Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 8 იანვარი


”მთავრობა პრეზიდენტს მისი დათხოვნის უფლებას შეუზღუდავს/საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა იწყება” – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია ”რეზონანსში”. ავტორი წერს, რომ ”სათანადო კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვისთვის საჭირო ერთთვიანი პროცედურაც დაწყებულია”.

”რეზონანსიც” და ”ახალი თაობაც” დღეს წერენ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატურების შესახებ. ”ახალი თაობის” პირველ გვერდზეა სათაური-კითხვა: ”ირაკლი ალასანია ”ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება?”. ”რეზონანსი” კი წერს, რომ ”საპრეზიდენტო არჩევნებზე ექსპერტები უპირატესობას ალასანიას ანიჭებენ”, რადგან თვლიან, რომ ”პოლიტიკური გამოცდილებისა და მისი დადებითი საერთაშორისო იმიჯის გათვალისწინებით მეტი შანსი ალასანიას აქვს”. ”ახალი თაობის” სტატიაში კი წაიკითხავთ: ”ალასანიას კანდიდატურა ბევრისთვის არის მისაღები. ამბობენ, რომ ამერიკა სწორედ მასზე აკეთებს არჩევანს. ის მისაღებია რუსეთისთვისაც”. ამავე სტატიის ავტორი წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად ”ნაციონალურ მოძრაობასაც” ”კარგი ჯაფა დაადგება”. ნახსენებია პრეზიდენტობის სხვა სავარაუდო მსურველებიც: ”როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ცდის ბედს როინ ლიპარტელიანი. შალვა ნათელაშვილსა და გიორგი თარგამაძესაც შესაძლოა მოუნდეთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა”, - წერს ”ახალი თაობა”.

ამავე გაზეთში დღეს თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვდებთ დოკუმენტებს 20 იანვარს, რომ უნდა გასამართლდეს ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას. უნდა გასამართლდეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ელიტარული კორუფციისთვის, რომლის სათავეშიც პირადად სააკაშვილი დგას”. ამავე ინტერვიუში შაშიაშვილი აცხადებს: ”სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის დიდგორი, დიდგორი არის სწორედ იმ ძალების დამარცხება, რომელზეც სააკაშვილი დგას. ეს არის ქართული ცნობიერების საწინააღმდეგოდ მომართული ძალები. ამათ უნდათ, რომ მართლმადიდებელი რელიგია მოკვდეს და ყველა სიძველე, ტრადიცია”.

”ბიზნეს-რეზონანსში” დღეს წაიკითხავთ, რომ ”ერთ წელიწადში ”აყვავებული” ნავთობკომპანია ”გალფი” სამ კომპანიად დაიშლება. ”სენტას” მფლობელმა ზაალ იაკობიძემ წართმეული ავტოგასამართი სადგურების დასაბრუნებლად პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. ”მაგნატის” ქსელის დაბრუნებას აპირებენ მისი მფლობელები, პროკურატურაში სარჩელი მათაც შეიტანეს. ასე რომ, თუკი სასამართლომ ყოფილი მფლობელების სარჩელი სამართლიანად ცნო, ”გალფის” ქსელში მხოლოდ ”ეკოსა” და ”ლუკოილისგან” შეძენილი რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დარჩება”, - წერს ”ბიზნეს-რეზონანსის” ავტორი, რომლის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ”ეკონომკლასის ახალი ბრენდი გაჩნდება”. ”ახალი კომპანიის” (ან კომპანიების) მიზანი იქნება ის, რომ, ხელისუფლების დახმარებით, ბაზარზე საწვავი დაბალი ფასით გამოიტანონ, რაც მსხვილ კომპანიებს მარჟის შემცირებას აიძულებს”.

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი”, რომელიც მკითხველს სთავაზობს სპეცპროექტს - ”ადამიანები, რომლებმაც შექმნეს მოვლენები” 2012 წელს. არის სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ამ ადამიანების პორტრეტები, მინაწერებით, თუ ვინ რა მოვლენა შექმნა. ჩამონათვალი 36 წლის სცენარისტ ქეთი დევდარიანით იწყება, რომელმაც ”გასული წლის ყველაზე რეიტინგული, მაგრამ არამეინსტრიმული ტელესერიალის - ”ჩემი ცოლის დაქალების” სცენარი დაწერა“; მას მოჰყვება იმ მუსიკოსების ფოტო, რომლებმაც ”შექმნეს ჰიმნი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანს თავისუფალ ნებას ართმევს” – ”სისტემა უნდა დაინგრეს”; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნოვატორი დირექტორი, 28 წლის გიორგი კეკელიძე; ავტორი სადებიუტო ფილმისა ”გაიღიმეთ”, კინორეჟისორი რუსუდან ჭყონია; ნახავთ აგრეთვე მოძრაობის - ”გაამაგრე გუდიაშვილის მოედანი” აქტივისტების ჯგუფს; პიესა ”ნავიგატორით” დრამატურგიის ქართული კონტექსტის გამრღვევ მწერალ ლაშა ბუღაძეს; რობერტ სტურუას, რომელმაც ”მოახერხა შეენარჩუნებინა ქართული თეატრის ”შეუცვლელი” რეჟისორის სტატუსი”. 2012 წლის ადამიანების ჩამონათვალში ნახავთ კახა ბენდუქიძეს, რომელმაც ”ქართველ ბიზნესმენებს შორის საკუთარი ქონებიდან ყველაზე მეტი ფული დააბანდა საგანმანათლებლო ბიზნესში“; 18 წლის ჰაკერ ვასკა ჯამალაშვილს, რომელმაც ”შექმნა ვირუსი, რომელიც შეუმჩნევლად აღწევს კომპიუტერში და მას ფარული მოსმენის საშუალებად აქცევს. გასული წლის ადამიანების ჩამონათვალს ”ცხელი შოკოლადის” სპეცპროექტში ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი ასრულებს, მინაწერით: ”რადიკალურად შეცვალა ქართული პოლიტიკური რეალობა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG