Accessibility links

logo-print
„19 აპრილი ნაციონალური განხეთქილების ფონზე” - გაზეთ ”რეზონანსის” თანახმად, აქციაზე ვანო მერაბიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის უმაღლეს საფეხურზე თავის ლეგიტიმაციას მოახდენს და ასევე შეეცდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სავარძელი შეარყიოს. კერძოდ, გაზეთთან საუბარში იურისტი კახი კახიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაზე ისეთი პროვოკაციის განხორციელებას შეეცდება, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნება შესაძლებელი.

ამავე გაზეთის ფურცლებზე უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაია ციხიდან იმ გარიგების საფუძველზე გაათავისუფლონ, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლებას შორის დაიდო. იგი, ამავდროულად, ”რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ გაქცეული მაღალჩინოსნების დაბრუნების საკითხი ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია.

გაზეთ ”ალიას” მთავარი თემა ასევე 19 აპრილის აქცია და ის გეგმაა, რომელიც აქციასთან დაკავშირებით „ალიას“ წინასწარ ჩაუვარდა ხელთ. კერძოდ, სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ცალკეული პროვოკაციებით მერაბიშვილი ღარიბაშვილს ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აიძულებს. გაზეთის თანახმად, აქციაზე საგანგებოდ მობილიზებულნი იქნებიან ”ზონდერები”, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და სოდის, კუდისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა. ”ალია” აღნიშნავს, რომ ამ ზონდერებს „ქართული ოცნების“ მაისურებს ჩააცმევენ, ბეისბოლის ბითებს დაურიგებენ და არეულობის მოსაწყობად აქციაზე მისულ ხალხს აცემინებენ. ”მერე არკვიე, ვინ ნაციონალია და ვინ მეოცნებე, ვინ ვის ურტყამს და უბრახუნებს. ჰოდა, ეგ უნდათ ნაციონალებსაცო”, - ვკითხულობთ „ალიაში“.

გაზეთ ”ვერსიაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულსა და ბატალიონ ”მონადირის” ხელმძღვანელ ემზარ კვიციანთან. აღიარეს თუ არა იგი პოლიტდევნილად და როდის ჩამოდის საქართველოში? ამ შეკითხვაზე კვიციანი გაზეთს პასუხობს, რომ რატომღაც ამ მხრივ დრო იწელება და ჯერჯერობით შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. ”ყველასთან აქვთ ჩემებს ურთიერთობა, მათ შორის ბესელიასთანაც. ყველა ამბობს, რომ მე უეჭველი მეკუთვნის პოლიტდევნილობის სტატუსი. ყოველდღე ამბობენ, კვირის ბოლოს იწყებაო განხილვა, - ასე გრძელდება უკვე 4 თვეა, დავიღალე“, უთხრა ემზარ კვიციანმა გაზეთ ”ვერსიას”.

ამავე გაზეთის თანახმად, საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით არ პირებს არც დათა ახალაია. გაზეთის რესპონდენტი კი ამ შემთხვევაში არის ”თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე. შეკითხვაზე, შექმნილი ვითარების ფონზე იწყება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, იგი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ორ პირზე არ არის მიბმული და იგი იდეურად მოაზროვნე ადამიანების ერთობლიობას წარმოადგენს. შესაბამისად, პარტიის გაჯანსაღება და გადახალისება უნდა მოხდეს, პრობლემებს კი პასუხი უნდა გაეცეს.

გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში კი ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი ორხელისუფლებიანობის პირობებში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დატოვებას, მათ ნაბიჯებში საბოტაჟის ნიშნების გამო, სახიფათოდ მიიჩნევს და ახალ მთავრობას შეცდომად უთვლის იმას, რომ მინისტრების მოადგილეების დონეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეინარჩუნა.
XS
SM
MD
LG