Accessibility links

logo-print
“აქვს თუ არა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობის უფლება“ - სტატიას ასეთი სათაურით „რეზონანსი“ აქვეყნებს და ეხება დისკუსიას, რომელიც გოგა ხაჩიძის განცხადებას მოჰყვა. ხაჩიძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანს იურიდიული უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს და, შესაბამისად, ის იუსტიციის მინისტრობიდან უნდა გათავისუფლდეს. სტატიაში მოყვანლია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაც, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუკი მინისტრს იურიდიული უმაღლესი განათლების დიპლომი არ აღმოაჩნდება, პრეზიდენტი უფლებამოსილია ის თანამდებობიდან გადააყენოს. თუმცა იქვე „რეზონანსი“ საიას აღმასრულებელ დირექტორს, ეკა ფოფხაძესაც ციტირებს: „წულუკიანმა განათლება საქართველოშიც მიიღო და უცხოეთშიც და ამიტომაც შესაძლოა მისი დიპლომი აკმაყოფილებდეს უმაღლესი იურიდიული განათლების კრიტერიუმებს. ეს დასადგენია“. ჟურნალისტი ეკა ბასილაია წერს: „უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი - სამართლისა და ურთიერთობების. თუ წულუკიანმა თსუ სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს „უმაღლესი იურიდიული განათლება“, რაც იუსტიციის მინისტრის (შესაბამისად, პროკურორის) პოსტზე დასანიშნად ცალსახად არის მოთხოვნილი პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლით“. სტატიაში ასევე მოყვანილია საიას ვრცელი განმარტება პროკურატურის შესახებ კანონის თაობაზე და გიორგი ცაგარეიშვილის კომენტარი, რომელიც ყურადღებას თეა წულუკიანის საფრანგეთში მიღებულ განათლებასა და სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილებაზე ამახვილებს.

„რეზონანსში“ იხილავთ ასევე გამოკითხვას, რომელიც ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმოდ დარეგისტრირებულ შეკითხვას - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა“. უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი? - ამ კითხვით „რეზონანსი“ საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს. ამ თემას უფრო ვრცელ სტატიას უძღვნის „24 საათი“. სტატიაში მოყვანილია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების კომენტარები მოცემულ თემაზე. სტატია შეეხება ასევე საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც რეფერენდუმის ჩასატარებლად 200 000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. ჯგუფის წევრები გეგმავენ მთელი საქართველოს მასშტაბით წამოიწყონ ხელმოწერების შეგროვების კამპანია.

დღევანდელ „ვერსიაში“ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ ირაკლი წერეთელთან, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ტერაქტი იგეგმება. წერეთელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მზადდება და ოპერაციის კოდურ სახელსაც ასახელებს: „გველგესლა“. ამ ოპერაციის შესახებ, წერეთელის თქმით, მან ორი მეგობრისგან შეიტყო, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ. „ორივე მხარეს ვაფრთხილებ, მოსალოდნელ ტერაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია მაქვს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის ტერორისტული აქტით დასასრული კი, მინიმუმ, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო კონფრონტაციას გამოიწვევს, თანაც ტერაქტი აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს დაბრალდება. გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს თავისი მომხრეები შემორჩენილი, თანაც არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ჯარს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდეს“, - ამბობს წერეთელი ინტერვიუში.

დღეს გამოვიდა ჟურნალები „ტაბულა“ და „არსენალი“. „ტაბულის“ გარეკანზე იხილავთ ფოტოს, რომელზე გამოსახულ „სამების“ ტაძარს რუსული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი გუმბათი აქვს დადგმული. ნომერში კი წაიკითხავთ ბექა მინდიაშვილის სტატიას - „რუსულ-ქართული მარადისობის კანონი“. სტატიის ავტორი მომოიხილავს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ერეკლე მეფის დროიდან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რუსეთში ვიზიტამდე. ასევე, ამ ნომერში იხილავთ გია ნოდიას საავტორო სვეტს „დემოკრატია და ოხლოკრატია, ანუ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ“. სვეტის ავტორი წერს, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დემოკრატიამ გაიმარჯვა, თუმცა სვამს, როგორც თვითონ ამბობს, პროვოკაციულ შეკითხვას: „კარგია მერე, რომ გაიმარჯვა?“.

რაც შეეხება „არსენალს“, ჟურნალში შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია სართიჭალის კოსმოსური ობიექტის შესახებ, საიდანაც 32 წლის განმავლობაში საბჭოთა კოსმოსურ თანამგზავრებს აკონტროლებდნენ. სტატიაში საუბარია ობიექტის ისტორიის, მისი შექმნისა და გაუქმების, ასევე კომპლექსის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG