Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 14 მაისი


შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის პატიმრობა დღევანდელი პრესის ერთ-ერთი თემაა. ”24 საათის” სათაურია ”სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისი და სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი”.

”ალიაში” კი გიორგი ფარესაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის გაზეთს უყვება ერთ-ერთ კომპანიასთან დაკავშირებულ თორმეტი წლის წინანდელ ისტორიას, რომელშიც, ფარესაშვილის მონათხრობის მიხედვით, გელა ხვედელიძე და ლაშა ნაცვლიშვილი ფიგურირებენ. ამავე ინტერვიუში ფარესაშვილი ხვედელიძეზე ამბობს: „როგორც უშიშროების თანამშრომელი, მაგრად ჩაიჭრა. მათ კარგად არ ჰქონდათ შესწავლილი ჩემი პიროვნება და ფიქრობდნენ, რომ ჩემზე ასეთი სიბინძურის გავრცელების შემდეგ ან თავს მოვიკლავდი, ან შევვარდებოდი რომელიმე საელჩოში და მოვითხოვდი პოლიტიკურ თავშესაფარს. პარალელურად, ცდილობდნენ ჩემი მეგობრები ჩამოეშორებინათ ჩემთვის და ამ ფირით უჩვენებდნენ - აი, ნახეთ, ვის უდგახართ გვერდითო”.

გელა ხვედელიძის შესახებ ”ალიას” მამუკა არეშიძეც უყვება: ”გელა ხვედელიძემ მე ჩამანაცვლა. მე მევალა რეგიონალური სტრუქტურების შენება”, - ამბობს არეშიძე და ამავე ინტერვიუში განაგრძობს: ”ხვედელიძემ შემცვალა და მიზანმიმართულად დაიწყო ჩემ მიერ აწყობილი სისტემის დაშლა”. არეშიძის თქმით, გელა ხვედელიძის იდეა ყოფილა მისი გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაც. არეშიძე ხვედელიძის ”დამსახურებად” თვლის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა ლილუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასაც.

პრესაში პრეზიდენტობის არსებულ და შესაძლო კანდიდატებზე მსჯელობაც გრძელდება. ”რეზონანსს” პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ეუბნება, რომ ””ქართულმა ოცნებამ” ძალიან იჩქარა, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა და სექტემბერს არ დაელოდა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ კოალიციამ კანდიდატი 4-5 თვის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფისთვის გაწირა. როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში მის დისკრედიტირებას მაქსიმალურად შეეცდებიანო”, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ მარგველაშვილი პოსტს დატოვებს და საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებას დაიწყებს.

”მარგველაშვილის დასახელება მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არ უყურებს სერიოზულად პრეზიდენტის ფიგურას”, - ეუბნება ნანა დევდარიანი ”ახალ თაობას”. ის დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გიორგი მარგველაშვილის მიმართ და პოლიტიკაში მის გამოუცდელობას უსვამს ხაზს. მეორე მხრივ, დევდარიანი თვლის, რომ მარგველაშვილის დასახელებამ გაზარდა ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის შანსი. დევდარიანის აზრით, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციიდან პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი სწორედ ბურჯანაძეა.

”ახალ თაობაში” ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიასთან ინტერვიუც ქვეყნდება. დავითაია 17 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ამბობს: ”საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უსამართლოდ დაჩაგრულ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანსაც დავიცავ, მაგრამ მათ მიერ აქციის ჩატარებას არ მივესალმები. ის, რის გაკეთებასაც ეგენი აპირებენ, არის უზნეო ცხოვრების პროპაგანდა და როცა ამის რეკლამირება ხდება, ამით ჩემი და ჩემი შვილების უფლებები ირღვევა”, - ეუბნება ზაზა დავითაია ”ახალ თაობას”.

დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”უმაღლესების სტატუსის შეცვლა - საფრთხე რექტორებისთვის”. ”როგორც ”რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, უმაღლესების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გადაკეთებისთანავე რექტორები მოვალეობის შემსრულებლებით უნდა შეიცვალოს, შემდეგ კი რექტორის არჩევნები დაინიშნოს. დიდია ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ამჟამინდელი რექტორები კანონპროექტის ინიციატორმა მმართველმა ძალამ მოვალეობის შემსრულებლად დაიწუნოს. მით უმეტეს, რომ რექტორების გარკვეულმა ნაწილმა (გიგი თევზაძემ, სანდრო კვიტაშვილმა...) პრეზიდენტს პირდაპირ მოუწოდა ვეტო დაედო კანონპროექტისთვის”, - წერს ”რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG