Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 28 იანვარი


დღევანდელი ქართული პრესისათვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქალაქის მერის მიერ ნახსენები სიტყვა ”ჩუკენობა” და ამ სიტყვის გამოყენების მართებულობა-არამართებულობა. ”რეზონანსი” მოწინავე სტატიაში კითხულობს, ”ვინ უნდა დაანებოს თავი ”ჩუკენობას” ქართულ პოლიტიკაშიო” და წერს, რომ ეს სიტყვა თავად მერიის პრესსამსახურსაც ეუხერხულა და ოფიციალურ ვებგვერდზე მერის განცხადებიდან ამოიღო, თუმცა ტელევიზიით ჩვენების შემდეგ საიტზე შესული შესწორება ვერაფერს ცვლისო. პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთს უთხრა, ნაციონალები ერთგვარად გამომწვევად იქცევიან და ამით ხელისუფლებას ეუბნებიან, თუ თავი გაქვს, დაგვიჭირეო.

„პრაიმ-ტაიმი“ დღეს ბაჩო ახალაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, ციხეში ნორმალურად ვარ, ჩემი უფლებები არ დაურღვევიათ და საპყრობილის თანამშრომლების მიმართ პრეტენზიები არა მაქვსო; საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ ჩემზე უამრავი მითი ტრიალებს, თითქოს მონსტრი, მკვლელი და მწამებელი ვიყო და არ მინდოდა ამ მითების ტვირთი ჩემი გუნდის წევრების მხრებზე გადასულიყოო.

მმართველ კოალიციაში შექმნილ ვითარებას დღეს ”კვირის ქრონიკა” განიხილავს ვრცელ სტატიაში, რომელსაც უზარმაზარი - ერთაბზაციანი - სათაური აქვს. აი, ამონარიდი ამ სათაურიდან: „კაცმა (იგულისხმება ივანიშვილი) ჭაობიდან ამოგიყვანათ, თითო პარტიას მილიონი მოგცათ, მარგინალები გაგაცოცხლათ, პარლამენტში შეგიყვანათ... დაიჯერეთ, რომ მაგრები ხართ?“ ეს ინტერვიუ არ არის, ამას თავად ავტორი ამბობს, რომელიც სტატიაში იმასაც კითხულობს, რამდენად კაცური იყო ირაკლი ალასანიას ქმედება, როდესაც ბიძინას ზურგს უკან პარტიაში საკუთარ თავს პრეზიდენტად განიხილავდაო. ამ სტატიაში ბევრ რამეზეა ლაპარაკი, მათ შორის იმაზე, „არაა გამორიცხული ალასანია ჩაიძიროს და მის ნაცვლად ნინო ბურჯანაძე წამოიწიოს, რომელიც ჩრდილოეთისათვის მისაღებიაო“.

ამავე თემას, ანუ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ ბალანსს განიხილავს ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში „არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორი კახი კახიშვილი. არა მგონია, "თავისუფალ დემოკრატებში" პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა იმის საფუძველი ყოფილიყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიშნებინა ალასანიასთვის, კოალიციაში ფავორიტი პოლიტიკოსის ადგილი დაკარგეო. ეს საკითხი უფრო ღრმად შესასწავლიაო, ამბობს ის და განაგრძობს: "აღმასრულებელ ხელისუფლებაში "თავისუფალ დემოკრატებს“ მნიშვნელოვანი პოსტები უკავიათ და არ არის გამორიცხული, სადღაც რაღაც პრობლემა შეიქმნა ან ამ გუნდის წევრებმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად სცადეს პოზიციის გამაგრება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში თუ ძალოვან უწყებაში და, შესაძლოა, ეს ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილმა. მხოლოდ ის, რომ ალასანიამ თავის გუნდში განაცხადა, პრეზიდენტობა მინდაო, არ იქნებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილების საფუძველი“, - უთხრა კახი კახიშვილმა ”კვირის პალიტრას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG