Accessibility links

logo-print
„საქართველოს, შესაძლოა, ახალი 25 თებერვალი გაუთენდეს“ - ვკითხულობთ გაზეთ „ახალ თაობაში“, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტი, „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, იმ არასახარბიელო ტენდენციებზე საუბრობს, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ამ ეტაპზე ახლავს. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ეს ტენდენცია, შესაძლოა, სამომავლოდ იმ კონდიციამდე მივიდეს, რომ ქართველმა ხალხმა დასავლეთს „რუსული ჩექმის“ ქვეშ ყოფნა ამჯობინოს. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის დისკრედიტაცია, ხოლო რუსეთთან მიმართებაში დუმილი და რევერანსები ივანიშვილის მთავრობის საგარეო კურსს კითხვის ნიშნებს მატებს.

გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ კი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. სტატიის თანახმად,ირაკლი ალასანია შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს ან გადააყენონ, მისი ადგილი კი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დაიკავოს. თავად ირაკლი სესიაშვილი ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და მასზე კომენტარს არ აკეთებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა კი აბობს, რომ ადრე თუ გვიან მართლაც მოსალოდნელია რომ ალასანია სესიაშვილმა ჩაანაცვლოს, მაგრამ ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არჩევნებამდე მოხდებაო.

„სკანდალი „სახალხო კრებაში“ - თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს არ უჭერს“ -ინტერვიუს თემურ შაშიაშვილთან გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. ჩვენი პარტია მონების პარტია არ არის, ამიტომ არ ვიცი, 10 დღის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ეუბნება თემურ შაშიაშვილი გაზეთს. მანვე გაზეთს გააცნო პარტიის მიერ შემუშავებული სამპუნქტიანი დოკუმენტი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქართველს, რომელიც საქართველოში არ დაიბადება, მაინც უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მეორე პუნქტის თანახმად, უნდა შეიქმნას 400 მილიონიანი ფონდი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიისა და საპატრიარქოს პატრონაჟით, ემიგრანტებსა და საქართველოში მყოფ ბიზნესმენებს ერთობლივი პროექტების წამოწყებაში დაეხმარება. დაბოლოს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის უფლება საქართველოს პრეზიდენტს აღარ უნდა ჰქონდეს.

„ციხეებში ბუნტი მზადდება!!!“ - იუწყება „კვირის ქრონიკა“. გაზეთის თანახმად, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადმინისტრაციის მიერ შეტანილი ტელეფონები, რომელთა ამოღებაც მიმდინარეობს. იმ პატიმრებს, რომლებსაც ტელეფონით სარგებლობა დაუმტკიცდებათ, კანონის მიხედვით, 3 წელი დაემატებათ. გაზეთის თანახმად, ტელეფონები ისე უნდა ამოეღოთ, რომ სასჯელი არავის დამძიმებოდა, მაგრამ სისტემაში ძველი კადრები ბრუნდებიან და შურისძიებასთან გვაქვს საქმე. „ქრონიკის“ წყაროს მტკიცებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ერთი ნაწილი. ამავე სტატიის ფინალურ ნაწილში კი ვკითხულობთ: „კარგი იქნება, თუკი ივანიშვილი თავად დაინტერესდება სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებით და მინისტრის თანამდებობაზე ახალ კანდიდატურას გამოძებნის“.
XS
SM
MD
LG