Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 18 ივნისი


ბევრს წერს დღევანდელი პრესა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკის თაობაზე. ამ საკითხს ეხმაურება გაზეთი „24 საათი“. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც აშშ-ის 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვისთვისაა საჭირო, ერთ-ერთი ნაწილი საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა. როგორც გამოცემა წერს, კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ დოკუმენტი 315 ხმით, 108-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ამასთანავე, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. ისინი ასკვნიან, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტი უპრეცედენტოდ რადიკალურია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ კონგრესმენები შეცდომაში არიან შეყვანილნი.

დღევანდელი ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკაში მცხოვრებ პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძესთან. როგორც ის გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში მიუთითებს, ახალ მთავრობას ამერიკაში ძალიან ცუდი პიარი აქვს, ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი კი საქართველოს პრეზიდენტიცაა: ”პრეზიდენტი უარყოფით პიარს ხელს უწყობს თავისი დეზინფორმაციებით, საქართველოს მთავრობა კი არაფერს აკეთებს, რომ ის გააქარწყლოს. მიშას საკმაოდ ძლიერი 6 ლობისტური კომპანია ჰყავს, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ ამ ინფორმაციების გავრცელებაზე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დაჭერები, მერაბიშვილი და ახალაია გმირები არიან. ასეთი ტყუილების გავრცელება ხდება და ბიძინას ხალხი ეხმარება იმით, რომ არაფერს არ ამბობს. ბიძინას ლობისტები, მე როგორც ვიცი, არაფერს არ აკეთებენ და, ალბათ, ფულს იღებენ. პრაქტიკულად ხელს უწყობენ იმას, რასაც მიშა აკეთებს".

”ივანიშვილს აქვს ძალიან ცოტა დრო, ალბათ რამდენიმე კვირა, იმისათვის, რომ პოლიტიკის კორექტირება მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას პრეზიდენტის და პრემიერის ვინაობას სექტემბერში უკვე აღარავინ შეეკითხება”, - ამას გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს. მისი თქმით, ქვეყანაში მზადდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამს და მეტს არაფერს აკეთებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ამ კრიზისს ნაციონალები ხელოვნურად ქმნიან და ამაში გიგა ბოკერია სერიოზულ როლს თამაშობსო, კახა კუკავა პასუხობს: ”რამდენიმე თვეა უკვე, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, თანამშრომლობას მასთან, მისი მთავრობის კორუმპირებული ქმედებების განხილვას და პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე. მას რომ ტუჩი აქვს აბზუებული, რა შუაშია აქ ბოკერია. ეს არის მისი გამოუცდელობა და არაკომპეტენტურობა”, - ამბობს კახა კუკავა გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში.

18 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ წერს აბორტის თაობაზე. უფრო ზუსტად კი, ის ამ საკითხზე ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს არჩილ ხომასურიძეს ესაუბრება. როგორც ის ამბობს, აბორტის აკრძალვაზე ლაპარაკი სისულელეა. როცა აბორტი რეალობაა, აკრძალვას მოაქვს მხოლოდ მისი გადასვლა იატაკვეშ და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩართულნი არიან თუ არა სპეციალისტები პარლამენტში მიმდინარე განხილვებში, რომელიც აბორტის შესახებ კანონს შეეხებაო, არჩილ ხომასურიძე პასუხობს: ”არ მესმის ეს საკითხი როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა განიხილონ. ეს არ არის პარლამენტში განსახილველი თემა. როგორც ვიცი, სამედიცინო წრეებში ამის შესახებ დისკუსია არავის გაუმართავს. პოლიტიკოსები პოლიტიკურ დივიდენდებს ეძებენ და მზად არიან საწინააღმდეგო აზრის ჩასაქოლად. სულ ცოტა დრო დარჩა აბორტის დამარცხებამდე, მედიკოსები მივხედავთ ამ საქმეს. პოლიტიკოსებს კი გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი, ვიდრე აბორტის კრიმინალიზაციაა. ეს არ არის სასპეკულაციო თემა”, - ამბობს არჩილ ხომასურიძე გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG