Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა პრემიერ-მინისტრის 24 დეკემბრის პრესკონფერენციას აშუქებს: “რეზონანსი” – “ივანიშვილი სააკაშვილთან შესახვედრად მზადაა”; “24 საათი” – “ივანიშვილი მედიის წინაშე” და “ოპონენტები პრემიერის პრესკონფერენციის შესახებ”; “ახალი თაობა” – “დენი გაიაფდა/რას მოილაპარაკებს პრემიერი აზერბაიჯანელებთან”; “საქართველოს რესპუბლიკას” კი ივანიშვილის სიტყვები აქვს პირველ გვერდზე გამოტანილი:

“სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიული გამონათქვამები”.

ჟურნალ “ტაბულის” გარეკანზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ფოტოა. მასთან საუბრისას ჟურნალის კორესპონდენტი დასავლეთიდან დროდადრო მომდინარე შეშფოთებისა და კრიტიკის გამოხატვას ეხება. მაია ფანჯიკიძე აცხადებს: “ძალიან მალე ყველა ეს ეჭვი გაიფანტება, რადგანაც მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, პოლიტიკური დაპატიმრებები საქართველოში აღარ ყოფილა. ეს პროცესი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც დღეს არის, საქართვეოში არასდროს ყოფილა - კანონი დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული. ჩემთვის ცოტა გასაკვირია ასეთი საყვედური, როდესაც მთელი გასული წელი იყო იმის საპირისპირო მაგალითი, რასაც ახლა ჩვენგან მოელიან”. “ტაბულაშივე” დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯუდით გოფთან ინტერვიუში წაიკითხავთ: “სავსებით სწორია, რომ თანამდებობის პირებმა პასუხი აგონ ამომრჩევლებისა და გადასახადის გადამხდელთა წინაშე. თუმცა, თუკი სისხლისამართლებრივი დევნა აუცილებელია რომელიმე საჯარო თანამდებობის პირის წინააღმდეგ, მაშინ ეს საქმე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე. არ უნდა მოხდეს შერჩევით და პოლიტიკური მოტივებით”.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეძღვნება სტატია “საქართველოს რესპუბლიკაში”. სათაურია - “საგარეო-პოლიტიკური კრიზისი თუ “ჯვაროსნული ლაშქრობა” ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ?”. ავტორი წერს: “საკუთარი თავის მოტყუების “ჭაობიდან” ამოსვლისა და პოლიტიკური რეპუტაციის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება მხოლოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მათგანი, პირველ რიგში კი, ღირსეული მეომარი და გმირი ჯონ მაკკეინი, მოახერხებს ამას. ისე, რაც არ უნდა ილაპარაკონ და გვატკინონ გული კონ მაკკეინმა, კარლ ბილდტმა თუ ჯო ლიბერმანმა, დასავლეთი იყო, არის და ყოველთვის დარჩება საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის გულწრფელი მხარდამჭერი”, - წერს “საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
“ირაკლი ოქრუაშვილი რომ პოლიტპატიმარია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს”, - ეუბნება “ახალ თაობას” ადვოკატი ლალი აფციაური და განაგრძობს: “აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც მოწესრიგდება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ბრალდება იმდენად სუსტია, უფრო სწორად, ისე აშკარად ჩანს, რომ ბრალდება შეთითხნილია, რომ ნათელია საქმეზე პოლიტიკური ინტერესი”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგა ჟვანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება “რეზონანსში”. ის სახალისოდ თვლის პრეზიდენტის მიერ არჩევნებიდან 6 თვის თავზე პარლამენტის დათხოვნის ვერსიას: “ძალიან სახალისო იქნება, თუ ასე იქნება, რადგან თუ დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში 60 დეპუტატი ჰყავს, მაშინ ბევრად ნაკლები ეყოლება”.

“რეზონანსი” წერს, რომ “სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა შეჩერებულია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიდრე ახალი საპრივატიზაციო პოლიტიკა არ განისაზღვრება, სასოფლო-სამეურნეო მიწები არ გაიყიდება. ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებისას განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გაიზიარონ, სადაც ეს პროცესი მკაცრად რეგულირდება”, - წერს “რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG