Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 6 მაისი


დღეს ორ ყოველკვირეულ გაზეთს მიმოვიხილავთ. "კვირის პალიტრაც" და "პრაიმ-ტაიმიც" ინტერვიუებით არის დატვირთული. "კვირის პალიტრაში" პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე იბეჭდება. ვიდრე პოლიტიკურ ამბებს შევეხებოდე, გეტყვით, რომ გაზეთი დღეს გვანცა ადამიას დედასთან ინტერვიუს აქვეყნებს. გვანცა ადამია, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია, გასულ კვირაში უიმედოდ შეყვარებულმა თანაკურსელმა ვაჟმა უნივერსიტეტის შენობის მესამე სართულიდან გადააგდო. გვანცა ადამიას დედა "კვირის პალიტრას" უყვება, რომ მისი შვილი ამ ინციდენტამდეც გრძნობდა საფრთხეს თანაკურსელისგან.

"კვირის პალიტრის" საყურადღებო პუბლიკაციებს შორის დღევანდელ ნომერში საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან ინტერვიუსაც გამოარჩევთ. ბეხლერი თვლის, რომ საქართველოს "საგარეო კურსი შეუქცევადად მიდის დასავლეთისკენ. ამასთან, შეინიშნება დადებითი ცვლილებებიც, მაგალითად, რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არა ევროპული კავშირების დაზიანების ხარჯზე", - აცხადებს საქართველოში შვეიცარიის ელჩი და ამავე ინტერვიუში ამბობს, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა "ევროპული ყაიდის მაგალითია", როგორსაც "ევროპაშიც კი ყოველთვის ვერ შეხვდებითო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმე სხვა ინტერვიუების თემაც არის. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "მავანნი კირვალიძეზე აპირებდნენ ხელის შეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის კირვალიძის შეცდომებშიო". არეშიძე ფიქრობს, რომ თანამდებობიდან მოშორების მიზნით კიდევ ერთი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარშემოც კრავენ რკალს.

"კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილიც უზიარებს აზრს: "ეს საქმე კოშმარია. პროცესზე მე ვნახე პროკურორები, რომელთაც ადეიშვილის დროსაც ვხედავდი. ეს საქმე მარწმუნებს, რომ ძალიან ცუდ ტენდენციასთან გვაქვს საქმე".

"კვირის პალიტრიდან" შეიტყობთ, რომ მთავარ პროკურატურაში მოქმედი პროკურორების წინააღმდეგ უკვე ათასზე მეტი საჩივარია შესული.

სოფლის მეურნეობის სისტემაში დარღვევებზე საქმის აღძვრას "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი: "მოდით, ასე ვთქვათ - უსინდისობას, უნამუსობას, კანონის დარღვევის მცდელობას მარტო სოფლის მეურნეობის სფეროში არა, სხვა სფეროებშიც აქვს ადგილი. სამწუხაროდ, ცალკეულმა ადამიანებმა ცუდად გაიგეს ეს ყველაფერი და გადაწყვიტეს, რომ პროცესზე ხელი მოეთბოთ".

"საქართველოში ეკონომიკა მიდის უკან, არ იქმნება სამუშაო ადგილები. უნდა შექმნილიყო საფუძველი, რომ ახალი სამუშაო ადგილები გაჩენილიყო", - "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებას აკრიტიკებს მიხეილ მაჭავარიანი.

ამავე გაზეთში ლევან ბერძენიშვილთან ვრცელ ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ფიქრობს, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მიერ ქვეყნის მართვის შესახებ ლაპარაკი "მტრული ნამუშევარია" და ის არც კოალიციიდან და არც "ნაციონალური მოძრაობიდან" არ მოდის, არამედ "ჰიპოთეტური მეტოქეებისგან, ჯამში ხუთი პროცენტიც რომ არ აქვთ".

"ვინ-ვინ და ვანო მერაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, გირგვლიანის თემასთან რამდენად არიან კავშირში დათა ახალაია და ვასილ სანოძე. მეტიც, მათ რეალურად ხელი შეაწმინდა ვანო მერაბიშვილმა", - ამას აცხადებს თეა თუთბერიძე "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. თუთბერიძე თვლის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთადერთი ლიდერი და ერთადერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია. მერაბიშვილის გარდა თუთბერიძე ზურაბ ადეიშვილსა და გიგა ბოკერიასაც აკრიტიკებს. თუთბერიძე ამბობს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა სააკაშვილს ყველა დასაყრდენი ჩამოაშორეს.

"პრაიმ-ტაიმის" მთავარი პუბლიკაცია კოდორის ხეობაშჲ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანთან ინტერვიუა. ის ჰყვება, რომ კოდორის ხეობის მტრისთვის ჩაბარება კარგად გამიზნული გეგმა იყო. სათაურში გამოტანილია მისი მიმართვა ახლანდელი თავდაცვის მინისტრისადმი: "კიდევ ერთხელ ვეკითხები ირაკლი ალასანიას და ბევრჯერ შევეკითხები, სანამ სული მიდგას, რატომ ჩააბარე ხეობა? ჩემთვის სულ ერთია, გაეროში იყავი თუ სად იყავი. შენ მე პირობა მომეცი, რომ ხეობას დაიცავდი. რატომ არ დაიცავი? კარგი, რაც მოხდა, მოხდა... მეშინია, კიდევ უფრო მეტი უბედურებისთვის არ მოამზადონ ქვეყანა ამ "დავერბოვკებულმა" ადამიანებმა. ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია არ მყავს მხედველობაშიო", ამბობს ემზარ კვიციანი და განაგრძობს: "ვშიშობ, არ აგორდეს ისეთი რამ, რაც აჭარის ავტონომიას შეუქმნის საფრთხეს - თურქეთმა გააღვიძოს ყარსის ხელშეკრულება და ჩოლოქზე დაგიდოს საზღვარი".

დღეს გამოსულ "კვირის პალიტრასა" და "პრაიმ-ტაიმში" ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუები თბილისის ყოფილ მერსა და პარლამენტის ყოფილ წევრ ნიკო ლეკიშვილთან. "თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა, შეიძლება მაჟორიტარად ვიყარო კენჭი. თუ თბილისის საკრებულოში საქმიანი ხალხი იქნება, იქაც ვიყრი კენჭსო", ეუბნება ლეკიშვილი "კვირის პალიტრას".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG