Accessibility links

დღევანდელი პრესა ბევრს წერს 17 მაისის ამბებზე. ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი თემაც ეს არის. გამოცემის გარეკანზე მოვლენის ამსახველი კადრია და სათაური - ”გამოცხადებული 17 მაისის ქრონიკა”. ”ლიბერალის” პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი წერს: ”შეიძლება ვიკამათოთ, უნდა აღნიშნულიყო თუ არა ეს დღე აუცილებლად რუსთაველზე; უნდა დაანონსებულიყო თუ არა ეს თარიღი ყველა შესაძლო გზით; უნდა გადადებულიყო თუ არა აქცია მაშინ, როცა ნათელი გახდა, რომ ძალადობრივი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ამაზე ფიქრი მანამდე შეიძლებოდა, სანამ სარკეში ჩავიხედავდით. უკვე ვეღარ გავექცევით საკუთარ გამოსახულებას”.

”ლიბერალში” დეკანოზ იაკობ მახნიაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას, ჩაებნენ რიტუალურ-რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, სად ვართ და რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია”.

”საქართველო რელიგიურ ნაციონალიზმსა და ლიბერალურ უტოპიას შორის” - ამ სათაურით ”რეზონანს/მთელ კვირაში” ქვეყნდება სტატია, რომელშიც ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის აზრსაც გაეცნობით: ”აქ არანაირი ლაპარაკი არ არის რომელიღაც ერთი უმცირესობის დაცვა-არდაცვაზე. აქ არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ძალადობის გზით ეკლესიის სახელმწიფოზე მაღლა დაყენების მცდელობა”.

”პრაიმ-ტაიმს” ინტერვიუ მისცა დავით საგანელიძემ: ”ნუ მაიძულებენ უმცირესობის პროპაგანდით ვიყო აღფრთოვანებული. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა თავისი მოსაზრება და ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. უბრალოდ, ძალადობაში არ უნდა გადაზრდილიყო”, - განუცხადა საგანელიძემ ”პრაიმ-ტაიმს”.

”ასავალ-დასავალის” ავტორი: ”დიახ, 2013 წლის 17 მაისს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში მორალი ზეობს და ამ ქვეყანაში ამორალობას გასაქანი არასოდეს ექნება!”. ”ასავალ-დასავალშივე” რეზო ამაშუკელთან ინტერვიუ: ”სიყვარულით ვიწერ გულზე მეუფე იაკობის თითოეულ სიტყვას. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ვასაძეს, რომელიც ქართველობის და მართლმადიდებლობის დასაცავად იდგა რუსთაველის გამზირზე 17 მაისს. როგორი დახვეწილი პიროვნებაა, როგორი ვაჟკაცი და მართლმადიდებელია”.

”კვირის პალიტრა”, არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი: ”დიახ. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ტახტი და ივერია გაბრწყინდეს. პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მანკიერება”.

”ვერსია” დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირი იქნება თუ საერო. არც ისაა მნიშვნელოვანი, ვინ ვისი ან რისი მომხრეა. კანონი კანონია და ის მღვდელმა დაარღვია თუ ჩვეულებრივმა მოქალაქემ, დამნაშავეები შესაბამისად უნდა დაისაჯონ, თუმცა ჯერ არავინ იცის, ვინ დააშავა...”.

”ახალი თაობის” სტატია - ”უმწიფარი საზოგადოება”. ავტორი წერს: ”ამდენი აგრესია კი არ უნდა გვიკვირდეს, არც საზოგადოების უმწიფრობა. დაუსაქმებელ ადამიანს ათასნაირი აზრი უტრიალებს თავში, რომელსაც თუ ვერ განახორციელებს, აგრესია უგროვდება. მერე ეს აგრესია ან გრძელთმიანებს დაატყდება თავს, ან სულაც - მელოტს. დასაქმებულსა და ეკონომიკურად წელში გამართულ ადამიანს არ სცალია უმსგავსოებებისთვის და არც შეუძლია ის, რაც შეძლეს ქართველებმა 17 მაისს. ყველა გზა რომისკენ თუ მიდის, აგრესიის ჩასახშობი წამალი მხოლოდ სახელმწიფოს აქვს - დაასაქმოს ადამიანები”, - წერს ”ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG