Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 13 მარტი


პრესა დღეს აგრარული უნივერსტიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების თემაზე წერს. ”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”აგრარული უნივერსიტეტი, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. ამის საშიშროება იმ შემთხვევაში დადგება, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოც დაეთანხმება”. ”რეზონანსისთვის” აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს უთქვამს: ”ვერ ვიგებ, რატომ შემოცვივდნენ მაინცდამაინც ჩვენთან. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ბენდუქიძის გამო ხდება და ჩვენზე არავინ ფიქრობს”.

”ყველა სიახლეში” ქვეყნდება ინტერვიუ სულიკო ყამარაულთან, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და, ამავე დროს, აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრია. ყამარაული ამბობს: ”მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბატონ ბენდუქიძეს, არის 280 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ”დიდსულოვანმა” ბენდუქიძემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე და თანაც - განვადებით”. ყამარაული საინიციატივო ჯგუფის სახელით ”ყველა სიახლიდან” მიმართავს პრემიერ-მინისტრს და აგრარული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო სტატუსის დაბრუნებას სთხოვს”.

”ახალ თაობას” ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ეუბნება: ”ბენდუქიძე და გიული ალასანია - პრეზიდენტის დედა - არის ის ორი პირი, რომლებმაც განათლების სფეროში მონოპოლიები შექმნეს და რომლებმაც დააწესეს უმაღლეს სასწავლებლებში სპეკულაციურად მაღალი ფასები”.

”ჩვენ არც ერთ პროექტზე არ გვითქვამს პრინციპული უარი”, - განუცხადა დავით ნარმანიამ ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტს. მინისტრი განაგრძობს: ”თუმცა, ზოგიერთი პროექტი გაჩერდა მხოლოდ და მხოლოდ მიზანშეწონილობის საკითხის გადახედვის შემდეგ”. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჟურნალისტი კონკრეტულად ლაზიკაზეც ეკითხება. ნარმანია პასუხობს: ”ლაზიკა საინტერესოა როგორც საპორტო ტერიტორია და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე ინვესტორებთან. თუ იქ იქნება საჭირო დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, ჩვენი სამინისტრო აუცილებლად ჩაერთვება”.

”ვერსიაში” უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. ერთი მხრივ, ის ხელისუფლების მიერ დაპირებების შესრულებისთვის დროის საჭიროებაზე ლაპარაკობს: ”მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ”ნაციონალების” ცემას მათ წინააღმდეგ დოკუმენტების წარმოდგენა არ სჯობსო?“, მეორე მხრივ კი, აცხადებს: ”ვცდილობ, ყველაფერი გავიგო, მაგრამ ჩემი თანაგუნდელებისგან ”ნაციონალების” რიგებიდან დამნაშავეების მკაცრ დასჯას მოვითხოვ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ”ქართული ოცნების” გუნდში აღარ დავრჩები. თუ დიმიტრი შაშკინსა და ზურაბ ადეიშვილს დანაშაულის ფაქტებს ვერ დავუდებთ, მაშინ საერთოდ რა გვინდა, არ მესმის!”.

”რეზონანსი” დღეს უფუნქციოდ დარჩენილი ციხეების გაყიდვის ალბათობაზე წერს. ასეთ ვარაუდს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოთქვამს. ”რეზონანსის” კორესპონდენტს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა: ”უფლებადამცველთა ნაწილის ეჭვი, რომ შესაძლოა ”მატროსოვის ციხე” გასხვისდეს, უსაფუძვლოა. მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ვამბობ იმას, რაც რეალურად არის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საიდან მოიძიეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი. თუ მათი ეჭვი 2010 წელს დაწყებულ საუბრებს ეფუძნება, მაშინ გეტყვით, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ციხეებშიც. არანაირი გაყიდვა არ იგეგმება”, - განუცხადა ირაკლი კორძაიამ ”რეზონანსს”.

”ცენტრ პოინტის” გეგმებზე ელაპარაკება ”ყველა სიახლეს” კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი: ”სულ 705 მომხმარებელია დარჩენილი და მათი გასტუმრება შემიძლია. მაგალითად, ვისაც გადახდილი აქვს 15 ათასი დოლარი და უნდა შემოიტანოს 38 ან 40 ათასი, მივცემ ამ 15 ათასის შესაბამის ფართობს და აღარ მოვთხოვ დარჩენილ თანხას, რა თქმა უნდა, მისი სურვილის მიხედვითო”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG