეს ყველამ იცის, ეგენი აქ ყველამ ნახაო”, ამობს დოდო სიდიანი.

”ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსს დაიჭერენ!” - ეს ”ვერსიის” პირველი გვერდია. სტატიაში წაიკითხავთ: ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი თბილისის მერიის კონკრეტულ ტენდერებს, კერძოდ, გამწვანების რამდენიმე ლოტის შესყიდვის საკითხებს სწავლობს. სწორედ ამ ტენდერში ამოტივტივდა შპს ”გრინსერვისი”, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი დაცვის სამსახურიდან ბიზნესში გადატყორცნილი ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძეა”. ”ვერსიის” ავტორი აღნიშნავს, რომ ხარშილაძესთან კითხვები ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებსაც აქვთ: ”ზურაბ ჟვანიას პირადი სეიფიდან პირადი ნივთებისა და დოკუმენტების სასწრაფო წესით გატანაში ხარშილაძეს ადანაშაულებდა გოგლა ჟვანიაო”, წერს ”ვერსია”.

”ვერსიაშივე”, ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: ”დღესაც ვითხოვ, შეგვიშვან ციხეებში, რათა დავადგინოთ, კიდევ ვინ ზის პოლიტიკური მოტივით - იქ ბევრი უპატრონო პატიმარია, ვისაც ჩვენამდე მოღწევის საშუალება არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ ბევრი ადამიანი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა”, - ამბობს ნანა კაკაბაძე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG