Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 26 აპრილი


”სააკაშვილზე მორგებულ კონსტიტუციას ივანიშვილი არ თმობს” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი ისევ გაურკვეველია და მმართველ კოალიციას ამ თემაზე საუბარიც არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მათ წინასაარჩევნო დაპირებებშიც შედიოდა და, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, მასზე მუშაობა თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო. გაზეთის თანახმად, ასეთი კომისიის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამო აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება ნორმები, რომელიც პრემიერ-მინისტრის უფლებებს განუსაზღვრელად ზრდის. ”ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერისთვის კეთდებოდა“, -აღნიშნავს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილმა, როგორც აღმოჩნდა, სხვისთვის იზრუნა - გაზრდილი უფლებები ახლა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერგება და თუ ამაზე ადეკვატური რეაქცია არ გაკეთდა, ეს ნორმები უცვლელად დარჩება. გაზეთი ”რეზონანსი” შენიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნის საკითხის გასარკვევად არგუმენტების მოძიება მმართველ კოალიციაში სცადა, მაგრამა მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

„რის სათხოვნელად ჩავიდა სააკაშვილი ამერიკაში?“ - ამ სათაურით კი დღეს გაზეთი ” ალია” აქვეყნებს ინტერვიუს მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროსთან, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან. მამრაძის თანახმად, სააკაშვილი ამერიკელებს გვერდით დგომას სთხოვს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია.

„პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია კერძო პირზე გადააფორმეს?“ - ამ შეკითხვას კი თავის ფურცლებზე გაზეთი ”ვერსია” სვამს და ცდილობს გაარკვიოს, რატომ არის პრეზიდენტის სასახლის მფლობელის ვინაობა სახელმწიფო საიდუმლო. „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს, ანუ ავლაბრის რეზიდენციას, და რაბათის ციხეს კერძო მფლობელი ჰყავს. რაბათის ციხესთან დაკავშირებით წყაროს ინფორმაცია არ დადასტურდა - „ვერსიის“ თანახმად, იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმყოფება. რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციას, გაზეთში ვკითხულობთ, რომ ორი დღის უშედეგო მცდელობის მიუხედავად, მისი მფლობელის ვინაობის გარკვევა ”ვერსიამ” ვერ შეძლო, რადგან ინფორმაცია დახურულია.

”ბაჩო და დათა ახალაიები ”ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ“ - ამის თაობაზე გაზეთ ”ახალ თაობაში” წაიკითხვათ. გაზეთი აქვეყნებს ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მოსაზრებას. სააგენტო „პირველს“ მან განუცხადა, რომ აბსურდია, რომ დათა და ბაჩო ახალაიები გაურიგდებიან „ქართულ ოცნებას“ ან ვინმეს, საერთოდ. „ახალი თაობა“ კი შენიშნავს, რომ დათა ახალაიას ალაპარაკებას ყველა ელოდება, რადგან მას უამრავი კომპრომატი აქვს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG