Accessibility links

logo-print
დღეს გამოსულ ყველა გაზეთში წაიკითხავთ სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის შესახებ. სათაურებიდან იოლად მიხვდებით, რომელი თემა აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო მედიისთვის: ”რეზონანსი” – ”ჩეჩნეთში საომრად საქართველოში 120 კავკასიელი იყო ჩამოსული”, ”ახალი თაობა” – ”უჩა ნანუაშვილი: ”ჩეჩენ ბოევიკებს შსს წვრთნიდა”, ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”ლოპოტის ხეობის საიდუმლო”.

”ალიას” მამუკა არეშიძე ეუბნება, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ მისთვის უჩა ნანუაშვილის მოხსენებიდან კიდევ ერთი რამ გახდა ცნობილი: ”შვიდი მებრძოლის ვალეს საზღვრიდან გადასვლა, ეს მე არ ვიცოდი”. არეშიძე მის ხელთ არსებულ განსხვავებულ ინფორმაციასაც უზიარებს ”ალიას”: ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ფორმით საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდა სირიის ავანტიურაში. გვაქვს ინფორმაცია იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ სირიის აჯანყებულების წარმომადგენლები იყვნენ თბილისში. გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოპიტნარში თვითმფრინავი დაჯდა მესამე ქვეყნიდან, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა სირიაში. ეს ყველა ინფორმაცია გვაქვს ყრუდ, ამას არა აქვს ჯერ ოფიციალური ინფორმაციის სახე”.

”რეზონანსი” პენსიის გაზრდის შესახებ წერს და სვამს კითხვას: ”რამდენ დღეს მოახერხებს თავის გატანას 125 ლარიანი პენსიით ერთი რიგითი პენსიონერი?”. ”ბიზნეს-რეზონანსის” მიახლოებითი არითმეტიკული გათვლებით, ეს თანხა 18 დღისთვის არის საკმარისი. ავტორი წერს: ”ერთადერთი გამოსავალი, რომ პენსიონერმა არსებობისთვის საკმარისი პენსია მიიღოს, რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა და შემდგომ მასთან პენსიის გათანაბრებაა”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” მოსაზრება ქვეყნდება სათაურით - ”...და არაფერი სიმართლის გარდა!”. ავტორი წერს: ”იმის ნაცვლად, რომ „ნაცმოძრაობა“ თითების კვნეტით ინანიებდეს ბოროტობებს, რაც ამ 9 წელიწადში თავზე დაგვათქრიალა, მოსულიერდა, წამოყელყელავდა და შხამმომრავლებული იკბინება. თუმცა რას ერჩი, როგორ ვთქვა, მაგრამ თავისთვის მან ერთობ სწორი და მომგებიანი პოზიცია შეარჩია - შეტევა. შეტევა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. სამაგიეროდ, ”ქართული ოცნება” ირჯება ერთობ წამგებიანად, ფაქტობრივად, თავს იცავს. ეს ხალხში გაღიზიანებას და გაურკვევლობას იწვევს - რაკი ნაცები ასე თავგამოდებით უტევენ, ალბათ რაღაც სიმართლე აქვთო. ჰოდა, მათ ცრუ სიმართლეს ყოველ წუთს, ყველგან, ყველაფერში უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლების სიმართლე”.

ირინა სარიშვილი ეუბნება ”ახალ თაობას”, რომ მისი პროგნოზით, არც ისე შორეულ მომავალში ”შეიძლება შეიქმნას ნაციონალურ-რესპუბლიკური უმრავლესობა, როგორც მმართველი ძალა”. სარიშვილი აგრეთვე ირწმუნება, რომ ”ივანიშვილთან მოხვედრა და დალაპარაკება დღეს უჭირს აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, კოალიცია ”ოცნების” წარმომადგენლებსაც კი იმიტომ, რომ ის მთლიანად ბლოკირებულია რესპუბლიკური პარტიის მიერ”.

”24 საათი” წლევანდელი ჯაზსერიის შესახებ წერს: ”შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელმა ჯაზსერიამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა იმ მხრივ, რომ ოთხიდან სამი კონცერტის ბილეთები უმალ, გაყიდვაში გამოტანიდან რამდენიმე საათში გაიყიდა. რეკორდად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისიც, რომ ერთი შემსრულებლის კონცერტი განმეორებითაც ჩატარდა და კეიკო მაცუის თაყვანისმცემლებმა მართლაც დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს. გაწბილება არც ჯაზსერიის მესამე კონცერტის მსმენელს ელის, რადგან ამჯერად საღამოს მთავარი გმირი ჯაზვოკალისტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული სტეისი კენტი იქნება”.
XS
SM
MD
LG