Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 15 თებერვალი


8 თებერვლის დაპირისპირების თემა არ ტოვებს პრესის ფურცლებს: “ცუდი იყო ეგ ცემა-ტყეპა, მაგრამ პროცესი იმით დაიწყო, რომ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით “ნაცმოძრაობის” აქტივი, “სატელიტები” და “ზონდერები” ამბობდნენ - 6 თვეში დაბრუნდება ჩვენი ხელისუფლებაო”, - ეუბნება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე “ვერსიას” და განაგრძობს: “დავსხედით იურისტები და გავაანალიზეთ, რამდენად იყო ეს კონსტიტუციურად შესაძლებელი - დაბრუნება, როგორც ასეთი, არ მოხდება, მაგრამ მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება. აბა, თუ მინისტრებს გადაგვიყენებენ და პარლამენტს დაშლიან, წავალთ, სახლში დავსხდებით და შევეგუებით კონსტიტუციურ გადატრიალებას?”.

“ვერსიაშივე” საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: “უმცირესობის წარმომადგენლებს გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას ჩვენი ფიზიკური განადგურების სურვილი აქვს. დღემდე არ დასრულდა საუბრები 26 მაისსა და 7 ნოემბერზე, თითქოს ცალკეული პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო სრულიად პოლიტიკური სპექტრი უნდა გასამართლდეს”.

“რეზონანსი”, ექსპერტ კახა კახიშვილის კომენტარი: “თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ეს პიარ ბრძოლები “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო, რადგან მან დევნილის მანტია მოისხა, რადგან ასე თვლიან უცხოელი პოლიტიკოსები და პრესა”.

“ახალი თაობის” სათაური – “დეპუტატი მუშტი-კრივში იცნობა”. ავტორი წერს: “საქართველოს პარლამენტის შესასვლელში უახლოეს ხანებში ასეთი აბრა გაჩნდება: “პარლამენტი კი არა ტატამია, ტატამი”. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ასეთ წარწერას ნამდვილად იმსახურებს, რადგანაც ოლიმპიურ თამაშებზე არ დატრიალებულა იმდენი მუშტი, რამდენიც ჩვენს პარლამენტში. მოქმედი პარლამენტი კი, საერთოდ, ფიზკულტურის დარბაზია”, - წერს “ახალი თაობის” ავტორი ამავე სტატიაში სპორტსმენ დეპუტატებზე და დასძენს: “ერი სხდომებზე არეულობებს სწორედ მათგან ელოდა, მაგრამ ეს ხალხი სანიმუშოდ იქცევაო”.

“საქართველოს რესპუბლიკის” პირველი გვერდი: “ხალხის აზრია, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად დაკავებული უნდა იყოს წინასაარჩევნო დაპირებების დროულად ხორცშესხმით, ანუ ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკურად მართლაც ღონიერი ცხოვრების შენებით და არა ავად გაბოროტებული, ძალაუფლებაზე გიჟურად “გამიჯნურებული”, ყავლგასული სააკაშვილის მკვდრეთით აღდგომის ჟინით შეპყრობილი გუნდის ენად გაკრეფილ წევრებთან უაზრო დებატებით და დისკუსიებით”.

დღეს გამოვიდა ჟურნალი “არსენალი”. ამ ნომერში გრძელდება ქართველი მზვერავის, 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი ზაზა ხერკელაძის ამბის თხრობა. ბევრ დეტალს ხერკელაძის დედა იხსენებს. მკითხველი გაეცნობა ზაზა ხერკელაძის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის 2011 წლის აგვისტოში მიწერილი წერილის ფრაგმენტებს, სადაც ის რუსეთის მოქალაქე პატიმარში გაცვლის გზით მის გათავისუფლებას სთხოვს. სტატიის ავტორი წერს: “საქართველოს ხელისუფლების ვალია მაქსიმალურად დაეხმაროს იმ პირებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით 2008 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე რუსეთის ეფ-ეს-ბემ ჩრდილოეთ კავკასიაში დააკავა. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ უკვე სამი თვეა მიდის ჯადოსნურ წრეზე ტრიალი. სამინისტროები ერთმანეთში აბურთავებენ ზაზა ხერკელაძის საკითხს. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ბიუროკრატია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუ საქმეში პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერია”, - წერს “არსენალი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG