Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 25 თებერვალი


დღევანდელ პრესაში მკითხველი 19 აპრილს მოვლენების შესაძლო განვითარების არაერთ სცენარს გაეცნობა.

”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში რამაზ საყვარელიძე ორ ვარიანტს განიხილავს - ”უარესსა” და ”ნაკლებად მტკივნეულს”. უარესი ვარიანტის სავარაუდო სცენარი, საყვარელიძის აზრით, ასეთია: ”19 აპრილს მოხდება შეჯახება პოლიტიკურად სხვადასხვა ორიენტაციის მოსახლეობას შორის და ამ შეჯახებაში ჩართული შეიძლება იყოს ზონდერბრიგადები, რომლის არსებობაზე მუდმივად არის საუბარი. ამ ფონზე პრეზიდენტი გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, შეწყდება კონსტიტუციის მოქმედება, დაითხოვს პარლამენტს”. მეორე, ”ნაკლებად მტკივნეული” სცენარის თანახმად კი: ””ნაციონალური მოძრაობა” აქციის ჩატარებამდე მუდმივად ილაპარაკებს იმ დიდ თავყრილობაზე, რომელსაც აპირებს იმ მიზეზით, რომ იქნებ როგორმე უმრავლესობას მიაღებინოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მათ აწყობთ. ალბათ, ეს ამნისტია იქნება, უპირობო ფორმით”, - ეუბნება რამაზ საყვარელიძე ”მთელ კვირას”.

”კვირის ქრონიკა” წერს, რომ, ”კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი, სავარაუდოდ, 19 აპრილს მთავრობას დაითხოვს. სქემა კი ასეთია: რუსთაველზე შეკრებილ ხალხს არ დაშლიან და თუ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მათ დაუპირისპირებს ხალხს მოწოდებებით, მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება. 8 თებერვალი კი ერთგვარი ტესტი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება 19 აპრილს მოვლენები განვითარდეს. თუმცა ამჯერად ფინალი უფრო მძიმე იქნება. შესაძლოა, ხალხის შეტაკებას სისხლისღვრაც მოჰყვეს. მიზანი კი ერთია: საბოლოოდ არეულობა ივანიშვილს დაბრალდება. ამასობაში ივანიშვილი უკვე მოხსნილი პრემიერი იქნება და მას დაადანაშაულებენ კონსიტუციური გადატრიალების მცდელობაში”, - მოვლენათა განვითარების ასეთ ვერსიაზე წერს ”კვირის ქრონიკა”.

”ვერსიას” კი სოსო ცისკარიშვილი ეუბნება: ”ხალხს მობილიზება და პროვოცირება არ სჭირდება. ის ვითარება, რომელშიც ახლა გვამყოფებენ, ორივე პოლიტიკურ ძალას საზოგადოების თვალში ავტორიტეტს ისედაც უკარგავს”. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ორხელისუფლებიანობის ბოროტების ყველაზე მკაფიო მაგალითი უშიშროების საბჭოა.

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ირაკლი წერეთელთან: ”სიმართლე გითხრათ, დამოუკიდებლობის საკითხში ზვიად გამსახურდიას მერე ერთ ხელისუფლებასაც არ ვენდობოდი. ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილისა და ახალი ხელისუფლების ნდობა იმას ნიშნავს, ხელი მოაწერო დეკლარაციას, რომ ხარ იდიოტი”.

”კვირის პალიტრაში” ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის დეტალებზე წაიკითხავთ პუბლიკაციას. გაზეთი ამ საქმეზე ძებნილს, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს გაესაუბრა. ის ამბობს, რომ ბაშალეიშვილი მთვრალი იყო და მანქანიდან გადმოსვლისას გაუვარდა იარაღი და ტყვია ბუტა რობაქიძეს მოხვდა: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ბიჭებიდან არც ერთს იარაღი არ ჰქონია. ყველა ის იარაღი პირადად ზურაბ მიქაძის მიტანილიაო”, ეუბნება ”კვირის პალიტრას” ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე.

”ახალი თაობა” კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე ესაუბრა. დემეტრაშვილი თვლის, რომ ”უნდა დარჩეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ვიმეორებ, ეს მოთხოვნა კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა დარჩეს. პრეზიდენტი უმაღლესი წარმომადგენელი უნდა იყოს საგარეო ურთიერთობებში. ამას ვერ მივაღწიე მაშინ. პრეზიდენტის დანარჩენი უფლებამოსილებები შეზღუდული უნდა იყოს”, - აცხადებს დემეტრაშვილი და თვლის, აგრეთვე, რომ პარლამენტის, როგორც მაკონტროლებლის, უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს. ”ამ ცვლილებების გარდა, საჭირო არაფერიაო”, აცხადებს დემეტრაშვილი.

”ასავალ-დასავალი” რამდენიმე გვერდს უთმობს ინტერვიუებსა და დოკუმენტებს, რომლითაც ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” რეგისტრაცია თავის დროზე ისეთი იურიდიული დარღვევებით მოხდა, რაც მას დღეს კანონგარეშედ აქცევს. ”ასავალ-დასავლის” ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობის” დოკუმენტები დაამოწმა ნოტარიუსმა, რომელსაც ყალბი დიპლომი ჰქონდა.

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”ლიბერალი”. მასში ქვეყნდება მოკლე ინტერვიუ ევროკომისართან გაფართოების საკითხებში - შტეფან ფიულესთან. ის აცხადებს: ”საქართველომ საკუთარი სწრაფვა ევროპული პერსპექტივისკენ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა. ჩემი და ქეთრინ ეშტონის ერთობლივი განცხადების გზავნილიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის ერთმნიშვნელოვანი იყო: მათ უნდა მოიძიონ ერთმანეთთან კომუნიკაციის გზები და უნდა შეთანხმდნენ შეცდომების გამოსწორებაზე. უნდა დაამტკიცონ, რომ კოჰაბიტაცია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შემაფერხებელი არ იქნება”, - უთქვამს ”ლიბერალისთვის” შტეფან ფიულეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG