Accessibility links

logo-print
პრესაში ერთ-ერთ თემად რჩება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების იდეა. "რეზონანსი" წერს: "პრემიერს წასვლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევენ". სტატიის ავტორისთვის "საქართველოს ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელ სოსო ცისკარიშვილს უთქვამს: "მიუხედავად იმისა, როდის დაანებებს თავს პოლიტიკურ კარიერას ბატონი ივანიშვილი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი საქართველოს განვითარებისთვის, რადგან დღეს გვაქვს პარლამენტში ორი მმართველი პოლიტიკური ძალა და არც ერთი ოპოზიციონერი".

"ალიაში" ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. მარგველაშვილი აცხადებს: "ჩვენ მოვალე ვართ ერთმანეთს მივუთითოთ შეცდომაზე. გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თქვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, და ჩვენ, მთავრობას, გვაქვს ვალდებულება გვაკონტროლოთ, რამე არასწორად არ წავიდეს. რაც შეეხება იმას, იქმნება თუ არა საშიშროება ივანიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, თავად ივანიშვილმა თქვა, რომ, თუ ასეთი საშიშროებაა, თუ იქნება საშიშროების განცდა, ოღონდ რეალური და არა ეფემერული, ის არ წავა თანამდებობიდან". ამავე ინტერვიუში "ალიას" კორესპონდენტი გიორგი მარგველაშვილს მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაზეც ეკითხება. მარგველაშვილი პასუხობს: "ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა, თუმცა ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს".

"ახალი თაობა", ჯონდი ბაღათურია: "ბრმა ადამიანის სიარულს ჰგავს პოლიტიკაში ქვეყნის ლიდერის მოქმედება, როცა ის არ არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ინფორმაცია საიდან უნდა მიიღოს, ხალხს თუ არ შეხვდა? მლიქვნელების გარემოცვა, რაც მას ახვევია გარს, ის მლიქვნელები მას სიმართლეს არასდროს ეტყვიან. ეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც მას უნდა. მაგრამ ეს არის დამღუპველი. სიმართლის მოსმენა თუ უნდა, ხალხს უნდა შეხვდეს ან ოპოზიციას უნდა შეხვდეს". - ჯონდი ბაღათურია "ახალ თაობას" იმასაც ეუბნება, რომ, მისი აზრით, აუცილებელია გამოქვეყნდეს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რისი მთავარი მიზანიც, ბაღათურიას აზრით, ის უნდა იყოს, რომ "არ მოხდეს ვაჭრობა და გარიგება "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის".

"24 საათი" წერს: "სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გადაწყდება, თუ როდის განადგურდება უკანონოდ გადაღებული ფარული ჩანაწერები. სპეციალური კომისია პარასკევს შეიკრიბება. თუმცა უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შს სამინისტრო მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებს გაანადგურებს, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს", - წერს "24 საათი".

ამ თემაზე "რეზონანსს" ეუბნება სამართლის დოქტორი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი: "თუ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ასე მოწადინებული არიან დაესწრონ ამ განადგურებას, ეს მათ უნდა გააკეთონ სასამართლო განხილვის დასრულების და განაჩენის გამოტანის შემდეგ! მანამდე მათი მოწადინება უსაფუძვლოა და ყოველივე სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. თუ შსს-მ მაინც მოახდინა განაჩენამდე ამ მასალების განადგურება, გვექნება ასევე დანაშაული და ეს კარგად უნდა იცოდნენ როგორც სამინისტროს მესვეურებმა, ასევე არასამთავრობო სექტორმა".

"საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ევა გოცირიძეს ესაუბრა. ის ამბობს: "მმართველი ძალის მხრიდან სასამართლო შიდა საქმეებში ჩაურევლობა საკმარისი არ არის მისი დამოუკიდებლობის მისაღწევად. ვშიშობ, რომ საკუთრივ მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი მზად არ არის დამოუკიდებლობისთვის, უფრო სწორად - იმ პასუხისმგებლობის ასაღებად, რასაც "დამოუკიდებლობა" თუ "თავისუფლება" გულისხმობს". - ინტერვიუ ევა გოცირიძესთან "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG