Accessibility links

logo-print
ჟურნალი „ლიბერალი“ დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. მინისტრი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის არეალში მიმდინარე პროცესზე ლაპარაკობს: „სიმართლე რომ ვთქვათ, ახალი და მოულოდნელი არაფერი ხდება. რუსეთი ითვისებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას“, - აცხადებს ზაქარეიშვილი და თვლის, რომ „ეს იმდენად ქართველების წინააღმდეგ არაა მიმართული, რამდენადაც იმისთვის, რომ იქედან აქეთ გადმომსვლელებზე კონტროლი დააწესოს. ერთ იქეთ გადასულ ქართველზე 20-30 გადმოსული ოსი მოდის“. „ჩემთვის ჯერჯერობით სამუშაო ვერსია ისაა, რომ ადგილობრივმა რუსმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს ამ დენადობის შეჩერება და ამისთვის თვითნებური ქმედებები დაიწყესო“, - ეუბნება „ლიბერალს“ პაატა ზაქარეიშვილი.

„რუსული მხარისგან თუკი რამეს მოველოდი, მოველოდი პოზიტივს და არა ნეგატივს“, - ეუბნება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე „კვირის პალიტრას“. ამავე ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მავთულხლართების გაბმა 2011 წელს დაიწყო - „მეშინია მეტად არ გახშირდეს ასეთი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქციაც მძაფრი და მკაცრი იყო“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ იტნერვიუში.

„ამ საკითხს სჭირდება არა მაღალხმიანი განცხადებები, არამედ სერიოზული ლაპარაკი მოსკოვთან არა ღვინოსა და მწვადზე, არამედ ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე და რაზე უნდა აიგოს ის“,- ეს არის ნაწყვეტი სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუდან, რომელიც ასევე „კვირის პალიტრაში“ ქვეყნდება. ზურაბიშვილი ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზეც ლაპარაკობს: „დიდი მოლოდინი მაქვს დებატებისა, სადაც პირადი ლანძღვის მაგივრად ახალ მაგალითს ვაჩვენებთ კონცეფციების შეჯიბრებისა. ბოლოს და ბოლოს, ფილოსოფოსმა და ყოფილმა თანამდებობის პირმა ორმა ქალმა ეს მაინც უნდა შევძლოთ და სხვა განზომილებაში გადავიტანოთ საპრეზიდენტო კამპანია, რაც თავისთავად დიდი მიღწევა იქნება!“

„რა ხდება პატიმარ მერაბიშვილის საკანში“, - ამ სათაურით „ვერსია“ გიგი წერეთელთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვს, ერთადერთი უტელევიზორობა აწუხებსო: „რაც მთავარია, ვანოს სიმშვიდე და უსაფრთხოება გარანტირებული აქვს. მხოლოდ წუხს, რომ მისი დაკავებით ქვეყნის იმიჯი დაზარალდაო“, - ეუბნება გიგი წერეთელი „ვერსიას“.

„კვირის ქრონიკა“ აგრძელებს თავის წყაროებზე დაყრდნობით მასალის გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა დათა ახალაიამ მერაბიშვილსა და სააკაშვილზე სპეცჯგუფებს. გაზეთი წერს, რომ „დაახლოებით ერთი თვის წინ დათა ახალაია ფარულად შეხვდა საქართველოს პროკურატურისა და შს სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს თურქეთში და გარიგება იქ შედგაო“. „კვირის ქრონიკის“ წყაროების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა დროს „ვანო მერაბიშვილთან ერთად ჯერ ივანიშვილის, მერე მისი თანაგუნდელის - ირაკლი ალასანიას ლიკვიდაციას შეეცადა“.

„ასავალ-დასავალი“ წერს, რომ „ციხის სკანდალური კადრების ავტორის ლადო ბედუკაძის პროცესი დასასრულს უახლოვდება. მალე სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს და, სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, სააკაშვილის რეჟიმის მესაფლავე, შესაძლოა, ციხეშიც გაამწესონო“. „თუნდაც დღეს ბორკილები დამადონ და საკანში გამამწესონ, ურჩხული დამარცხდა! ბედნიერი ვარ ამის გამო და დაუმსახურებელ სასჯელსაც უდრტვინველად მოვიხდი“, წერს, თავის მხრივ, ლადო ბედუკაძე, რომლის წერილსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG