Accessibility links

"საქართველოს ტერიტორიებს კვლავ ართმევენ" - "რეზონანსი" ეხმაურება ამ სტატიით რუსი სამხედროების მიერ დიცსა და დვანთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს. გაზეთისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის უთქვამს: "ამაზე მწვავე სიტუაცია არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ახლა საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა ყველაზე მართებულია". ამასთან, ფაქტის შეფასებისას გია ვოლსკი აცხადებს: "ნებისმიერ შეფასებამდე, მთავარი შეფასება მაინც ის არის, რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია მძიმე დანატოვარისა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიამ ქვეყანას მოუტანა".

"რეზონანსში" დღეს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. საუბრის თემა ახალი ჰესების მშენებლობაა. კალაძე გარემოს დაცვის სამინისტროსთან "ნაყოფიერ" თანამშრომლობაზე ლაპარაკობს, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტზე კი ამბობს: "გვაქვს ეჭვი, რომ გარედან გარკვეული ადამიანების ჯგუფი მოსახლეობას მართავს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისას ადგილობრივი მოსახლეობის აზრი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული".

"ალიაში" "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელ ზაალ კასრელიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. კასრელიშვილი ამბობს: "ლაფანყურის ოპერაციამდე ვაჰაბისტ მებრძოლებში მთელ მსოფლიოში საველე ფოსტით გავრცელებული იყო ინფორმაცია - მართალია, ქართველები ავღანეთში "აისაფის" მისიაში მონაწილეობენ, მაგრამ საქართველოში არ გვერჩიან, გადაადგილების საშუალებასაც გვაძლევენ და ხელსაც გვიწყობენო. მაგრამ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ეს ფსევდოიმუნიტეტი საქართველოს სახელმწიფოს მოეხსნა", - აცხადებს კასრელიშვილი "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში და კრიტიკულად აფასებს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ვიზიტებს ავღანეთში.

დღევანდელი პრესა წერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ხელახალი გამოძიების საკითხზეც. მისმა შვილმა და "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართეს. მამუკა გიორგაძე "ახალ თაობას" ეუბნება: "ეს ხომ აღიარებულია როგორც პოლიტიკური მკვლელობა. საკამათო აქ არაფერი არ არის, მაგრამ დღესაც არ ვიცით, ვის ინტერესებში შედიოდა ეს მკვლელობა, ჩვენი პარტიის განვითარების შეფერხება, რომელიც იყო ერთ-ერთი წარმმართველი ეროვნული მოძრაობის. საქართველოს უახლესი ისტორია ამ მკვლელობით რომ შეიცვალა, ამას ყველა ადასტურებს, მაგრამ რისი შეცვლა უნდოდათ, რას ისახავდნენ მიზნად? თუ გვსურს, რომ საქართველო უფრო განვითარებული იყოს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს".

"24 საათი" - დაკავებული პოლიციელების საქმეზე წერს. სტატიაში, სათაურით "ეს არ იყო დაკითხვა", ვკითხულობთ: "აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიფინგი გამართეს და მთავარი პროკურატურა ზეწოლაში დაადანაშაულეს. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა ჭაიას განცხადებით, მათ პროკურატურამ 24-საათიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავება აღიარონ".

დღევანდელ პრესაში გრძელდება 17 მაისის აქციის შეფასება და უფრო ლგბტ პირების განსჯა. "საქართველოს რესპუბლიკაში" მთელი გვერდი ეთმობა ერთ-ერთი ავტორის მოსაზრებას. ის წერს: "ბუნებაში აბსოლუტურად ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველას - ჰომოსექსუალობის გარდა. მას მხოლოდ უარყოფითი აქვს (რამე დადებითი რომ ჰქონდეს, ხომ თავს წაგვჭამდნენ აქამდე)! მაგრამ მხოლოდ ცოდვა, გარყვნილება და სიმახინჯე არაა ჰომოსექსუალობა, იგი უდიდესი საფრთხეა ადამის მოდგმისთვის! მთავარი საფრთხე, რაც ჰომოსექსუალებიდან მოდის, ეს არის დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე, რის წინაშეც ჩვენ ისედაც ვდგავართ დღეს!" - წერს "საქართველოს რესპუბლიკის" ერთ-ერთი ავტორი და საჭიროდ თვლის მიღებული იქნეს კანონი, რომელიც ლგბტ პირების "მკაცრად" დასჯას გაითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG