Accessibility links

logo-print
"სალომე ზურაბიშვილი დუმილს არღვევს" - ამ სათაურით "ვერსიაში" ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ზურაბიშვილი აცხადებს: "ქვეყანას დღეს არ სჭირდება ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმები, გარდა პრემიერის ფავორიტობისა, არ გააჩნია". ამავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს: "ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში საპრეზიდენტო ფუნქციები ყველაზე კარგად მომესადაგება". რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის პერსპექტივას, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: "თუ ამ შეჯიბრში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღე და პროცენტული მაჩვენებლით არჩევნებზე ნაციონალებზე მეტი ხმა მოვიპოვე, დამტკიცდება, რომ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურ ძალას აღარ წარმოადგენს. პირადად ჩემთვის ეს მართლაც გამარჯვება იქნება. თუ მეორე ტურიც შედგება, ესეც ქვეყნისთვი საკმაოდ სერიოზული შედეგი იქნება".

„ვერსიაშივე“ საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე "სახალხო კრების" თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: "ვფიქრობ, თუ ნინო ბურჯანაძე ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, ეს სახელმწიფოს პოლიტიკური დაბალანსების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება". ამავე ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი ამბობს: "პირდაპირ გეუბნებით, თუ ნინო ბურჯანაძე ივანიშვილს დაუპირისპირდება, პირველი მე ვიქნები, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა".

საპრეზიდენტო არჩევნების თემას დავასრულებ "რეზონანსში" გია მაისაშვილთან ინტერვიუთი: "საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ახლა ჩემს პარტნიორებთან ერთად უნიკალურ საშუალო სკოლას ვაარსებ, ასევე უნიკალურ უმაღლეს სასწავლებელს ბიზნესისა და სახლმწიფოს მმართველობის სფეროში", - ეუბნება "რეზონანსს" გია მაისაშვილი.

"ალია" სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს: "ცხადია, ჩვენ უცხოელ დოპლომატებთან ვმუშაობთ, რომ სწორად გაიგონ საქართველოში მიმდინარე პროცესები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვდება მათ, ბატონი არჩილ კბილაშვილი ხვდება დიპლომატიურ კორპუსს. მან მიაწოდა ინფორმაცია, რა მტკიცებულებები არსებობს ამა თუ იმ ყოფილ თანამდებობის პირზე. ეს არის სამუშაო პროცესი. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რეალურად საქართველოში ახლა იწყება დემოკრატიის მშენებლობა და მხოლოდ ახლა იწყებს ქვეყანა რეალურად სვლას დასავლეთისკენ", - აცხადებს სუბარი. ამავე ინტერვიუში ის აფასებს 17 მაისის მოვლენებსაც: "ეკლესია და სახელმწიფო მკაფიოდ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში და პირიქით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ეკლესია არ გამოვიდეს და არ თქვას, რომ მამათმავლობა ცუდია და რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია. ძალიან არასერიოზულია იმის თქმა, რომ ასეთ თემებზე ეკლესიამ ხმა არ უნდა ამოიღოს".

"ახალი თაობის" კორესპონდენტი ვანო მერაბიშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილებაზე ესაუბრება ნანა კაკაბაძეს: "ნაციონალები გაბრალებენ, რომ კაკაბაძის საძმოს აქტიურობამ იმოქმედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეო". ნანა კაკაბაძე პასუხობს: "ხელისუფლება ნეტავ რაიმეს მართლა ითვალისწინებდეს კაკაბაძის რეკომენდაციისას. ამას იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ამით ამ ხელისულებას აკომპლექსებენ. აკომპლექსებენ იმითი, რომ თუ შენ ვინმემ მართალი და სწორი რეკომენდაცია მოგცა, ის არ შეასრულო. დღევანდელი ხელისუფლება გამოუცდელია და ისინიც ამით კომპლექსდებიან". ამავე ინტერვიუში კაკაბაძე თავისსავე პოზიციას განმარტავს: "აი, ეს პრობლემა რომ მოეხსნება ქვეყანას, ეს ჭირი რომ მოშორდება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მერე ნახონ ოპოზიციაში ყოფნა როგორი უნდა და როგორი უნდა კრიტიკა. დღეს კი ამ ხელისუფლების კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს".

"24 საათი" 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ინფორმაციას აქვეყნებს. ტექსტში წაიკითხავთ: "ერთი საკმაოდ პარადოქსული შედეგი კი გამოიკვეთა საბიუჯეტო შესრულებების ანალიზისას - როგორც წესი, როგორც სხვადასხვა გადასახადებიდან შემოსავლები, ასევე ეკონომიკის ზრდა ურთიერთმიმართებაშია ერთმანეთთან. 2013 წლის პირველ კვარტალში კი ეს ურთიერთმიმართება ერთგვარად დარღვეულია: მაშინ როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს წილობრივად აისახა კიდევაც დღგ-ს შემოსავლის შემცირებაში (თუმცა, ვფიქრობთ, რომ სრული ასახვა აქაც არ გვაქვს), მოულოდნელად მნიშვნელოვნად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი".

საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას აკრიტიკებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე. "ცუდი მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. ბიზნესი გაჩერებულია, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში რაღაც საგანგაშო ხდება", - ეუბნება ფიქრია ჩიხრაძე "რეზონანსს".
XS
SM
MD
LG