Accessibility links

logo-print
„ივანიშვილი მზადაა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საშუალება მისცეს“ - ამ სათაურით გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. რას გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რა ხედვა აქვს მთავრობის მეთაურს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, როგორ აფასებს იგი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს და რა მოსაზრებები აქვს პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით - ესაა ძირითადი თემები, რაზეც ივანიშვილმა ინტერვიუში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს და სამთავრობო კრიზისს შექმნის, პრემიერ-მინისტრი პასუხობს: ” მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხვალვე გავყვებით. პარლამენტში უმრავლესობა არ შევა და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ. პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ”.

„ამ სამ ადამიანს დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლად უფრო განვიხილავ, ვიდრე დამნაშავედ“, -უთხრა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა გაზეთ ”ვერსიას” გვარამია-ხეთაგური-დამენიას დაპატიმრების შესახებ. ხუხაშვილის აზრით, გვარამია-ხეთაგური-დამენია „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პოლიტიკური ინტერესის მსხვერპლნი გახდნენ და ისინი მახინჯ და კრიმინალურ ოპერაციაში გამოიყენეს. ”არ მინდა კატეგორიული ვიყო, -ამბობს გია ხუხაშვილი, - მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ფულით მათ არ უსარგებლიათ. ჩემი აზრით, ეგრეთ წოდებულმა დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლა, რომელსაც ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვიცნობთ”.

კითხვაზე კი, უკავშირდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებები და ქმედებები ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი პასუხობს, რომ არამხოლოდ. ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ ”ახალ თაობას” მისცა, ნათქვამია, რომ მუდმივი საფრთხე ყოფილი ხელისუფლებისთვის არის არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ მალე საზოგადოებისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და სხვა ამგვარი დანაშაულების შესახებ რეალური ინფორმაცია გახდება ცნობილი. სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ, შესაბამისად, ვიდრე ეს ადამიანები ოფიციალურად მოინათლებიან კრიმინალებად, სურთ მსოფლიო დაარწმუნონ, რომ ისინი პოლიტიკური დევნის სუბიექტები არიან.

„სააკაშვილმა და ვარშალომიძემ საქართველოს ქონება იპოთეკით დატვირთეს“, -ვკითხულობთ გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში”. გაზეთი აჭარის ახალი მთავრობის მიერ აჭარის ზღვისპირა ზოლში 21 სასტუროს გასხვისების ხელშეკრულების სამართლიანობის საკითხს ეხება. გაზეთის თანახმად, ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროები „სილქ როუდ გრუპის“ შვილობილ ახლად შექმნილ კომპანიას 17 მილიონ 500 000 ლარად გადასცეს. კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და მას ქონება უნდა ჩამოერთვას, თუმცა სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან სასტუმროები იპოთეკითაა დატვირთული. თუ სახელმწიფო უკან დაიბრუნებს სასტუმროებს, მას საბანკო ვალების გადახდა მოუწევს. ვინ გადაიხდის ფულს? ამ კითხვაზე პასუხს ”საქართველოს რესპუბლიკა” პროკურატურისგან ელის.
XS
SM
MD
LG