Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 6 მარტი


“რეზონანსი” წერს: “სასჯელთა შეკრებითობის წესის გაუქმების შემდეგ, რომლის შესახებაც კანონს პარლამენტი უახლოეს ორ კვირაში მიიღებს, ციხეებს კიდევ რამდენიმე ასეული პატიმარი დატოვებს”. “რეზონანსისთვის” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შალვა შავგულიძეს განუმარტავს: “იმის საშიშროება, რომ შეკრებითობის წესის გაუქმების შემდეგ ციხეებს რამდენიმე ათასი პატიმარი დატოვებს და კრიმინოგენული ვითარება გაუარესდება, უსაფუძვლოა. ეს შიში ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებამდეც გამოითქმებოდა, მაგრამ კრიმინოგენული სიტუაცია არ გაუარესებულა. ჯერ ერთი, სასჯელთა შეკრებითობის წესის გაუქმება ძალიან ბევრ მსჯავრდებულს შეეხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ უპირობო გათავისუფლებას”.

“რეზონანსშივე” დღეს ნინო სუხიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება და რუსეთში კონცერტების გამართვის პერსპექტივას ეხება. “სუხიშვილების” ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს: “კონკრეტულად მოსკოვთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სხვა ქალაქებში გასტროლებზე ჩავიდეთ. ამაზე ლაპარაკი სულ მიმდინარეობს. პეტერბურგთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შესაძლოა ჩავიდეთ კიდეც”.

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” არსებულ ვითარებაზე მოსაზრებები დღევანდელ პრესაშიც ქვეყნდება. მამუკა არეშიძე “ალიას” ეუბნება: “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბორდი შეეცდება ჩაფარცხოს ეს ამბავი და შეიძლება ბარათაშვილი დააბრუნოს კიდეც, მაგრამ ეს არაა პრობლემის მოხსნა. ეს უნდა გადაწყდეს კანონის დონეზე. უნდა შეიცვალოს ბორდი და ახალმა საბჭომ სხვა აქცენტები უნდა გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იგივე იქნება”.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ არის ინტერვიუ ნანა დევდარიანთანაც. მას “ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა. დევდარიანი ამბობს: “მე საერთოდ ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს რომ მიეცეთ საშუალება თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ბედი, ეს იქნება ყველაზე უკეთესი. არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ და არც მეორემ იქ თავისი დიქტატი არ უნდა განახორციელოს”.

“ახალ თაობას” ყოფილი სახალხო დამცველისა და სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი ტუღუშის პასუხისმგებლობის საკითხზე ელაპარაკება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის აღნიშნავს, რომ გიორგი ტუღუშმა მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სისტემის სერვერებზე არსებული ინფორმაცია განადგურებული დახვდა: “ბატონ ტუღუშს აზრადაც არ მოსვლია, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს საკითხი დაეყენებინა, ვინაიდან ეს არის ელემენტარულად პასუხისმგებლობის გადმობარება ერთი მინისტრიდან მეორე მინისტრზე. მაშ, რა გამოდის? ე.ი. ერთნაირადაა მხილებული ტუღუშისა და ძველი ხელისუფლების ურთიერთგაგება და ურთიერთთანამშრომლობა”.

“საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს მინდია უგრეხელიძესთან. საუბარი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დიპლომზე წამოჭრილ პოლემიკას ეხება. მინდია უგრეხელიძე თეა წულუკიანთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის ზოგიერთ დეტალს იხსენებს და მიუხედავად იმისა, რომ პოლემიკის თემას აბსურდულად თვლის, მაინც განმარტავს: “ფორმალობების ძიება არაფერს გვარგებს. დიპლომში ხომ წერია სამართალმცოდნე. ეს იმას ნიშნავს, რომ მან არა მარტო ადმინისტრაციული სამართალი იცის, არამედ იცის სამართალი მთელი სისავსით. ეს არის არა ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტი, არამედ ეს არის მმართველობის უმაღლესი სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მისმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო ჩაიბაროს, პრეზიდენტი გახდეს ისე, რომ იურიდიული განათლებაც ჰქონდეს”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG