Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 29 მარტი


”ისეთი განცდა მაქვს, რომ ვიღაცას ”ქართულ ოცნებაში ” ეკონომისტები, უბრალოდ, სძულს”, - განუცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ გაზეთ ”ახალ თაობას” კითხვაზე, რომლის თანახმადაც, პარლამენტში პოლიტიკოსების სიმცირეა. ლადო პაპავას აზრით, სამწუხაროა, რომ შუალედურ არჩევნებში კანდიდატების დასახელებისას კოალიციამ იურისტების სასარგებლოდ გადაწყვიტა საკითხი და ეკონომისტები ისევ დეფიციტურ მდგომარეობაში დატოვა. ამჟამად, ლადო პაპავას თანახმად, პარლამენტში გამოცდილი ეკონომისტი მხოლოდ დავით ონოფრიშვილია. რაც შეეხება მთავრობას, თავადაც ექს-მინისტრი ამბობს, რომ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მას აქვს განცდა, რომ ეს მისი მთავრობაა. მთავრობის საქმიანობის შეფასებისას, შესაბამისად, იგი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ორი თვის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური წინსვლა არის, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს უკვე ტენდენციაა. ”ტენდენცია რომ ვთქვა, სულ ცოტა, ორი კვარტალი მაინც უნდა გავიდეს, მაგრამ პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა”, - აღნიშნავს პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”მთელმა ძალაუფლებამ თავი ამჯერად პრემიერ-მინისტრის ხელში არ უნდა მოიყაროს.” ამ მოსაზრებას კი გაზეთ ”რეზონანსის” ფურცლებზე ”ახალი მემარჯვენეების ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გამოხატავს. ეხება რა საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, იგი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ბალანსი რეალურად უნდა არსებობდეს და იგი არავის სასარგებლოდ არ უნდა დაირღვეს. ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ დღევანდელ მმართველ ძალას, ბიძინა ივანიშვილის სახით, გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და მისთვის დამატებითი უფლებების მიცემა, უფრო სწორად კი, იმ უფლებების დატოვება, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისთვის გაიმზადა, სასარგებლო არ იქნება. ფიქრია ჩიხრაძე „რეზონანსთან“ საუბარში გამოთქვამს იმედს, რომ პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით დაიწყება, ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულ ბალანსს შექმნის, სადაც პარლამენტს საკუთარი ადგილი ექნება.

გეგმავს თუ არა მოსვლას პოლიტიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია, გაზეთ ” ვერსიის” ფურცლებიდან შეიტყობთ. გაზეთთან საუბარში იგი განმარტავს, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს, აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნასაც, თუმცა ჯერჯერობით ანალიტიკური საქმიანობითა და კონსულტაციებით შემოიფარგლება. ცოტნე გამსახურდიასთან გაზეთის მიერ დასმულ შეკითხვათა შორის იყო შეკითხვაც იმის თაობაზე, აპირებს თუ არა იგი მონაწილეობა მიიღოს ეგრეთ წოდებულ ზვიადობაში, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 31 მარტს გაიმართება. პასუხად, ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ იგი არ ემხრობა ადამიანების გაფეტიშებას, ისევე როგორც არ ემხრობოდა მამამისი და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიების გამართვა და პომპეზური ორეულის შექმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ასე მოკლე ხანში მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
XS
SM
MD
LG