Accessibility links

logo-print
“გაქცეული მაღალჩინოსნების ექსტრადირება შეუძლებელია” – “რეზონანსში” ქვეყნდება ამ სათაურით სტატია. ავტორი წერს: “არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან წასული ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების და გასამართლების შანსი, უფლებადამცველების და პოლიტოლოგების თქმით, ნულის ტოლია. შსს კი აცხადებს, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა რამდენიმე მათგანზე უკვე გამოცხადებულია, თუმცა მოხდება თუ არა მათი დაკავება და საქართველოში ექსტრადირება, ვერ აკონკრეტებენ.

“რეზონანსშივე” წაიკითხავთ “მთის კანონის” ამოქმედების საჭიროების შესახებ. გაზეთის ინფორმაციით, “ამ დროისათვის “მთის კანონზე” მუშაობს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოესწრება თუ არა შესაბამისი კანონპროექტის წელსვე განხილვა და დამტკიცება, იმისათვის რომ კანონით დადგენილი ნორმები 2014 წლის ბიუჯეტში მაინც აისახოს”. ამავე სტატიის ავტორის თანახმად, “სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენი, რომელიც საზღვრისპირა მთიან სოფლებში საწარმოს ააშენებს ან ფერმას გახსნის, რამდენიმე წლით გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს, ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რაიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის უნდა იზრუნოს”.
“ახალი თაობა” – “ქართული პოლიტიკური ელ კლასიკო ან როდემდე ითამაშებენ მარტო ‘ოცნება’ და ‘ნაცმოძი’”. “ისევე, როგორც ზღვაში ქვიშის დათვლა, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დათვლაც ძნელია. ლამის თითო ოჯახზე თითო პარტია მოდის. ხალხიც ზომაზე მეტად არის პოლიტიზებული. ამის მიუხედავად, უმაღლეს ლიგებში მხოლოდ რამდენიმე პარტია ახერხებს თამაშს. ტრადიცია არც ბოლო არჩევნებისას დარღვეულა. ამჯერად პარლამენტში მხოლოს 2 ძალა გავიდა. „ოცნება“ და „ნაცმოძი“ ქართულ პოლიტიკაში ისევე თამაშობენ, როგორც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ‘ბარსელონა’ და ‘რეალი’“, - წერს “ახალი თაობა”.

ამავე გაზეთში დღეს მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: “კოჰაბიტაცია, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება. ვინც მოახდინა ამ ტერმინის პრეზენტაცია, დღევანდელმა ოპოზიციამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ერთი ხელით კოჰაბიტაცია შესთავაზა საზოგადოებას, მეორე ხელით ცდილობს რევანში აიღოს. ანუ აქ ლაპარაკი, გამოიყენოს პოლიტიკური სიტუაცია იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე გაიმარჯვოს, ამაზე არ არის. ეს თავისთავად ლოგიკური იქნებოდა და ვერავინ ვერ გაამტყუნებდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა დონეზე მიმდინარეობს მომზადება იმისთვის, რომ ზუსტად მოხდეს რევანში და რაც შეიძლება მალე”.

“ალია”, ინტერვიუ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან: “სამართლიანობის აღდგენა სწორად რომ არ მიმდინარეობს, ამაზე კაი ხანია ვსაუბრობ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ შედეგებს. დღესაც ჩვენი მთავარი პროკურორი მომავალ დროში საუბრობს. არადა, ის, თავისი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და თანამდებობრივი კომპეტენციის გამო ვალდებულია საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ წარსულ დროში მოუყვეს, უამბოს და გააცნოს - რა გამოიძიეს, რა დაადგინეს, ვის მიმართ რა ბრალი გამოიკვეთა, რა საქმე წარმართეს სასამართლოში”.

“ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი თამაზ ბაკურიძე აჭარაში “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს: “იმის უნარიც არ აღმოაჩნდა “ქართულ ოცნებას”, რომ სააკაშვილის რეჟიმი ქართული სინამდვილიდან ამოიძირკვოს...”.

“საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი, ჟურნალისტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. წერილის სათაურია: “ორთვლიანი ეტლი ხელისუფლებისთვის, ანუ სიტყვა, რომელსაც “ქართული ოცნების” ყრილობაზე ვიტყოდი”. ის წერს: “ვფიქრობ, დიდი ხანია დადგა დრო, ქვეყანაში დაიწყოს მორალური რეფორმა, ურომლისოდაც ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმა შედეგს ვერ გამოიღებს. ვინ უნდა განახორციელოს იგი? ზნეობრივად სრულქმნილმა, კეთილშობილმა, სამართლიანმა, წმინდა და ღირსეულმა ადამიანებმა. საბედნიეროდ, ასეთები მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საქართველოს მრავლად ჰყავს. უბრალოდ, მათი დანახვა და მოსმენაა საჭირო. სხვაგვარად, ხმაურიანი დაკითხვა-დაკავება-დაპატიმრებები იმ გრიგალს ჰგავს, რომელსაც მართლაც შეუძლია გაანადგუროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი”.
XS
SM
MD
LG