Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 10 მაისი


"ვინ მოკლა ამერიკელი მზვერავი საქართველოში?" - ჟურნალი "არსენალი" აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის მკვლელობის საქმეზე წერს. "არსენალის" სტატიის დაწერის საბაბი "ნიუ იორკ ტაიმსში" 28 აპრილს გამოქვეყნებული სტატია გახდა. "არსენალის" ავტორი 20 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს და წერს: "ათასობით კილომეტრიდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული კაცი მალევე მიხვდა, რომ ყველა საიდუმლო სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება (უპირველესად, აფხაზეთთან დაკავშირებით) წინასწარ გაყიდული იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროს სხვადასხვა სტრუქტურაში, ჩვენდა საბედნიეროდ, მუშაობდა პატრიოტი და პროფესიონალი ხალხი, რომლებთანაც ერთად ვუდროფი მალე გაერკვა რეალურ სიტუაციაში. მისდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ქვეყანას, ფაქტობრივად, რუსეთის აგენტურა მართავდა". სტატიის ავტორი წერს, რომ სწორედ რუსეთის აგენტურის სწრაფად გაშიფრვა გახდა ფრედი ვუდრაფის მკვლელობის მიზეზი. ჟურნალის მკითხველი დღევანდელი ნომრიდან შეიტყობს ერთ სიახლეს - "არსენალის" ფორმატი იზრდება და ივნისიდან კვლავ ყოველთვიური გახდება.

"რა შეხლა-შემოხლა მოხდა სააკაშვილსა და უგულავას შორის?" - "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების თემით ინტერესდება "ალია". მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ ჟურნალისტი და "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი: ""ნაცმოძრაობაში" ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ ხელისუფლებაში დაახლოებით 30 წელი დარჩებოდნენ, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილმა კი მათ გეგმებს მართლაც წყალი გადაასხა, როდესაც 1 ოქტომბერს გამოვიდა 8 საათზე და განაცხადა, რომ არჩევნები "ნაციონალებმა" წააგეს. ფაქტობრივად, მან გზა მოუჭრა მანიპულაციებსა და არჩევნების შემდგომ მასშტაბურ გაყალბებას". ამავე ინტერვიუში კახა კახიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომლის დაშლაც, რესპონდენტის აზრით, გარდაუვალია, ცდილობს კოალიცია „ქართულ ოცნებაში" განხეთქილება შეიტანოს.

"ვერსია" აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტ ვანო მაჭავარიანთან, რომელიც არ გამორიცხავს, "ბიძინა ივანიშვილმა ისეთი დამოუკიდებელი ფიგურა შეარჩიოს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" მისაღები იქნება.

"ვერსიას" "ლეიბორისტული პარტიის" დატოვების მიზეზებზე ესაუბრება სოსო შატბერაშვილი: "შალვამ გვითხრა, პარლამენტში რომ გავსულიყავით, პირობა მქონდა დადებული, მხარი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობისთვის დაგვეჭირაო. ეს იყო გადამწყვეტი, რის გამოც წამოვედითო", ამბობს შატბერაშვილი.

"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში აკაკი ასათიანი "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნის თემაზე ლაპარაკობს და მიზეზებსაც ეძებს: "არიქა, არ დაგვაბრალონ პრორუსულობა, არ დაგვაბრალონ სოციალისტურობა, არ დაგვაბრალონ კიდევ, რა ვიცი, ათასი რამ. ამ რეჟიმში მოქმედება ხელისუფლებისთვის შეუძლებელია. თუ რამეს სწორად თვლის, ის უნდა გააკეთოს, მაგრამ რას თვლის სწორად, ჩვენ ხომ არ ვიცით? თვითონაც თუ არ იციან, აი, მაშინ რა გვეშველება, ის ვიკითხოთ".

"ალიას" დეპუტატი კობა დავითაშვილი უზიარებს მოსაზრებებს პატრიარქის ინიციატივაზე აბორტის აკრძალვის შესახებ: "სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გაჩნდეს სპეციალური მუხლი, რომელიც ამ ქმედებას დასჯის, ანდა შეფასდეს როგორც მკვლელობა და ამ მუხლით დაისაჯოს ქალიც და ექიმიც. თუ მამაც არის აბორტის თანამონაწილე, ისიც უნდა დაისაჯოს", - აცხადებს კობა დავითაშვილი.

"ექიმები საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასით" - ეს "რეზონანსის" სათაურია. ავტორი წერს, რომ "ექიმების ხელფასების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა პრობლემური, რაც სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიების ხელში გადავიდა, ხოლო საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამ ექიმებს მორიგი თავსატეხი გაუჩინა. მათი უმრავლესობა ისედაც მიზერული ხელფასის დროულად აღებასაც ვერ ახერხებს", - წერს "რეზონანსი".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG