Accessibility links

"კვირის ქრონიკაში" პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. უმრავლესობის წევრი ჯანდაცვის მინისტრს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკრიტიკებს და ხაზს უსვამს პარლამენტის, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი შტოს, მნიშვნელობას. დავითაშვილი აცხადებს: "დავით სერგეენკოს საქმიანობაში აშკარად ჩანს ლობირება კერძო სადაზღვევო კომპანიების. ეს არის დაუფარავი, ეს ჩანს მის ყველა ნაბიჯში, დაწყებული იმით, თუ როგორი სქემა შემოგვთავაზა პირველადი ექიმების და დასრულებული იმ ფაქტით, თუ როგორ გაუგრძელა ამ უთოფო ყაჩაღებს ერთი წლით ხალხის ძარცვისა და ბიუჯეტის ძარცვის ხელშეკრულება".

"კვირის ქრონიკაში" დღეს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. გაზეთის კორესპონდენტთან საუბრის თემა 19 აპრილის აქციისადმი მიძღვნილი ლექსია: "ბიჭო, სომხებს ჩვენ რომ ვექცევით, უკეთესი არც შეიძლება. ჯავახეთში მიშაც ჩასული იყო, მერაბიშვილიც ჩასული იყო, რომ სომხები ჩამოეყვანათ მიტინგზე და ამიტომ დავწერე, ქართველები არ ჩამოხვიდეთ, სომხებო, თქვენ მოდით-მეთქი. ეს თან იუმორია, თან ნაღდია! ოვანეს თუმანიანიდან დაწყებული, ავეტიკ ისაკიანამდე, ყველა ჩემი ნათარგმნია ქართულად. მე ისეთი ურთიერთობები მქონდა ამ ხალხთან, როგორ დავცინებ, მაგრამ ის, რომ სომხებს ძალიან უნდოდათ აქ ჩამოსვლა, ამიტომ ვთქვი ასეთი ლექსიო", ეუბნება ჯანსუღ ჩარკვიანი "კვირის ქრონიკას".

"რეზონანს/მთელ კვირაში" ვაჰაგან ჩახალიანთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის აცხადებს, რომ არასდროს მოუთხოვია სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფა და არც ავტონომიის შექმნის ინიციატივით გამოსულა. "ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაო", - ეუბნება "რეზონანსს" ჩახალიანი. "ისე კი, დემოკრატიულ ქვეყანაში ავტონომიის მოთხოვნა, თუ ეს ცივილიზებულ ფარგლებში ხდება, დანაშაულთან არ უნდა იყოს გაიგივებულიო".

"ახალი თაობისთვის" კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანს უთქვამს, რომ კოდორზე ბევრი რამე აქვს სათქმელი - "ამას მაშინ ვიტყვი, როცა საქართველოში ჩამოვალ. ჩემი განცხადება იქნება დიდი სკანდალიო", - აცხადებს კვიციანი.

დღევანდელი პრესა ბევრს წერს დათა ახალაიაზე. "დათა ახალაიას სიცოცხლეს საზღვარგარეთ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს", - ეუბნება კახა კახიშვილი "კვირის პალიტრას“ და განაგრძობს: "როგორც ჩანს, ის თავისი ადვოკატის მეშვეობით პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობსო".

"პრაიმ-ტაიმს" კი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი განუმარტავს: "თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ", - ამბობს კბილაშვილი და დასძენს, რომ უჭირს იმის პროგნოზირება, რა დოზით იქნება გამოყენებული ან იქნება თუ არა გამოყენებული საერთოდ ეს შესაძლებლობა.

"ვერსია" მოსკოვში მყოფ ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა. რესპონდენტი ამბობს, „ჩემი ძირითადი სამიზნე ადგილობრივი არჩევნებია, რომელშიც წარმატებას აუცილებლად მივაღწევო", პოლიტიკური კონსულტაციებისთვის 30 აპრილს საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავო. ხაბურძანია ახალი სახეების მოძებნას აპირებს. "მთავარია, რომ იდეოლოგიური საწყისი გაგვაჩნია და მთლიანად რუსეთზე ორიენტირებულები ვართ", - აცხადებს ხაბურძანია "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დღეს ჟურნალი "ლიბერალი" გამოვიდა - ეს არის სპეციალური გამოშვება, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობას ეძღვნება. გარეკანზე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეა. მასზე სტატიის გარდა, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან: "პირველ რიგში მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაიჭრას. საქართველოში 70%-ზე მეტს არ გააჩნია მიწის საკუთრების მოწმობა", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. "ლიბერალი" მკითხველს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე უამბობს.
XS
SM
MD
LG