Accessibility links

10 იანვარს გამოსული ქართული გაზეთები აქტიურად ეხმიანებიან ბაგრატის ტაძრის გაურკვეველი მომავლის თემას. ”ბაგრატის ტაძარმა, შესაძლოა, ”იუნესკოს” მფარველობა დაკარგოსო”, - წერს, მაგალითად, ”საქართველოს რესპუბლიკა”, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. გაზეთი აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდა და ამ საკითხზე საუბარიც სწორედ მათ შორის გაიმართა. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება. ”არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ საბუთების მომზადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შენარჩუნდეს ბაგრატი, როგორც ძეგლი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ამაზეც ვისაუბრეთ. თუ საბუთების მომზადება ვერ მოვასწარით, ვთხოვთ ეს საკითხი გადადონ”, - აცხადებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხოლო მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის განმარტებით, ”იუნესკოს” მფარველობაში ბაგრატის შესანარჩუნებლად კომპრომისულ ფორმას ეძებენ”, რადგანაც ”იუნესკოს” ნორმებს დღევანდელი ბაგრატი აღარ შეესაბამება და ის ასეთი სახით კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვეღარ დარჩება”. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით კი, წამყვან ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ბაგრატმა ”დაიბრუნოს საკადრისი ადგილი, როგორც დასრულებულმა სანიმუშო სარეკონსტრუქციო პროექტმა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში”.

პოლიტპატიმრები 13 იანვარს გათავისუფლდებიან - სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ეს განცხადება 10 იანვრის გაზეთ ”24 საათს” პირველი გვერდის სათაურად აქვს გამოტანილი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 13 იანვარს დილითვე დაიწყება. ”საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ვე ადამიანი ერთდროულად გამოვა. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გასტანს”, - აცხადებს სოზარ სუბარი. მინისტრი იქვე დარჩენილი პატიმრების ბედზეც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა, სასამართლოებს კი საქმეების განსახილველად ორთვიანი ვადა აქვთ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას 10 იანვარს გამოსული სხვა არაერთი გაზეთიც ეხმაურება.

სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებას 13 იანვრისთვის დაგეგმილ გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით პირველ გვერდზე აქვეყნებს, მაგალითად, გაზეთი ”ახალი თაობაც” და იმავე პირველი გვერდიდან გვატყობინებს ასევე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაადგილება თბილისში დღეში 50 ათასი ლარი ჯდება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მოსაზრებებს ბეჭდავს. ერთ-ერთ აბზაცში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ ”ინვესტორებმა სააკაშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს”. საუბარია პრეზიდენტის მიერ ორიოდე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე, როცა პრეზიდენტი ახალ მთავრობას საინვესტიციო პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებდა.

”სააკაშვილს ჩემი ეშინია” - ეს უკვე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვებია, რომლებიც 10 იანვრის გაზეთ ”რეზონანსს” პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატიის სათაურად გამოაქვს. გაზეთი გვამცნობს იუსტიციის მინისტრის შეფასებას, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარი პირადად პრეზიდენტის დავალებით არის აგორებული. როგორც თეა წულუკიანი ეუბნება გაზეთ ”რეზონანსს”, პრეზიდენტს მისი ეშინია და სწორედ მისი დისკრედიტაციის მიზნით ესხმიან თავს ცრუ ბრალდებებით მის ოჯახის წევრებს. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” გეგმებს აწყობს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ, თუმცა ეს მცდელობა მარცხით დამთავრდება. ”მაინც ჩავატარებ სასამართლო რეფორმას”, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
XS
SM
MD
LG