Accessibility links

logo-print
პრესა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის 4 მარტის შეხვედრას ეხმაურება. “რეზონანსი” წერს: “პრეზიდენტმა და პრემიერმა ჯერჯერობით ერთმანეთს მხოლოდ ის გააგებინეს, თუ რა უნდათ, შეთანხმება კი ვერ შედგა. თუმცა ორივე მხარე მზად არის მოლაპარაკება გაგრძელდეს... ...შეხვედრა რომ დაახლოებით ამ შედეგით დასრულდებოდა, დაწყებისთანავე იგრძნობოდა თუნდაც იმით, რომ წინასწარ ცნობილი იყო, ივანიშვილი და სააკაშვილი განცხადებებს ცალ-ცალკე გააკეთებდნენ. სააკაშვილი - კანცელარიის პირველ სართულზე და ივანიშვილი - მეთორმეტეზე. ამიტომაც, მათი ცალ-ცაკე ნათქვამი, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოულოდნელი არ ყოფილა”.

“24 საათის” სათაურია “ერთი შეხვედრის ორი რაკურსი“. აქაც, როგორც სხვა გაზეთებში, ქვეყნდება პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდგომი განცხადებების შინაარსი.

“ალია” წერს: “როგორც უკვე ყველამ ნახეთ ტელევიზიით, ვადაგასული პრეზიდენტი ისევ ცისფერი “ელექტრიჩკით” მივიდა მთავრობის სახლში. მართალია, მას დაცვის 7 სერიოზული მანქანა მიჰყვებოდა, მაგრამ მაინც ქმნიდა დაჩაგრულ-გამწარებულის იმიტაციას. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ჰკითხა ჟურნალისტებს, სააკაშვილი ისევ თავისი მანქანით მივიდაო? მანამდე კი ერთი-ერთზე შეხვედრისას დაუმუნათებია: მიშა, რასაც შენ აკეთებ, სასაცილოა. ასე ტანჯულის იმიჯს ვერ მოირგებ. დაცვაზეც ტყუილად ამბობ უარს... ისე, დაცვა არც გჭირდება, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ მყავხარ, რომ ვინმემ გესროლოსო?!”

“საქართველოს რესპუბლიკა”: “საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის გუშინდელმა შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ სააკაშვილს არც თანაცხოვრება სურს და არც თანაარსებობა, ნებსით თუ უნებლიეთ ის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს!”

სხვა თემებს რაც შეეხება: “ალია” წერს, რომ 14 აპრილს სპორტის სასახლეში “რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით” აქცია იგეგმება. ნანა კაკაბაძეს, ხელმძღვანელს ორგანიზაციისა “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის”, უთქვამს: “აქცია დაიგეგმა იმისთვის, რომ, ერთი - გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი და მეორე - “ნაციონალური მოძრაობა” კანონგარეშედ გამოცხადდეს და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს”. აქციის ორგანიზატორები აპირებენ ხელმოწერებიც შეაგროვონ და შემდგომ პარლამენტს გაუგზავნონ.

“ახალი თაობა” “მწვანეთა პარტიის” ლიდერ, პარლამენტის დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: “მიწის უცხოელებზე გაყიდვა არის აკრძალული, მაგრამ ხდება გრძელვადიანი იჯარით ან სხვა რაღაც მაქინაციებით გასხვისება. ისევე, როგორც ტყის გაყიდვა და პრივატიზაცია აკრძალულია ადგილობრივებზეც და უცხოელებზეც, მაგრამ მოგონილი ჰქონდათ ეშმაკობა - ტყის ტერიტორიას უცვლიდნენ სტატუსს, თითქოს ეს იყო სასოფლო-სამეურნეო მიწა, და შემდეგ მის პრივატიზაციას ახდენდნენ. ამას აკეთებდა საჯარო რეესტრი”.

“ახალი თაობა” სასამართლოს განაჩენების გადახედვის ალბათობაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ესაუბრა: “კოჰაბიტაციის პროცესი ყველასთვის ძნელია, მათ შორის - სასამართლოსთვისაც. ამიტომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ უფრო ეფექტური იქნება სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა”.

“რეზონანსში” პატიმრების გაცვლის თემაზე წაიკითხავთ სტატიას, სათაურით “თბილისსა და ცხინვალში “ყველას-ყველაზე” გაცვლას განიხილავენ”. გაზეთისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს დავით სუჯაშვილს უთქვამს: “ეთნიკური ოსები აქეთ ვინც არიან პატიმრობაში, მსჯავრდებული არიან ძალიან მძიმე დანაშაულებში იმათგან განსხვავებით, ვინც ცხინვალის ციხეში სხედან - მათი ნაწილი შეშის მოჭრისთვის, “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” იხდის სასჯელს. ამიტომაც ძნელია ამ თემის განხილვა, თორემ რატომაც არა? ამიტომაც არ გვაქვს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, თუმცა საკითხის გადაწყვეტილებაზე მუშაობა მიმდინარეობს”.

ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, რომ ზაფხულამდე არ ამოქმედდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა.
XS
SM
MD
LG