Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 11 მარტი


მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წერს დღეს “რეზონანსი/მთელი კვირა”. “სააკაშვილის უფლებებს დაგეგმილზე მეტად შეკვეცენ”. ავტორი წერს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივით პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა უხანგრძლივდება, რადგან კანონპროექტით ექვსთვიანი შეზღუდვა იხსნება. “სამაგიეროდ, პრეზიდენტს იმის უფლება აღარ ექნება, რომ არჩევნების ჩატარებამდე თავისი მთავრობა ჰყავდეს და მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ის მთავრობა იქნება, რომელიც პრეზიდენტმა გადააყენა”, - წერს “რეზონანსი”.

გაზეთის დღევანდელი ნომრიდანვე შეიტყობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება “ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ მობილურ ოპერატორებთან - რუსულ “მეგაფონსა” და აფხაზურ “აკვაფონთან” დაკავშირებაზე ბლოკის მოხსნას გეგმავს”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება “კვირის ქრონიკაში”: “როდესაც საუბარია კოჰაბიტაციაზე, ეს თანაცხოვრება ორივე მხრიდან შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჯალათი და მსხვერპლი თანაცხოვრებას ვერ შეძლებენ”. ამავე ინტერვიუში კობა დავითაშვილი, როგორც თავად უწოდებს, “უცნაური წინადადებით” გამოდის: “შეჩერდეს სისხლის სამართლის საქმეები, გამოძიება გაგრძელდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო რეფორმა!”.

“ვერსიაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. ზურაბ ხარატიშვილი ამბობს: “ჩვენთან ყველა პარტია საბჭოთა ტიპისაა და თავისი ბელადი ჰყავს, რომელიც არასოდეს იცვლება. ერთადერთი გამონაკლისი “ახალმა მემარჯვენეებმა” დაუშვეს, როცა გამყრელიძემ თქვა, წავალო და მართლა წავიდა. ეს პრეცედენტია. არადა, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს დანარჩენებისთვისაც. საბჭოთა პარტიებს ჩვენი პარტიები იმიტომაც ჰგავს, რომ წევრები თუ აქტივისტები მასში მხოლოდ სარგებლის გამო შედიან - ეს ან ფულია, ან თანამდებობა”.

“ეს რომ აქამდე მეთქვა, მომკლავდნენ” – ყურადღებას იქცევს “კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე გამოტანილი ეს სათაური. გაზეთი მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი 2008 წლის ომის იმ დეტალებზე ლაპარაკობს, რომელთა შესახებაც მან, როგორც ამბობს, “ახლახან” შეიტყო სამხედრო მაღალჩინოსნისგან: “გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, ცხინვალზე შეტევა დილის 5 საათზე უნდა დაწყებულიყო და სამხედრო ნაწილებს მოქმედების დაწყების ვადა რატომღაც ოთხი საათით უკან, ღამის პირველ საათზე გადმოუწიეს. სწორედ ამან გამოიწვია მთელი გეგმების არევა და სრული დეზორგანიზაცია”, - ამბობს მამუკა არეშიძე და აზუსტებს, რომ სამხედრო ნაწილებმა ეს ბრძანება გენშტაბის უფროს ზაზა გოგავასგან მიიღეს”, რომელმაც, “როგორც ჩანს, დავალება ზემდგომებისგან ტელეფონით მიიღო”. არეშიძე საჭიროდ თვლის გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.

“რატომ უსმენდა სააკაშვილი ნანა კაკაბაძის სატელეფონო საუბრებს” – “ახალი თაობა” ცდილობს ნანა კაკაბაძესთან - ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარესთან - დააზუსტოს, რატომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყო მიხეილ სააკაშვილი მისი სატელეფონო საუბრებით. გასულ კვირაში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილმა მას ნანა კაკაბაძის მოსმენა დაავალა. ნანა კაკაბაძე “ახალ თაობას” უყვება 2002 წელს თავის ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას შორის განხეთქილების მიზეზებზე: “მე მაშინვე დავინახე საფრთხე და ის, რომ სამოქალაქო სექტორის გამოყენება ხდებოდა არამიზნობრივად და ძალაუფლების ხლში ასაღებად. ეს ჩავთვალე მიუღებლად და იმ მომენტიდან პირდაპირ ღია ომი გაჩაღდა ჩემსა და მათ შორის”, - ამბობს ნანა კაკაბაძე.
“ასავალ-დასავალში” ორი გვერდი ეთმობა ინტერვიუს ვახტანგ მაისაიასთან. ის იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მონაწილეობის სქემებზე ლაპარაკობს.

ანსამბლ “ერისიონის” კრემლის დარბაზში გამოსვლა კვლავაც რჩება პრესის თემად. “ასავალ-დასავალი” ანსამბლის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს ესაუბრა. ის ამბობს: “ვიცი, რატომაც გვიდებენ კვანტებს - თავის დროზე ხალხის გვერდზე რომ დავდექით, ეს არ მოეწონათ. დაგვემუქრნენ, ისევ ჩვენი დრო მოვა და ნახეთ, რას გიზამთო. ვაშაკიძეს ვეკითხები: ქართველ ბიჭებს ქუჩაში რომ კლავდნენ, მაშინ მთავრობაში არ იყვნენ? ქუჩაში ხალხს რომ ხვრეტდნენ და თვითონ სადღაც ერთობოდნენ, ეს არ იყო საფლავებზე ცეკვა? ახლა პირი შეკრეს “ერისიონის” წინააღმდეგ და ჩვენი დაჩაგვრა მოინდომეს - ვერ დაგვჩაგრავენ, მართალი ხალხი ვართ და იმიტომ, თავი დაგვანებონ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG