Accessibility links

logo-print
16 აპრილის ქართული პრესის მიმოხილვა ”რეზონანსით” დავიწყოთ. ”შესაძლოა პრეზიდენტი გამოვიდეს და ღარიბაშვილი მოხსნას” - ამ სათაურის ქვეშ გამოცემა მეწინავე სტატიას უძღვნის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დაგეგმილ შესაძლო პროვოკაციებს. საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღავნელი კახა კახიშვილი ”რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ამოცანაა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემები შეუქმნან, გამოცემა კი წერს, რომ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ პროვოკაციის მოწყობა, არეულობა. მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს და თქვან, რომ პოლიციამ მოსახლეობა სათანადოდ ვერ დაიცვა. კახა კახიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს:” სხვა ინტერესი მათ არა აქვთ, გარდა იმისა, რომ როგორმე ღარიბაშვილს შეურყიონ სკამი. შეიძლება ამას მხოლოდ იმით მიაღწიონ, გარკვეული პროვოკაცია მოახდინონ, რომ შემდგომში გამოვიდნენ და ისაუბრონ შს მინისტრის არაკომპეტენტურობაზე. ამ საფუძვლით პოლიტიკური სკანდალის მოწყობას შეეცდებიან... თუ მათ გამოუვათ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, შესაძლოა პრეზიდენტი გამოვიდეს და ღარიბაშვილი მოხსნას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შემდგომში თავის მინისტრს დანიშნავს. ამას ვითომ იმისთვის გააკეთებს, რომ კრიმინოგენური ვითარება დაიძაბა და არ უნდა ქვეყანა ჩაიძიროს, მაგრამ ის, რომ აღარ იქნება ღარიბაშვილი, ივანიშვილისთვის ყველაზე საიმედო კადრი, შს მინისტრად, არის ”ნაციონალების” გეგმის ნაწილი. ამით პირველ განხეთქილებას შეიტანენ ხელისუფლებაში”, - ეუბნება კახა კახიშვილი ”რეზონანსს”.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე საუბრობს და ამბობს: ”რუსეთის დაკვეთა იყო ის, რაც გააკეთა სააკაშვილმა; რუსეთის დაკვეთა იყო ის, რასაც აკეთებდა მერაბიშვილი და რასაც ახორციელებდა ყოველდღიურად თავისი საქმიანობით, იმიტომ რომ ისინი რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, მათი მსახურები იყვნენ. ნუთუ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში ადამიანი, რომელშიც ეჭვს იწვევს საკითხი, რატომ დათმეს კოდორი? როგორ აღმოჩნდა, რომ მთელი ნატოს შეიარაღება, რომელიც გადმოცემული იყო საქართველოსთვის, აღმოჩნდა კოდორში და მთელი ეს შეიარაღება გადაეცა რუსულ მხარეს”, ეუბნება გოგა ხაინდრავა ”ახალ თაობას”.
იგივე გამოცემა აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”მზადდება თუ არა სააკაშვილზე თავდასხმა”. „ახალი თაობა“ ჯერ წინა დღის გაზეთ ”ქრონიკის” სტატიას იშველიებს, რომელშიც ავტორი, პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერდა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გეგმავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას, შემდეგ კი ”კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენციაზე ნათქვამ სიტყვებს აქვეყენებს: ”გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე მზადდება თავდასხმა. რა ფორმით მოხდება ეს და როდის, ჩვენთვის უცნობია. სააკაშვილს საფრთხე სამი მხრიდან ემუქრება. პირველი, ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, კერძოდ, მერაბიშვილ-უგულავას ფრთა; მეორე, მისი ყოფილი პატრონები, რომელთაც აღარ აქვთ გარანტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი, შევარდნაძის მსგავსად, კრწანისში დაჯდება და ხმას არ ამოიღებს, და მესამე - სააკაშვილს საფრთხე ემუქრება იმ ქვეყნის მხრიდან, ”რომელთანაც მას წლების მანძილზე აგრესიული რიტორიკა ჰქონდა”.
გაზეთი ”ალია” კი უვადო პატიმრების შიმშილობის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, 75-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. „ალია“ წერს, რომ გლდანის ციხიდან მათ დაუკავშირდა ერთ-ერთი პატიმარი, რომლის ცნობითაც, პატიმრებმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადეს. კითხვაზე კი, რას მოითხოვთო, პატიმარი ”ალიას” კორესპონდენტს უპასუხებს: ”მოვითხოვთ იმას, რომ უვადო სასჯელი შეიცვალოს დახვრეტით, რადგან უვადო პატიმრობის სასჯელი, არარეალური გათავისუფლების შესაძლებლობით, როგორც დღეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 25 წლის მერე შეიძლება უვადო მსჯავრდებული პირობით ვადაზე ადრე იყოს გათავისუფლებული, ეს არის არარეალური და შენელებული სიკვდილის ფორმა”.
XS
SM
MD
LG